ის სამშობლოსთვის ბრუნავს - კვირის პალიტრა

ის სამშობლოსთვის ბრუნავს

- რატომ მიგვაცემინე ხმა მთავრობისთვის? - მომცვივდნენ ერთ დღეს ჩემი მეზობლები და ჰექტორთან საბრძოლველად წასული აქილევსივით შემომხედეს.

- აბა, ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, ოპოზიციისთვის? - ვუპასუხე ასეთი კითხვებით გამობრძმედილმა და მეზობლებზე არანაკლებ პირქუში იერი მივიღე.

- შენ არ გვითხარი, ყველას სამუშაო ადგილი გექნებათ, ხელფასი ყველაფრისთვის გეყოფათ, ყველაფერი კარგად იქნებაო? - მომიჭრა სიტყვა ერთმა მეზობელმა.

- შაქარი ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე და ხელფასი აღარ მაქვს, - აჰყვა მეორე.

- შაქარს არ ვჩივი, დიაბეტი მაქვს, - ამოიოხრა მეორემ და თვალზე ცრემლი მოადგა, -  ხორცს იმხელა ფასი აქვს, ვეგეტარიანელი გავხდი.

- ნუ გეშინიათ, ხალხო, მთავრობა მოიფიქრებს რამეს, - ვთქვი მე და სასწრაფოდ შევედი სახლში.

სწორედ იმ საღამოს მთავრობამ გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის 20-ლარიანი დენის და 30-ლარიანი სურსათის ვაუჩერი დაერიგებინა! წელში ვატერლოოს ველზე მდგარი ველინგტონივით გავსწორდი და მეზობლებთან ჩავედი. დარცხვენილები ჩანდნენ.

- ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, სად არის ჭეშმარიტება? - დავიწყე მე, - ნუთუ ასე ძნელია მიხვდეთ, რომ ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი მთავრობა ჰყავს. ნუთუ არ გრცხვენიათ, სახლში რომ მომიცვივდით?

მეზობლებმა დაიმორცხვეს, ერთი მათგანი მომიახლოვდა და მითხრა, რომ შეცდა, მერე მეორე მომიახლოვდა და ქვითინით განმიცხადა, რომ მხოლოდ ახლა კი არა, სიკვდილის შემდეგაც მზად იყო, ჩაწერილიყო საარჩევნო სიაში და ხმა მიეცა მთავრობისათვის.

ყველას ვაპატიე და სახლში ავედი. რამდენიმე დღეში ყველას მოუვიდა ვაუჩერი. ყველანი ბედნიერები ვიყავით და ეზოში დომინოს მთავრობის შექებაზე ვთამაშობდით - წააგებდა ერთი ჩვენგანი და დაიძახებდა: - "რა ძლიერი მთავრობა გვყავს!" მერე სხვა წააგებდა და ის დაიძახებდა: - "70 პროცენტი ნაციონალებს!" მერე მესამე წააგებდა და შესძახებდა: - "რა ბედნიერი ხალხი ვართ!" ასე მხიარულად გავიდა რამდენიმე დღე.

ერთ მშვენიერ დილას, როცა სამსახურში მივდიოდი, ჩემს სადარბაზოსთან ორი კაცი შევნიშნე - ჩემს მრიცხველს დასდგომოდნენ და 5კმ/სთ სიჩქარით ატრიალებდნენ.

- რას შვრებით, ხალხო? - აღვშფოთდი მე.

- თქვენ ვინ ხართ? - შემომიბრუნეს კითხვა.

- მე ამ ბინაში მცხოვრები "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი გახლავართ, - ამაყად ვუპასუხე.

- ააა, -  წამოიძახა ერთმა მათგანმა და იმავე სიჩქარით მრიცხველი უკან დაატრიალა, - გვაპატიეთ, არ ვიცოდით.

გულზე მომეშვა. ინკასატორებმა ჩემს მრიცხველს კი დაანებს თავი, მაგრამ სხვა მრიცხველებზე გადავიდნენ.

