პოლიტიკური იგავ-არაკები - კვირის პალიტრა

პოლიტიკური იგავ-არაკები

(სულხან-საბა ორბელიანისეულად)

გზების დამგები

ერთ ხალხს ცუდი დრო ედგა. მოვიდა კაცი ერთი და ჰკითხა მას ხალხსა, ხომ კარგი იქნება, გზები რომ დაგიგოთო?

ხალხმან მას მადლი უბოძა და მეთაურად აირჩია. მან კაცმან დააგო გზები. კიდევ უთხრა ხალხს, ხომ კარგად ვქმენ, გზები რომ დაგიგეთო? კიდევ უბოძა ხალხმა მადლი და კიდევ აირჩია მეთაურად. მესამედ კიდევ უთხრა, ხომ კარგად ვქმენო? მოსწყინდა მას ხალხსა, მივიდნენ და დაიწყეს გზების აყრა; ჰკითხეს, რადა შვრებითო? გზები დაგვიგო და ორჯერ ავირჩიეთ, მესამედ რომ აგვერჩია, ხომ დაგვარჩობდაო.

ენით დაკოდილი

უგულავა და უსუფაშვილი დაძმობილდნენ, აწვია უსუფაშვილმან მან გიგი იგი და აჩვენა ლხინი. გიგი დაეთხოვა. გამოესალმა. მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა გიგისთვის.

მას დიაცსა რა გიგი ეცნო, გვერდზე გადგა და თქვა: ტენდერების ჩამწყობ მერს ვერ ვეწყობიო!

წავიდა გიგი და მერმე უსუფაშვილი ეწვია; რაც მათ ეფერებოდათ, ისე იალერსეს. გიგიმ დაუჟინა, აიღე ეს შენი მანქანა და ჩემს მანქანას დააჯახეო! მან უსუფაშვილმან უარი თქვა. გიგი არ მოეშვა; დაჰკრა მანქანა და დააჯახა. გიგი მერიაში წავიდა, უსუფაშვილი - პარტიის ოფისში. მეორე თვეს ისევ შეიყარნენ. გიგის გამრთელებოდა მანქანა და უთხრა: ძმაო, შენი მანქანისაგან დაჭეჭყილი მანქანა გამიმრთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული - არაო!

ძუნწი და ბანკი

ერთმა ბიზნესმენმა დიდძალი ფული ბანკში შეიტანა. დღე ყოველი მივიდის ბანკსა და ნახის. შეამჩნივა მერაბიშვილმა და თქვა: მივიდე, ვნახო, რამდენი აქვსო. მივიდა, წაიღო ფული იგი და მის ადგილას ქვითარი დადო. მოუნდა კაცსა მას ფულის ნახვა, მივიდა, ნახა: ფულის ნაცვლად ქვითარი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება და წავიდა სასამართლოში; მოვიდა მოსამართლე იგი და ჰკითხა: რად სტირიო?

მან ბიზნესმენმა მიუგო: ფული ბანკში დავდე, მისულან და წაუღიათ, მის მაგივრად კი ქვითარი დაუდვიათო.

მოსამართლემ მან უთხრა: - ვაი, შენ, რად სტირი, მაგ ბანკში თუნდა ფული იდოს, თუნდა ქვითარი, ერთია, თუცა არ დახარჯავდიო!