არაყი საიქიოში - კვირის პალიტრა

არაყი საიქიოში

ჩემი ბიძაშვილი, ცხონებული რეზო, მრავალშვილიანი ოჯახის პატრონი, უაღრესად შრომისმოყვარე და კეთილი კაცი იყო, მაგრამ ჰქონდა ერთი ნაკლი - ზოგჯერ ოტკას გადაჭარბებულად ეტანებოდა, რისთვისაც ცოლი, ნაილი ქოქოლას დააყრიდა ხოლმე.

ერთხელ რეზოს, ყანიდან მომავალს, ნათლიასთან, რობერტთან შეუვლია და შინ მაგრად "გადასწორებული" დაბრუნებულა. ნაილის ნამზითვი ქვეშაგები ტახტ-საბარგულიდან ამოუღია და გასამზეურებლად გაუფენია, ტახტ-საბარგული კი ჯოხით ბიჯგმიცემული თავახდილი დაუტოვებია. რეზო, როგორც მიჩვეული იყო, საბარგულთან მიბარბაცდა და ზედ წამოწვა, თუმცა თავი ვეღარ შეიკავა და შიგ ჩავარდა; უცებ სახურავს ბიჯგიც გამოეცალა და საბარგული დაიხურა. ასე დარჩა რეზო საბარგულში ჩაკეტილი. ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც.

დილით რეზომ გაიღვიძა - ირგვლივ სიბნელეა; ხელები მიუსვ-მოუსვა - ზევით, ქვევით, ყველა მხარეს ფიცრის კედლებია, ნამდვილად მოვკვდი და კუბოში ვწევარო, გაიფიქრა საწყალმა და დაიყვირა:

- ხალხნო, გამაგებინეთ, სადა ვარ?

- მიწაში ხარ, მიწაში, - შეაგება ნაილიმ, რომელიც დილით ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ამზადებდა.

რეზო საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოკვდა და საიქიოში იყო:

- თქვენ აქ დიდი ხანია იმყოფებით, ქალბატონო? - ზრდილობიანად შეეკითხა რეზო.

- 25 წელია ამ ტანჯვაში ვარ, ბედი არ მქონია, ბედი! - საფანტივით მიაყარა ნაილიმ.

- თუ ეგრეა, შენ გეცოდინება, ოტკას აქ, ახლომახლო, ვინ ყიდის? - ამოილუღლუღა პახმელიისგან ენაგამშრალმა რეზომ.

მამია ყვირილისპირელი, ბოსლევი.