საქართველო pictures წარმოგიდგენთ - კვირის პალიტრა

საქართველო pictures წარმოგიდგენთ

საკვირველ და უცნაურ ამბებს რა გამოლევს საქართველოში! ბოლო დროს მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრებიან, ისეთი რამ მოიმოქმედონ, რაც არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. მოკლედ, ჩვენთან ექსკლუზივების ცვენაა.

ჯერ იყო და, გასულ კვირას ოპოზიციური პარტიები ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ კინაღამ ხელისუფლებამ ჩააგდო მანდილი. კვირის ბოლოს კი ისეთი ამბავი გახმაურდა, თვით საქართველოს დაუძინებელ მტერსაც თვალზე ცრემლი მოადგა ჩვენი ცოდვით. რა მოხდა და, რამდენიმე დღის წინ გაიმართა მსოფლიო პრემიერა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული გახმაურებული ჰოლივუდური ფილმისა"აგვისტოს 5 დღე". ფილმი საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზეც მალე გამოვა, მანამდე კი ინგლისურენოვან ფილმს ქართულად თარგმნიან.

როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მთავარი როლის შემსრულებელს, ენდი გარსიას თავად ბატონი პრეზიდენტი გაახმოვანებსო. ვიცით, რომ მსახიობი ბევრ ქვეყანაში გამხდარა პრეზიდენტი, მაგრამ პირიქით არ გაგვიგია, ჰოდა, აქაც ექსკლუზივი გვაქვს "თელ სოფლიოში". ამ ფაქტმა შთაგვაგონა ერთი შესანიშნავი იდეა: ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩვენი პოლიტიკოსებიც ჩაერთვებიან, პოლიტიკას თავს დაანებებენ და სხვადასხვა ცნობილ უცხოურ ფილმს გაახმოვანებენ. მაშ, ასე:

"როგორ მოვიპაროთ მილიონი" - გაახმოვანებს ზურაბ ნოღაიდელი.

"ჩარლის ანგელოზები" - გაახმოვანებენ: ხათუნა კალმახელიძე, ვერა ქობალია და ეკა ხერხეულიძე.

"ტიტანიკი" - გაახმოვანებენ: მაია ნადირაძე და კობა ბექაური.

"უკანასკნელი ტანგო პარიზში" - გაახმოვანებს ირაკლი ოქრუაშვილი.

"იქს ადამიანები" - გაახმოვანებენ: ზურაბ ადეიშვილი და გიგა ბოკერია.

"კრავთა დუმილი" - გაახმოვანებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

"ბეტმენი" - გაახმოვანებს ვანო მერაბიშვილი.

"ორმაგი დარტყმა" - გაახმოვანებენ: ბადრი ბიწაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

"8 1/2" - გაახმოვანებენ ოპოზიციური "რვიანის" წევრები.

"სათამაშო" - გაახმოვანებს დავით ბაქრაძე.

"როკო და მისი ძმები" - გაახმოვანებს ნიკა რურუა.

"დისკოს მოცეკვავე" - გაახმოვანებს ნუგზარ ერგემლიძე.