ხელფასი და ფასები - კვირის პალიტრა

ხელფასი და ფასები

- ხელფასი ავიღე, ძვირფასო! - ვახარე სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს.

- მართლა? - თვალები აუწყლიანდა მას და ფურცელს დასწვდა: - აქ დაგიწერ, სააღდგომოდ რა გვჭირდება და მოიტანე...

- კარგი, ძვირფასო, მოვიტან, - შევპირდი მე, ფურცელი გამოვართვი და ბაზარში წავედი. მისვლისთანავე თვალში შაქრის დახლი მომხვდა, სადაც გამყიდველს ფასის მაგივრად შემდეგი წარწერა გაეკეთებინა: "მაპატიეთ". სიას გადავხედე და შაქარი ვიყიდე, რამაც ჩემს მარცხენა ჯიბეში კომუნალური გადასახადებისთვის გადადებული თანხა მთლიანად შეიწირა, თუმცა მარჯვენა ჯიბეში ჯერ კიდევ მქონდა ფული და კარტოფილის დახლს მივადექი.

- რა ღირს კარტოფილი? - ვკითხე გამყიდველს.

გამყიდველმა დამცინავად ამათვალიერა და, არ ხარ შენ მყიდველიო, - მითხრა.

- როგორ არ ვარ, ნაღდი ფული მაქვს! - გავბრაზდი მე და გამყიდველს, რაც მარჯვენა ჯიბეში ფული მქონდა, სულ დავანახე. მან ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ფული გამომართვა, ერთი ტომარა კარტოფილით ამივსო, მერე ზურგზე ხელი შემომკრა და მითხრა:

- საღოლ, ძმაო, შენ, კაი ფულის პატრონი ყოფილხარ, ალბათ, კაცი გყავს ზევით, მთელი 12 კილო კარტოფილი იყიდე, ღმერთმა ბევრი გაშოვნინოს.

შევიფერე და ზეთის დახლისკენ გავემართე:

- 5 ლიტრი ზეთი მომეცით, რა... - ვთხოვე გამყიდველს და ფული მივაწოდე. გამყიდველმა ჯერ მე შემომხედა, მერე ჩემს მიწოდებულ ფულს დახედა და მითხრა:

- ეს ფული ზუსტად 870 გრამი ზეთის სამყოფია.

- მომეცით, რაც არის, - ამოვიოხრე მე და ცოლის დაწერილ სიას დავხედე: "ტუფლები ჩემთვის" - ეწერა სიის თავში. საწერი კალამი ამოვიღე და ,,ტუფლები ჩემთვის" სწრაფად წავშალე; მერე ამას მივაყოლე ბავშვის ბურთი და დედაჩემის თავშალი და ასე სეკვესტრირებული სიით ხორცის დახლს მივადექი. ხორცის გამყიდველმა რომ დამინახა, ხორცის ყიდვას ვაპირებდი, სახე აუვარდისფრდა და მკითხა:

- თქვენ პარლამენტარი ხართ?

- არა, - ვუპასუხე მე,

- აბა, მინისტრი?

- არა.

- აბა, მმართველი პარტიის წევრი?

- არა, ბატონო.

დახლიდარმა ეჭვით შემომხედა, მერე ტელეფონი აიღო და პატრულს დაურეკა.

- რა გნებავთ, მოქალაქევ?! - გაიჯგიმა  ხუთიოდე წუთში ჩვენ წინ პატრული.

- როგორ თუ, რა მნებავს, - ენის ბორძიკით უპასუხა ხორცის გამყიდველმა, - ეს ბატონი არც პარლამენტარია, არც მმართველი პარტიის წევრი და არც მთავრობაშია და მთელი 2 კილო ხორცის ყიდვას აპირებს... ეტყობა, ქურდია ან გადასახადებს უმალავს ქვეყანას.

პატრულმა ერთი დაიძახა, უნამუსოო, მერე ხელები გადამიგრიხა და მანქანაში ჩამაგდო, სადაც ჩემ გარდა ერთი ტომარა შაქრის მყიდველი ეჭვმიტანილი ჰყავდათ დაკავებული.

ჩემი ბედი, რომ უბნის ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ჩემი ძველი ნაცნობი იყო. როგორც კი ჩემ შესახებ შეიტყო, პოლიციის განყოფილებაში მოვიდა და თავდებით გამათავისუფლა, მერე კაბინეტში შემიყვანა და მკითხა:

- რა ბიზნესი გაქვს, კაცო, ამნაირი?

- არაფერი... - თვალები ამიცრემლდა მე, - ხელფასი ავიღე დღეს და სულ დავხარჯე, ხვალ რა ვქნა, არ ვიცი, იქნებ დამეხმაროთ რამეში...

თავმჯდომარემ ამოიოხრა, მერე წნევის აპარატი მოიტანა, წნევა გაიზომა და მითხრა: აი, 120 მაქვს 80-ზე, საერთოდ კი - 117 მაქვს 76-ზე. შენმა გაჭირვებამ, ხომ ხედავ, წნევა ამიწია, მაგრამ რა ვქნა...

- დამეხმარეთ, გთხოვთ... - ისევ გავიმეორე მე.

- როგორ დაგეხმარო, ფული არ გვაქვს. აი, ჩვენი ბიუჯეტი სულ 1.110.000-ია. სამსახურის მანქანა დამიძველდა, 2010-იანია და ახალი უნდა ვიყიდოთ, ხელფასი სულ რაღაც 3.000 ლარი  მაქვს და 50.000 ლარი პრემია არ მინდა? რომელი ამოვაგდო აქედან, შენ ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი სამშობლოსთვის კეთდება!

ვერაფერი ვთქვი, მართალი იყო თავმჯდომარე...

დაღონებული გამოვემშვიდობე და სახლში წავედი.

- ტუფლი მიყიდე? - შემეგება ცოლი და იმედიანად შემომხედა.

- კარტოფილი გიყიდე, ძვირფასო, და ხორცი... - გავახარე მე და პროდუქტი მივაწოდე, მერე დივანზე წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე. პრეზიდენტი გამოდიოდა:

- ჩვენთან ღარიბი არ არსებობს, ჩვენ ვვითარდებით, პირველ ადგილზე ვართ რეიტინგებში, - ამბობდა ის...

"კარგა ხანია, ინფორმაციისთვის არ მომისმენია, ალბათ, ჩვენი პრეზიდენტობა მოსწყინდა და ახლა ევროპის რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტია," - გავიფიქრე მე და ამ იმედით დავიძინე...