პარადოქსია, მაგრამ ფაქტია... - კვირის პალიტრა

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია...

გაგიგიათ ალბათ, ჩვენი მთავრობისგან, რომ ჩვენ არა მარტო დემოკრატიული ქვეყანა, არამედ დემოკრატიის შუქურაც ვართ! სამაგიეროდ, ოპოზიციისაგან გაგვიგია, რომ დემოკრატია კი არა, ჩვენს ქვეყანაში დიქტატურაა! ჩვენ დავაკვირდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს და დავასკვენით, რომ არც ერთი მხარე არ არის მართალი.

ჩვენთან, მართალია, დემოკრატია არ არის, მაგრამ არც დიქტატურაა. ჩვენ გვაქვს ყველასგან განსხვავებული ქვეყანა, სადაც კაცობრიობის მიერ აქამდე გამოგონილი არც ერთი სახელმწიფო წყობა არ მოქმედებს. ჩვენ ჩვენებური დემოკრატია გვაქვს, ყველასაგან განსხვავებული... ფაქტები გინდათ? კი, ბატონო! ვნახოთ, რა და როგორ არის უცხოეთის დემოკრატიულ ქვეყნებში და შევადაროთ იმას, რაც არის ჩვენთან.

დემოკრატიულ ქვეყნებში - ჯერ ატარებენ არჩევნებს და მერე აცხადებენ გამარჯვებულ პარტიას.

ჩვენთან - ჯერ ვაცხადებთ გამარჯვებულ პარტიას და მერე ვატარებთ არჩევნებს.

დემოკრატიულ ქვეყნებში - კონკურენტ ტელევიზიებს სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ.

ჩვენთან - კონკურენტ ტელევიზიებს ერთნაირი ინფორმაცია აქვთ.

დემოკრატიულ ქვეყნებში - ხალხს 2012 წლის დადგომის ეშინია.

ჩვენთან - ხალხს 2013 წლის დადგომის ეშინია.

დემოკრატიულ ქვეყნებში - მსოფლიო ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასის დაცემა მოსახლეობას უხარია.

ჩვენთან - სულერთია.

დემოკრატიულ ქვეყნებში - ხიდებს იმიტომ აგებენ, რომ ხალხმა იაროს.

ჩვენთან - ხიდებს იმიტომ აგებენ, რომ ხალხმა უყუროს.

დემოკრატიულ ქვეყნებში - ქალაქის იერსახეს სხვადასხვა დანიშნულების მრავალსართულიანი  ნაგებობებით ალამაზებენ.

ჩვენთან - ქალაქს პოლიციის შენობებით ალამაზებენ.

დემოკრატიულ ქვეყნებში - დაპირისპირებული პოლიტიკოსები ერთმანეთისთვის პასუხის გასაცემად მასმედიას იყენებენ.

ჩვენთან - ამ მიზნით უცხო ქვეყნის აეროპორტს იყენებენ.

დემოკრატიულ ქვეყნებში - პრიორიტეტულ დარგს ასწლეულების მანძილზე ავითარებენ.

ჩვენთან - ყოველ წელს ვავითარებთ.

დემოკრატიულ ქვეყნებში - უწყების ხელმძღვანელი იმავე უწყების თანამშრომელს პრემიას უწერს კარგი მუშაობისთვის.

ჩვენთან - უწყების ხელმძღვანელი თავის თავს უწერს პრემიას და ჰგონია, რომ კარგად მუშაობს.

დემოკრატიულ ქვეყნებში - მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურს მრიცხველების მიხედვით ახდევინებენ.

ჩვენთან - ბიუჯეტის დანაკლისის მიხედვით.

დემოკრატიულ ქვეყნებში - სასამართლო პროცესზე ერთი მოსამართლე და ერთი პროკურორია.

ჩვენთან - ორი პროკურორი

დემოკრატიულ ქვეყნებში - ადამიანი რომ გარდაიცვლება, საარჩევნო სიიდან იღებენ.

ჩვენთან - ადამიანი რომ გარდაიცვლება, საარჩევნო სიაში შეჰყავთ.

დემოკრატიულ ქვეყნებში - ტელეფონზე ვისაც ურეკავ, მხოლოდ ის გისმენს.

ჩვენთან - ტელეფონზე ვისაც ურეკავ, ის გისმენს და კიდევ ერთი.

დემოკრატიულ ქვეყნებში - ტენდერებში ბიზნესმენები იმარჯვებენ.

ჩვენთან - ტენდერებში იმარჯვებენ პოლიტიკოსები (როგორც წესი, მმართველი პარტიის წევრები).