- რას აკეთებთ? - ისევ გადავირიე მე.

- კაცო, შენ რა გინდა? - გამიბრაზდა ერთი, - ხომ დავატრიალე შენი მრიცხველი უკან, ახლა ვის მრიცხველსაც ვატრიალებ, ზუსტად ვიცი, რომ ლეიბორისტია.

- მერე?

- რა, მერე, მთავრობამ რომ ვაუჩერები დაარიგა, ის ბიუჯეტში არ უნდა დაბრუნდეს? - დამისვა ჩამჭრელი კითხვა ინკასატორმა.

- კი მაგრამ, ის ხომ გვაჩუქეს?

- რა თქმა უნდა, გაჩუქეს, - გაეცინა მეორეს, - მაგრამ შენ ეკონომიკა იცი? დიდი ფულის მასებში გაშვება იწვევს ინფლაციას, შენ გინდა, რომ შაქარი 8 ლარი გახდეს? არ იცი! მტერი რომ 40 კმ-ში დგას?

- ჰო, მაგრამ... - ავლუღლუღდი მე.

- არავითარი მაგრამ!.. - მკაცრად შემაწყვეტინა ინკასატორმა - მაკრო და მიკროსაფინანსო კეთილდღეობისა და ეკონომიკური ინდექსის რეიტინგის წინსვლისთვის საჭიროა ფული დაუბრუნდეს სახელმწიფოს! - დაასრულა ჩემი ეკონომიკური განათლება.

მეორე დღეს ყველას ქვითრები მოგვივიდა. მე - ბევრი არაფერი, მაგრამ ჩემი მეზობლების ბოლო გადასახადი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა სამი თვის ერთად... გასაკვირი არაა, რომ აღშფოთდნენ და ისევ სახლში მომიცვივდნენ.

- რა არის ეს? - დაიწყო ყვირილი ჩემმა ლეიბორისტმა მეზობელმა, რომლის გადასახადი ოთხჯერ აღემატებოდა წინა სამი თვისას.

- არაფერი, ხალხო, - გამეღიმა მე.

- რა არაფერი! -  აყვირდა ახლა სხვა, - 20 ლარის ვაუჩერი მომცეს და ახლა 50 ლარით მეტს მახდევინებენ?

- ხალხო, გაჩუმდით! - ავყვირდი მეც, - თქვენ იცით, რა არის მიკრო და მაკროეკონომიკა?

- კი, ვიცი, - მითხრა ერთმა.

- ჰოდა, თუ იცი, ისიც გეცოდინება, რომ ეკონომიკური ინდექსის რეიტინგის წინსვლისთვის საჭიროა ფული დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

- ეგ მართალია, - ხელები უმწეოდ გაშალა ეკონომისტმა მეზობელმა.

- და ახლა თქვენ გინდათ, რომ ეკონომიკა ჩამოიშალოს და ისევ წყვდიადს დავუბრუნდეთ? - ხმას  ავუწიე მე.

- არ გვინდა! - ერთხმად დაიძახეს ჩემმა მეზობლებმა.

- ჰოდა, თუ არ გინდათ, გადავიხადოთ გადასახადები და ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის შენება, გახსოვდეთ, ეს მრიცხველი სამშობლოსთვის ბრუნავს!

ყველანი დავიშალეთ, გადასახადებიც პირნათლად გადავიხადეთ. ახლა ეზოში ისევ ვთამაშობთ  ნარდს და მთავრობის ეკონომიკური წინსვლის შესახებ შეძახილები გვიტკბობს ყურთასმენას.

- ჩვენ რეიტინგებში პირველი ვართ! - იტყვის ერთი წაგებული.

- ჩვენი ეკონომიკური ინდექსი ნორვეგიის შემდეგ პირველია! - ამბობს მეორე.

- საქართველოში მონოპოლიები არ არის! - შესძახებს მესამე.

- 2013 წელიც მალე დადგება! - ვამბობ მე, რადგან ხანდახან მეც ვაგებ.