ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ამბავი ერთი მმართველისა

ამას წინათ ველაპარაკებოდი უცხოეთში მყოფ ნათესავს, რომელიც ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მუშაობს. მან ასეთი კურიოზი მიამბო: ჩვენს განყოფილებას ახალი მმართველი დაუნიშნეს. პირველივე დღეს გვაგრძნობინა, რომ საკმაოდ მკაცრია და მაქსიმალურად მომთხოვნი. სიმართლე გითხრა, არც ჩვენ ვიკლავდით მუშაობით თავს, მაგრამ რასაც ის ითხოვდა, იმის გაკეთება  შეუძლებელი იყო.

ერთ დღეს ჩვენი დასჯა გადაწყვიტა -  კარგად არ მუშაობთო, ჰოდა, შუადღის სამ საათზე, შესვენების დროს, თავს დაგვადგა და დაგვერია, უსაქმურები ხართო, არაფრის მაქნისებიო და ათასი სალანძღავი სიტყვით შეგვამკო; ისეთი გაცოფებული იყო, სიტყვა ვერავინ შეუბრუნა.

- აი, შენ, მაგალითად, - მიუბრუნდა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც კართან ატუზულიყო, - რას დამდგარხარ ტყუილად, რამდენს იღებ კვირაში?!

- 500 დოლარს, ბატონო, - უპასუხა შეშინებულმა.

- აჰა, შენ, ოთხი კვირის ფული და თვალით აღარ დამენახო, თავისუფალი ხარ! - მიუგდო ორი  ათასი დოლარი. ბიჭიც ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. უფროსმა კი კმაყოფილი სახე მიიღო, ამაყად გადმოგვხედა -  ნახეთ, რა მკაცრი ვარო და სხვათა შორის იკითხა:

- მაინც, ვინ იყო ის საცოდავი?

ხმა არავინ გასცა. მეორედ უფრო მკაცრად იკითხა:

- ვინ იყო-მეთქი, ის ბიჭი?!...

ერთმა თანამშრომელმა გაბედა და უპასუხა: - ის ბიჭი ის იყო, აი... პიცა გამოვიძახეთ შესვენებაზე და...

გიორგი ბაღდავაძე, ქუთაისი