"რუსეთი არის ათაშანგი, ამერიკა - ციება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი არის ათაშანგი, ამერიკა - ციება"

პოლიტიკური სიტუაცია თანდათან ცივილიზებულ ფაზაში შედის. ოპოზიციის ნაწილმა საარჩევნო მარათონისთვის მზადება უკვე დაიწყო. ნაწილი ისევ "ქუჩურს აწვება", მაგრამ ოპოზიციის ამ ნაწილს ფართომასშტაბიანი მიტინგების ჩატარების შანსი თანდათან უმცირდება.

ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, ეს შემოდგომა შესაძლოა, "უინტერესო" გამოდგეს და ბრძოლა პარლამენტში გაგრძელდეს, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტში "ცხოველი დებატების" გამმართავი დეპუტატები აღარ არიან, გამოდის, გასართობად მხოლოდ სერიალები გვრჩება. არადა იყო დრო, როცა პარლამენტში ორივე მხრიდან ისეთი "იშვიათი" დეპუტატები იყვნენ, მათი "კამათის" მოსმენას არაფერი სჯობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას ღრმად განათლებული უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები აკეთებდნენ და ხშირად ისეთი ფილოსოფიური სიტყვებით "ამკობდნენ" ერთმანეთს, კარგად თუ არ მოუსმენდი, ვერ მიხვდებოდი, ქება იყო ეს თუ ლანძღვა. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ერთ-ერთი ასეთი იშვიათი ექსდეპუტატი, ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი გახლავთ.

- მოგესალმებით ბატონო ნოდარ, როგორ ბრძანდებით?

- გმადლობთ, კარგად, საინტერესოა რამ გაგახსენათ ჩემი თავი?

- პარლამენტის სხდომას ვუყურებდით, დეპუტატების გამოსვლას ვუსმენდით და გაგვახსენდით. ბოლო დროს აღარ ჩანხართ პოლიტიკურ ასპარეზზე, რატომ?

- რა გითხრათ, ეს ძალიან იოლი ასახსნელია. ამჟამად მე ვარ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა-არგამოჩენა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა ფუნქციას ასრულებ. მე მრჩეველი ვარ.

- გასაგებია, მაგრამ ამბობენ, პრეზიდენტი არავის რჩევას არ ითვალისწინებსო და თუ მართლა ასეა, დიდად დატვირთული არ იქნებით.

- გააჩნია რჩევებს. თუ ჭკვიანურ რჩევას მისცემ, რატომ არ გაითვალისწინებს?

- მრჩეველთა საბჭო რომ ჰყავდა, იმ საბჭოს წევრები ამბობენ, არ ვჭირდებოდით და დაგვშალაო.

- მრჩევლის ფუნქციაა რჩევის მიცემა. ზოგს გაითვალისწინებს, ზოგს არა. როცა რომელიმე რჩევას არ გაითვალისწინებს, გამოხვალ ტელევიზიით და იტყვი ამის შესახებ, დაგშლის, აბა, რას იზამს. ამ შემთხვევაში შენ მრჩეველი კი არა, პოლიტიკური ოპოზიცია ხარ.

- ესე იგი, მრჩევლობიდან ოპოზიციამდე ერთი ნაბიჯია?

- თუ კაცთან გულით ხარ, ძალიან დიდი მანძილია, თუ მიგზავნილი ხარ, მაშინ ერთ ნაბიჯზე ცოტა.

- ბატონო ნოდარ, იცით რა გვაინტერესებს? თქვენ თავიდანვე იყავით პრეზიდენტის გუნდის წევრი, იმ გუნდიდან უკვე ცოტანი დარჩით. რატომ ხდება ასე?

- კარგი შეკითხვაა. მიფიქრია მაგაზე მე... რატომ ხდება და არიან ისეთები, რომლებიც თავიანფეხიანად არიან გადავარდნილი პოლიტიკაში. პოლიტიკა კი, სამწუხაროდ, ძმობისა და მეგობრობის პრინციპს არ ითვალისწინებს. ეს მუდამ ასე იყო. თუ გავიხსენებთ ჩვენს ისტორიას, ყოფილა შემთხვევა, მეფემ დაიბარა ნადიმზე თავისი სიძე და გამოსჭრა ყელი. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ასე რომ, პოლიტიკა ყოველთვის დაუნდობელია.

- ალბათ ეს ამბავი იცოდა კარგად ჩვენმა ოპოზიციამ და იმიტომაც არ მიდიოდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე.

- ახლა სხვა დროა და დასჯის ფორმები შეიცვალა, თორემ შინაარსი იგივე დარჩა. ჭეშმარიტი პოლიტიკოსი ყოველთვის ოცნებობს, როდის გამოეცლება მეორე ჭეშმარიტ პოლიტიკოსს ფეხქვეშ მიწა.

- ანუ რა გამოდის, როგორები ყოფილან პოლიტიკოსები?

- პოლიტიკოსები ცივსისხლიანი ხალხია.

- თქვენც ასეთი ხართ?

- ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა. მე პოლიტიკაში მივედი მწერლობიდან და ლიტერატურიდან. თუ მომიხდება აქედან წასვლა, დავბრუნდები უკან. ყოველთვის გული მისკდებოდა, როცა ვხედავდი, როგორი დაუნდობელი ბრძოლა მიდიოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის. ერთი ნამდვილად მაქვს საამაყო - არასოდეს არც ერთი შიდა დაჯგუფების წევრი არ ვყოფილვარ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელები იმიტომაც არიან ოპოზიციაში, რომ პოლიტიკოსებად მიიჩნევენ თავს. მითხრა კიდეც ერთმა, პოლიტიკიდან რომ წავიდე, მერე რა ვაკეთოო.

- ეგ მართალია. რამდენი ასეთი პოლიტიკოსი გვყავს, არა?

- ადამიანის უბედურება ის კი არ არის, სხვა პროფესია რომ არა აქვს, უბედურება ისაა, სხვაგან რომ ვერ წარმოუდგენია თავი, სულ მწვერვალზე რომ უნდა ყოფნა! ამაში საზოგადოებაცაა დამნაშავე. 23 წლის ბიჭს ჭარმაგი ხალხი რომ წამოუდგება ფეხზე და ეტყვის, შენ ხარ გენიოსი, შენისთანა მოვლენა დედამიწაზე არ ყოფილა, ვინაიდან ახლა მინისტრი ხარო, მერე სხვა 23 წლის ბიჭი ფიქრობს, ეს თუ მინისტრია, მე რატომ არ შეიძლება სახლმმართველი ვიყოო.

- ბატონო ნოდარ, წინა მოწვევის პარლამენტი გავიხსენოთ. თქვენი და ლევან ბერძენიშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ხალხი ამბობდა, ეს ორი კაცია ამ პარლამენტში განათლებული და მაინცდამაინც ამათ იჩხუბესო. სულ გვაინტერესებდა, რა მოხდა მაშინ?

- სხვათა შორის, მას შემდეგ დღეს პირველად მომეცა საშუალება ავხსნა, რა მოხდა მაშინ. მოკლედ მოგახსენებთ, პრეზიდენტს რომ შეეშალა ლექსის ავტორი, ხომ გახსოვთ?

- მაგას რა დაგვავიწყებს...

- მაგასთან დაკავშირებით გვქონდა დებატები პირდაპირ ეთერში. ლევანი ძალიან აქტიურობდა. მე მინდოდა მეთქვა, რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს და მათ შორის ლევან ბერძენიშვილსაც-მეთქი, და მზად მქონდა მისი წიგნიდან ციტატა, რომელიც დიდი შეცდომა იყო, მაგრამ რა მოხდა მერე? ამისთვის ის არავის დაუსჯია. მან კი ალბათ იფიქრა, რომ მე ხელთ მქონდა მისი კა-გე-ბესთან თანამშრომლობის დოკუმენტი. ამიტომ, არ დამაცადა სიტყვის თქმა და არაკაცი ხარო, მითხრა.

- ეს იყო სულ? მაგის გამო იჩხუბეთ ამხელა ინტელექტის მქონე ხალხმა?

- ეს სიტყვა რომ მითხრა, ინტელექტუალობაზე აღარ ვფიქრობდი. თავში  მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა, ეს ახლა აქვე მოვკლა პირდაპირ ეთერში თუ გადაცემის დამთავრების შემდეგ-მეთქი.

- ახლაც ემუქრებით?

- არა, არა! დრო რომ გავიდა, გადამიარა. თანაც დავფიქრდი და მივხვდი, რომ ბერიკაცების ჩხუბი მთლად სახარბიელო არ არის.

- ახლა ასეთ შეკითხვას დაგისვამთ: თქვენ იყავით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. ახლანდელ ხელისუფლებაში განათლების დონის მხრივ როგორაა საქმე?

- დავიწყოთ იქიდან, რომ პრეზიდენტი გვყავს საკმაოდ განათლებული. მე მიშას იმიტომ კი არ ვცემ პატივს, რომ მაღალი და კარგი შესახედავია, ამის გამო მას პატივი სცენ ქალებმა. მე მას პატივს ვცემ განათლების გამო. ზოგი ამბობს, რა მოხდა მერე, ამდენი ენა რომ იცისო. რატომ არ იცი შენ? რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების ეშელონებში განათლების პრობლემა და სწორედ ამას ემსახურება განათლების რეფორმა.

- ბატონო ნოდარ, ჩატარდა კიდევ ერთი გაეროს სამიტი, ისევ გამოვიდა ჩვენი პრეზიდენტი და გააკრიტიკა რუსეთი, თუმცა გაეროს იმედი აღარავის აქვს...

- ხალხო, გავიგოთ ერთი რამ. რუსს აგინებ თუ აქებ, მისთვის სულერთია. ის არის დამპყრობელი და თავის გადარჩენა მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი. ამ ბრძოლაში მარტო არა ვართ. ბოლოს და ბოლოს, იმხელა ქვეყანა გვიდგას გვერდით.

- თუმცა, ზოგიერთი ამბობს, ამერიკაც თავის მხრივ დამპყრობელიაო.

- მათ დასამშვიდებლად ერთ ამბავს გავიხსენებ: ძველად კაცს ათაშანგი რომ დაემართებოდა, ძალად შეყრიდნენ ციებას, რადგან ციება ადვილად ამარცხებდა ათაშანგს. როცა კაცი ათაშანგისგან გათავისუფლდებოდა, მერე უკვე ციებაზე მკურნალობდნენ.