ერთხელ კლინიკაში - კვირის პალიტრა

ერთხელ კლინიკაში

შუაღამით კბილი ისე ამტკივდა, რომ კედელზე კი არა, ჭერზე გავედი, რითიც ჩემი შვილების მხიარული შეძახილი - "მალადეც, მამა!" და ჩემი ცოლის - "ვაი, შენს პატრონს!" დავიმსახურე.

მეორე დღეს მივიღე ურყევი გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი სტომატოლოგთან და კბილი ამომეღო.

სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინოდა ექიმების, მაგრამ მაინც მივედი ქალაქში არცთუ ისე ცნობილ კლინიკაში, სადაც სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ ერთი ოთახიდან მოისმოდა რამდენიმე ადამიანის ჩუმი საუბარი. ფრთხილად გავემართე ოთახისკენ და კარი შევაღე. იქ მყოფები, რა თქმა უნდა, ექიმები აღმოჩნდნენ. ორი მათგანი ნარდს თამაშობდა, სამი - ყავას სვამდა, დანარჩენები რაღაცაზე საუბრობდნენ. ჩემს დანახვაზე სიხარულისგან რამდენიმე მათგანს ყიჟინა აღმოხდა, ყველამ მიატოვა თავისი საქმე და მე მომცვივდნენ:

- რაიმე გტკივათ? - იმედიანად შემეკითხა ერთი მათგანი.

- კბილი... - ვუთხარი მე და მეტი დამაჯერებლობისთვის ყბაზე მივიდე ხელი.

ხუთი მათგანი ბუზღუნით გამეცალა, ერთმა ისიც ჩაილაპარაკა - ზოგს რა ბედი აქვსო და დარჩენილ სამს შურით შეხედა. მეც შევხედე ამ სამს და ვკითხე:

- თქვენ ხართ სტომატოლოგები?

- დიახ, ჩვენ ვართ, ოღონდ ერთი წუთით გვაცალე, - მითხრა ერთმა, მერე დანარჩენებს მიუბრუნდა და "არიოლ-რეშკა" გააჩაღა. თამაშიდან რამდენიმე წუთში სამი ექიმიდან ერთმა იყვირა: "იეს!" მერე მე მომიბრუნდა და თვალცრემლიანმა და ბედნიერებისგან ავარდისფრებულმა მითხრა:

- თქვენ ჩემი კლიენტი ხართ!

ჩემთვის სულერთი იყო, ვისი კლიენტი ვიყავი, ამიტომ ზემოთ ხსენებულ ექიმს გავყევი, რომელმაც ოთახში შემიყვანა და კარი საგულდაგულოდ გადაკეტა. მერე მე მომიბრუნდა და მკითხა:

- რამდენი კბილი გტკივათ?

- ერთი კბილი მტკივა, ექიმო... - გამიკვირდა მე

- შეუძლებელია, - შემეპასუხა ექიმი, - მინიმუმ, 4 კბილი უნდა გტკიოდეთ.

- არა, ექიმო... - შემეშინდა მე.

- კარგი, წავალ დათმობაზე, - გამიღიმა ექიმმა, - ორს ამოგიღებ, არც შენი, არც - ჩემი.

შევთანხმდით და სტომატოლოგმა 2 კბილი ამომიღო, ფული გადავიხადე და ის-ის იყო, უნდა წავსულიყავი, რომ ოთახში უილიამ უოლოსივით შემოიჭრა  ტრავმატოლოგი და სენსაციური განცხადება გააკეთა:

- თქვენ ცალ ფეხში ამონაზარდი გაქვთ, ახლავე თუ არ გიმკურნალეთ, ხვალ გვიან იქნება!..

Mმე რაღაც მინდოდა მეპასუხა, მაგრამ ექიმმა არ დამაცადა, ხელი მტაცა, თავის კაბინეტში შემიყვანა, დივანზე დამაწვინა და ჩაქუჩის რტყმა დამიწყო; მერე სინანულით შემომხედა და არაფერია საშიშიო, მითხრა; სამაგიეროდ, კონსულტაციისთვის 30 ლარი გამომართვა და გამომიშვა. ისე ვიყავი შეშინებული, რომ უკვე ქურდული ნაბიჯებით მივიწევდი გასასვლელი კარისკენ.

- ჰაიტ! - მომესმა უცებ გამყინავი ხმა, - სად მიიპარები, უნამუსო, თავის ტომოგრაფია არ უნდა გადაიღო?

დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით დავიმორცხვე, მორჩილად შევედი კაბინეტში და თავის ტომოგრაფია გადავიღე, ექიმმა 70 ლარი გამომართვა, შენ გეგონა გამექცეოდიო? - მითხრა და გამომიშვა.

ყველაფერი დამთავრებული მეგონა, მაგრამ ზუსტად შესასვლელთან თეთრხალათიანი გადამიდგა -  ხელში უზარმაზარი მაკრატელი ეჭირა და თვალებს ავად აბრიალებდა:

- თქვენ რისი ექიმი ხართ? - ვკითხე თეთრხალათიანს შეშინებულმა.

- მე ექიმი არ ვარ, - მითხრა მან.

- აბა?

- მე ამ კლინიკის პარიკმახერი ვარ და თმა უნდა შეგისწოროთ.

დავმორჩილდი და თმა შევიჭერი, რის შემდეგაც კლინიკის ყველა თანამშრომელი შეთანხმდა, რომ თავისუფალი ვიყავი, მხოლოდ ტრანსფუზიოლოგი (სისხლის გადასხმის ექიმი) ბუზღუნებდა, ბარემ სისხლიც გადაგვესხაო.

სანამ სისხლსაც გადამისხამდნენ, სასწრაფოდ გავიქეცი კლინიკიდან, უკან კი ჩემი სტომატოლოგის ხმა მომესმა, ტრანსფუზიოლოგს ამშვიდებდა:

- ნუ გეშინია, სულ სხვა კბილები ამოვუღე მე მაგას და ხვალ ისევ აქ არ მოვა? მერე გადაუსხი სისხლი.