ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

მოხერხებული ლადო

სხვაგან სად უნდა მომხდარიყო ასეთი ამბავი, თუ არა იმერეთში? მოგეხსენებათ, იყო დრო, როცა სოფლებში დენის ინკასატორები დადიოდნენ (ახლა ამ ფუნქციას სამეზობლოს მიერ არჩეული სოფლის მკვიდრი ასრულებს), რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, ურჩი გადამხდელების მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრე გამოეჩინათ. ინკასატორი ჯონიც ასრულებდა ბრძანებას და ჩვენს სოფელში ბევრს ჩაუჭრა ელექტროსადენი გადაუხდელობის გამო.

ლადო ბ-ძესაც არ ჰქონდა დავალიანება დაფარული და შიშით ელოდა ჯონის მოსვლას, თან გეგმასაც იმუშავებდა, როგორ მოეშორებინა ინკასატორი თავიდან ერთი დღით მაინც. ისიც იცოდა, რომ ჯონისთან არც ხვეწნა-მუდარა ჭრიდა და არც დაპირება-დაფიცება, ამიტომ ისეთი რამ მოიფიქრა, სულ აქეთ ახდევინა ბოდიში ინკასატორს.  ერთი სიტყვით, როგორც კი ჭიშკართან დაინახა ჯონი, ცოლს ყვირილი  დაუწყო:

- მე რომ აქ არ ვიყავი, მგონია, რაღაცას ეშმაკობდი შენ!

ამასობაში ეზოში ინკასატორიც შემოვიდა.

- რას ამბობ, კაცო, შენ, ხომ არ გაგიჟდი?! - იკივლა ცოლმა.

- კარგად იცი, რასაც ვამბობ, აი, შეხედე ამას, მგავს ახლა მე ეს?! - 2 წლის ბავშვს ხელი დაავლო ლადომ და ინკასატორს შეხედა. დაიბნა ჯონი, მხოლოდ ის თქვა, დენი უნდა ჩავჭრაო...

- რა დენი, დენი კი არა, ერთი წუთით აქეთ მოიწი შენ, - შეუბღვირა ინკასატორს, - ქალო, გამოდი გარეთ! შენ აქ ხშირად დადიხარ ხო, გადასახადებზე? მე რომ რუსეთში ვიყავი, მაშინაც დადიოდი, არა?

- რას ლაპარაკობ, ლადო? - მთლად დაიბნა ჯონი.

- რას ვლაპარაკობ და შეხედე ამ ბავშვს, მთლად შენი თვალები აქ! ახლა მე ჯერ ცოლს მივხედავ და მერე შენც მოგივლი, - თქვა და სახლში შევარდა. ჯონიმ - მთლად გაგიჟებულა ეს საცოდავიო, ჩაილაპარაკა და სანამ ლადო გარეთ გამოვიდოდა, ეზოდან გავარდა. ისე შეშინებული გარბოდა, დენის ჩაჭრაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. ლადო ღიმილით აყოლებდა თვალს გაქცეულს. დენის გათიშვასაც გადარჩა და კარგადაც გაერთო, ოღონდ ეგ იყო, ცოლის სართულებიანი წყევლა დაატყდა თავს.

სოსო ბეროძე, კურსები