ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ! - კვირის პალიტრა

ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ!

- ჩვენ აგრარულ მთავრობად უნდა ვიქცეთ! - განაცხადა ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტმა, თანაც აბიბინებულ ჯეჯილში იდგა, რაც მის სიტყვებს კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებდა.

მე უბრალო გლეხი ვარ, მიწა მიყვარს და გასაკვირი არ არის, რომ ამ სიტყვებზე თვალებზე ცრემლი მომადგა, ის კი არა, ჩემმა მეზობელმა თოფი ისროლა სიხარულის ნიშნად, მეორემ ოცი ლიტრი ღვინო გამოიტანა და ჩვენი აგრარული მთავრობის სადღეგრძელო იმ დღეს სულ განსხვავებულებით ვსვით.

ამ იმედით აღვსილები (თან თესვის დროც იყო) მივადექით მე და ჩემი მეზობლები ჩვენი სოფლის ცენტრალურ გზაზე მდგარ ტრაქტორებს, რომ მიწა მოგვეხნა. ტრაქტორების წინ გამგებელი იდგა და უკვდავების წყაროზე მდგარი გველეშაპივით დარაჯობდა.

- გამარჯობა, - ვთქვით ჩვენ, - გვინდა ტრაქტორი წავიყვანოთ და მიწა მოვხნათ.

გამგებელმა ჩვენს სიტყვებზე ბევრი იცინა, მერე უეცრად დასერიოზულდა და გვითხრა:

- ხედავთ, ეს ტრაქტორი როგორ კრიალებს? ყოველ მეორე დღეს დუტა სხირტლაძესავით ტელევიზორში აჩვენებენ და ახლა თქვენ გინდათ, ჭუჭყიან ბელტებში ატაროთ და დასვაროთ? ნუთუ სულ არ გიყვართ სამშობლო?

შეგვრცხვა და ისევ მეზობელ ტრაქტორისტს მივაკითხეთ, რომელმაც მოსახნავად ფულის გარდა დიზელიც მოგვთხოვა.

- ნუ გეშინიათ, ხალხო! - დავიძახე მე, - დიზელს ჩვენი აგრარული მთავრობა იაფად იძლევა, წავიდეთ და ვიყიდოთ!

ხალხს ჩემი გამოსვლა ისე მოეწონა, როგორც ებრაელებს ზღვის გაპობა. ამიტომ მორჩილად გამომყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისში, სადაც დიზელით დატვირთულ კასრებზე საქართველოს დროშა გადაეფარებინათ, კასრების თავზე კი პლაკატი ეკიდა წარწერით: "აი, თუ არ ვეხმარებით გლეხებს!" ოფისის თანამშრომლები ჩვენს დანახვაზე ჟივილ-ხივილით წამოიშალნენ და გვკითხეს:

- დიზელი გინდათ?

- დიახ, - უპასუხა ჩემმა მეზობელმა და სიხარულისგან ორჯერ ბავშვივით შეკუნტრუშტდა.

- აჰა, წაიღეთ, - მიგვითითა ნაციონალმა ახალგაზრდამ კასრისკენ, შემდეგ ლიტრში 2,5 ლარი გადაგვახდევინა და სანამ ჩემი მეზობელი იტყოდა: "ჩვენი ანზორიას კალონკაზე დიზელი 2 ლარი ღირსო",  სასწარაფოდ ჩეკი გამოწერა და ოფისის კარი დაკეტა.

დიდი წვალების შემდეგ ხვნა დავამთავრეთ. ახლა იმაზე ვფიქრობდით, რა დაგვეთესა - ამერიკული სიმინდი თუ აბაშური? ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციის გამო ამერიკული გადავწყვიტეთ. ისევ მთავრობას მივადექით:

- ამერიკული სიმინდის თესლი გვინდა! - განვაცხადეთ ჩვენ. სიტყვა დამთავრებული არ გვქონდა, "რუსთავი 2"-ის კამერით შეიარაღებული ჟურნალისტი და მხარის გუბერნატორი ამომიდგნენ გვერდით:

- აი, როგორც ხედავთ, - ამბობდა გახარებული გუბერნატორი, - ამერიკული სიმინდი სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ გლეხებში და ჩვენი აგრარული მთავრობა ყველანაირად დაეხმარება ასეთ გლეხებს!

მოგვცეს ამერიკული სიმინდის თესლი, სრულიად უფასოდ, ოღონდ პირადობის ნომრები ჩაიწერეს და ხელიც მოგვაწერინეს, ბოლოს კი გვითხრეს, კილო ერთი ლარი ღირს, ახლა არ გვინდა ფული, მოსავალს რომ აიღებთ, მერე გადაგვიხადეთ, ქვეყნის ბიუჯეტს გაძლიერება ხომ უნდაო. რაღა უნდა გვექნა? წამოვიღეთ და დავთესეთ. სიმართლე გითხრათ, ცუდი მოსავალი არ მოგვსვლია. გავიხარეთ და ასე სიცილ-ხარხარით მივადექით ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა შეგვეხსენებინა ტელევიზიით დანაპირები ამერიკული სიმინდის მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

- რა ღირს თქვენი სიმინდი? - გვკითხა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა.

- კილო 1,5 ლარი, - ვუპასუხეთ ჩვენ.

- რა ამბავია, თქვე კაი ხალხო? სახელმწიფოს ხარჯზე გინდათ გამდიდრდეთ? - შეიცხადა მოხელემ.

- რა ვქნათ, ბატონო, დიზელი ძვირად მოგვყიდეს, თესლის ფული გადასახდელია, ტრაქტორისტმაც ბევრი წაიღო... - ვუპასუხეთ ჩვენ.

- ვის ატყუებთ თქვენ? - აგვიყვირდა ჩინოვნიკი (თან ამ დროს ტელევიზია მოვიდა და ალბათ, იმიტომ) - უფასოა ტრაქტორი, დიზელი და თესლი შეღავათიან ფასად დარიგდა, მუშაობა გეზარებათ და ახლა აქ პროვოკაციას Aაწყობთ! ახლავე დატოვეთ ჩვენი ოფისი, სადაც პატრიოტები და მამულიშვილები ვართ თავშეყრილი.

რა უნდა გვექნა? წავიღეთ ჩვენი მოსავალი და ვალების გასასტუმრებლად თურქეთში დავიწყეთ ვაჭრობა. ჩამოგვაქვს იქაური პომიდორი, ხახვი, კარტოფილი... კარგ ფულსაც ვშოულობთ, აღარც ტრაქტორი გვაწუხებს, აღარც საწვავი და მით უმეტეს - თესლი. მხოლოდ ერთს ვნატრობთ -   მუდამ ასეთი მთავრობა გვყავდეს, აგრარული და პატრიოტი!