ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

მელოტი საყვარელი

ჩემს მეზობლად ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გივი და ლეილა. ცოლი მეტად კაპასი ქალია, ქმარი კი - ბუნჩულა და შრომისმოყვარე. თუმცა ქალი მაინც ყოველდღე ეჩხუბება საწყალ კაცს, მიზეზი კი ერთი და იგივეა - ეჭვიანობა. შევწუხდით მეზობლები და ერთხელაც გივის ვკითხეთ, რა საბაბს აძლევდა ეჭვიანობისთვის ლეილას და მეტად უცნაური პასუხი მივიღეთ: - ყოველდღე ჩემს პიჯაკზე თმას ნახულობს და მეჩხუბება, საყვარელი გყავსო.

მეზობლებმა ვურჩიეთ, სახლში მოსვლამდე პიჯაკი გაეწმინდა. ჭკუაში დაუჯდა ჩვენი რჩევა, მეორე დღეს ეზოში საგულდაგულოდ გაწმინდა პიჯაკი და სახლში ისე შევიდა, თუმცა სულ მალე ისევ გაისმა ლეილას ყვირილი, ამჯერად გივიმაც უპასუხა და იძულებულები გავხდით, მათთან შევსულიყავით. გივი გაოგნებული დაგვხვდა: - ეძება პიჯაკზე თმა და რომ ვერ აღმოაჩინა, მითხრა, ახლა მელოტი საყვარელი გაიჩინე ალბათო!

ზვიად ცაგარეიშვილი, თბილისი

KvirisPalitra.Geწიწილები სადაა?

ჩემი მეზობელი ტარიელ ბ-ძე ყოველმხრივ კარგი კაცია, იუმორიც კარგი აქვს და სოფლის კოლორიტადაც სამართლიანად ითვლება, ეგაა ოღონდ, ენას უკიდებს და თანაც - საკმაოდ. ერთ დღეს ტარიელის ცოლი ბაზარში წავიდა და ქმარს საოჯახო საქმეების მოგვარება დაავალა: აბა შენ იცი, 30 ახალი წიწილა გვყავს, ეზოში გამოიყვანე და თვალი ადევნე, თვლით გაბარებ და ზუსტად 30 რომ არ დამხვდეს, არ ვიცი, რას გიზამო. საღამოს ბაზრიდან დაბრუნებულ ცოლს საზარელი სურათი დახვდა - ეზოში მხოლოდ 3 წიწილაღა დარბოდა.

- ტარიელ, რა არის, შე სასიკვდილე, ეს? სად გაქრა ჩემი წიწილები?! - შეჰკივლა ქალმა.

- რრრა ვქნა ქქქალო, ქქქორრრი მმმოფრინდა და სსსანამ მე ჰჰჰჰაუ დდავიძახე, ათი გზა გგგააკეთა! - თავი იმართლა ტარიელმა.