"მიშამ შეიძლება ცხენი გააპრეზიდენტოს" - კვირის პალიტრა

"მიშამ შეიძლება ცხენი გააპრეზიდენტოს"

საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც ავადმყოფზე იტყვიან, სტაბილურად მძიმეა. ოპოზიცია ისევ იმუქრება მიტინგებით, ხელისუფლება ისევ "პიარშჩიკობს", ხალხი კი ისევ წუხს პროდუქტის გაძვირების გამო...

ამასობაში ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის ნარჩენებმა გაჟონვა დაიწყო და მთელი მსოფლიო შეაშფოთა... მოკლედ, გადავწყვიტეთ, ისეთი რესპონდენტი გვეპოვა, რომელიც პოლიტიკას, სურსათსა და ჩერნობილის ამბებს გააერთიანებდა. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია - საქართველოს მწვანეების ოფისში ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს ვესტუმრეთ.

- ბატონო გია, სანამ შინაურ საქმეებზე დავიწყებდეთ საუბარს, ჩერნობილზე გკითხავთ - რა ხდება, ისევ უნდა გვეშინოდეს?

- საფრთხე მართლაც დიდი იყო, მაგრამ ევროკავშირმა უკვე გადაურიცხა თანხა უკრაინას და პრობლემა მოგვარდება.

- ანუ ჩერნობილის აღარ უნდა გვეშინოდეს. კარგი... მაშინ პოლიტიკაზე გადავიდეთ. იყო დრო, თქვენი პარტია მთელ საქართველოში ქუხდა, ახლა როგორ ხართ?

- როგორ უნდა ვიყოთ, როცა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ გვაძლევენ. ადგილობრივ არჩევნებზე ყველა პარტია გაატარეს რეგისტრაციაში, ჩვენ გარდა.

- არადა, ისეთი პარტიები მონაწილეობდნენ, სახელი რომ პირველად გავიგეთ, რატომ აკეთებენ ამას?

- შურისძიების მიზნით. 2003 წელს მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამათი ხელისუფლებაში მოსვლის.

- ანუ პრეზიდენტობაზე რომ არ იყარეთ კენჭი, გაბრაზდნენ?

- რა თქმა უნდა, თანაც ცეცხლზე ნავთი დავასხი და მოვუწოდე დანარჩენ კანდიდატებს, ჩემსავით მოქცეულიყვნენ. ასე რომ მომხდარიყო, მიუხედავად გაყალბებისა, მაინც დაინიშნებოდა მეორე ტური. ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდებოდა.

- დემოკრატიული არჩევნები და საქართველო?

- აბა! ძალიან შორს დგანან ერთმანეთისგან!.. მეც სულ მაგაზე ვოცნებობ... ხანდახან ვფიქრობ, ოღონდ ერთხელ მაინც ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ვინც გინდა, გაიმარჯვოს, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობა" იყოს.

- რეიტინგით ახლაც პირველ ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა".

- მე არც ერთი რეიტინგის არ მჯერა, ყველაფერი გაყალბებულია.

- არც უცხოური რეიტინგების გჯერათ?

- არსებობს ისეთი უცხოური ორგანიზაციები, რომლებთანაც სააკაშვილის ფული არ ჭრის, მაგალითად, დავოსის ეკონომიკური ფორუმის კვლევითი ჯგუფი. აი, ამ ორგანიზაციამ გამოიკვლია 133 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო. შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა - სასამართლოს თავისუფლების ინდექსით 117-ე ადგილზე ვართ.

- ყოფილან ჩვენზე უკან ვიღაცებიც...

- კი, არიან - 126-ე ადგილზეა ბურუნდი, ქვეყანა, რომელიც ყველაზე ჩამორჩენილად ითვლება და რომელსაც მხოლოდ ცხრა ადგილით ვუსწრებთ. კერძო საკუთრების უფლების დაცვით ჩვენ 109-ე ადგილზე ვართ, ბურუნდი - 123-ზე.

- შემთხვევით, რომელიმე ინდექსით ხომ არ გვისწრებენ?

