ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ქსეროქსი

თბილისის ერთ-ერთ უბანში არის პატარა მაღაზია, სადაც საკანცელარიო ნივთები იყიდება. გამყიდველად მუშაობს ჩემი ნაცნობი გოგონა, რომელმაც მითხრა, რომ ქსეროქსის აპარატი არ გვაქვს, მაგრამ იმდენჯერ შემოდიან და კითხულობენ ქსეროქსს, რა ვქნა, აღარ ვიციო. მეც ვურჩიე, კარზე შესაბამისი აბრა გაეკეთებინა. მართლაც, მეორე დღეს მაღაზიას რომ ჩავუარე, ასეთი წარწერა დამხვდა: ,,ქსეროქსი არ გვაქვს!". არ ვიცი, რა მოხდა მომდევნო დღეებში, მაგრამ მაღაზიაზე გაკრული აბრებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ხალხმა მაინც არ შეწყვიტა ქსეროასლების გადაღების მოთხოვნა. მალე მაღაზიაზე ასეთი წარწერა გაჩნდა:

”ქსეროქსი არ არის, არც გვქონია და არც ვაპირებთ შეძენას"; რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევნიშნე ახალი წარწერა: "ქსეროქსი არ არის, არც გვქონია და არც ვაპირებთ შეძენას!  არც ის ვიცით, ახლომახლო სადმე არის თუ არა!"

გამყიდველის მოხერხებულობით მოვიხიბლე, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამან გაამართლა, რადგან ერთი კვირის შემდეგ სამივე წარწერის ნაცვლად ერთი დამხვდა:

"ქსეროქსი. ერთი ფურცლის გადაღება 2 ლარი."

ზ. ცაგარეიშვილი, თბილისი

KvirisPalitra.Geსახანძროა?!

ეს ამბავი კომუნისტების დროს იმერეთის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. მოგეხსენებათ, მაშინ სახანძროში ძალზე პოპულარული იყო დომინო და "პაჟარნიკებიც" პროფესიონალი დომინოს მოთამაშეები იყვნენ. უამრავი ანეკდოტი შეიქმნა მათზე. ყველაზე პოპულარული იყო ერთ-ერთი მათგანი: რატომაა მეხანძრეების ვედრო წვეტიანი? - იმიტომ, რომ მასზე დომინო არ ითამაშონ.

არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ანეკდოტი, მაგრამ ის, რაც ახლა უნდა გავიხსენო, ნამდვილად მოხდა და მგონი, კურიოზზე მეტად პარადოქსი უფროა. მოკლედ, იმერეთის ერთ-ერთ რაიონში არც მეტი, არც ნაკლები, სახანძროს შენობა დაიწვა.

მეხანძრეები შენობაში იმყოფებოდნენ და არავინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა ადგილობრივი მოსახლეობა. მათ მეზობელი რაიონის სახანძრო გამოიძახეს და როგორც იქნა, მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა. მეხანძრეები უვნებლად გადარჩნენ, თუმცა უფროსებისგან მკაცრად კი მოხვდათ.

გიორგი ბ-ძე, იმერეთი