- კი, როგორ არა, მაგალითად, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ინდექსში ჩვენი 125-ე ადგილია, ბურუნდის - 122-ე. ბაზრის მონოპოლიზაციის ხარისხით საქართველო 98-ე ადგილზეა, ბურუნდი - 76-ზე. ბაზრისთვის ადგილობრივი პროდუქციის მიწოდების მხრივ ჩვენია 130-ე ადგილი, ბურუნდის - 128-ე. ბურუნდშიც კი უფრო დაცულია ადგილობრივი პროდუქცია, ვიდრე ჩვენთან. ჰო, კიდევ, ამ დავოსის ჯგუფის მონაცემების მიხედვით არსებობს მოსახლეობის მდგომარეობის ინდექსი, ანუ რამდენი პროცენტი ცხოვრობს კარგად, რამდენი - დაძაბულად და რამდენი - ტანჯვით. აქ ხომ სრული ფიასკო გვაქვს: ტანჯვით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 26%, დაძაბულად - 64 %, მხოლოდ 10% ამბობს, რომ ცხოვრობს კარგად.

- საინტერესოა, ეს 10% რომელი კატეგორიაა?

- ძნელი მისახვედრია, არა?

- თქვენ ოპოზიციური პარტია ხართ და გეცოდინებათ, - რა ხდება ოპოზიციაში, ხომ არიან ცოცხლები?

- ოპოზიციის ასეთი მდგომარეობა პიარტექნოლოგიის ნაწილია. ყველაზე სასაცილო რა არის, იცით? ხელისუფლებას დასაყრდენი არა აქვს არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით. აქ მისი ერთადერთი დასაყრდენი ოპოზიციაა.

- რას ამბობთ, ბატონო გია?

- რა გაგიკვირდათ? დაუკვირდით, რა ხდება - მიშა ამბობს, აი, ძმებო, მე ასეთი უბედური ვარ, არ ვვარგივარ, მაგრამ ნახეთ, როგორი ალტერნატივა მყავს, ჩემს მერე შეიძლება სულაც რუსეთზე ორიენტირებული პარტია მოვიდესო. ანუ დასავლეთს აჩვენებს, რომ შემცვლელი არ ჰყავს.

- თუ ასეა, დარჩენილა სამუდამოდ და ეგ არის...

- შეიძლება თვითონ წავიდეს, ან პრეზიდენტობა გაიხანგრძლივოს, ან პრემიერად გადავიდეს... ეგ ხომ არაადეკვატური ადამიანია და რას იზამს, კაცმა არ იცის.

- აბა, ამერიკა რასაც ეუბნება, იმას აკეთებსო?

- მან შეიძლება ამერიკაც ფეხებზე დაიკიდოს და მედვედევ-პუტინის სისტემა გამოიყენოს. მისთვის ახლა მთავარია საპარლამენტო არჩევნების მოგება და რაც შეიძლება მეტი თავისი მომხრეების შეყვანა პარლამენტში, რომ მერე ვინც უნდა, ის დასვას პრეზიდენტად.

- უგულავაზე ამბობენ...

- მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება... შეიძლება ადგეს და ჯოხზე თქვას, ეს იქნება პრეზიდენტიო, ან კალიგულასავით, ცხენი გააპრეზიდენტოს. თუმცა, შეიძლება ცხენი ზოგიერთზე უკეთესი ვარიანტი გამოდგეს, აგრარულ სექტორს მაინც განავითარებს, ბალახი და ქერი ხომ უნდა?

- პოლიტიკაში გავარკვიეთ, რაც ხდება. ბუნებაში როგორაა საქმე, მწვანეები ხართ მაინც...

- ბუნებაში რა უნდა ხდებოდეს, საერთოდ აუქმებდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს, ასეთი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ ბევრი ვიბრძოლეთ და შევინარჩუნეთ, თუმცა - გამოშიგნული. ტყე დაუქვემდებარეს ენერგეტიკის სამინისტროს. რატომ, იცით? ტყეს ესენი უყურებენ, როგორც შეშას. უარესს გეტყვით, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს დაექვემდებარა მეთევზეობა და ნადირობა... თუ ვინმე ამ გადაწყვეტილების არსს ამიხსნის, ხმას აღარ ამოვიღებ.