ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ცხვარზე ამბობდა...

მაღალმთიან მონასტერში, კეთილ გზაზე დასაყენებლად, მხარბეჭიანი, საცრისხელა თვალებიანი და თავმოტვლეპილი ახალგაზრდა სვანი გაამწესეს. ერთ დღეს მონასტერში ცხვრის დაკვლა გადაწყვიტეს. მღვდელმა იკითხა, ვის შეუძლია დაკვლა და გამზადებაო. ასეთი არავინ აღმოჩნდა. სვანმა უთხრა: - თავის მოჭრა შემიძლია, გატყავება - არაო.

ამ დროს მონასტერში ქალბატონი მობრძანდა აღსარების ჩასაბარებლად. მღვდელმა ცხვრის დაკვლა გადადო და ქალბატონთან ერთად სატრაპეზოში განმარტოვდა. ნახევარი საათის შემდეგ სვანმა სატრაპეზოში შეიხედა და დაიბუხუნა:

- მამაო, კურთხევას თუ მომცემთ, თავს მოვაჭრი.

ქალს მკვდრისფერი დაედო და სანამ გაიგებდა რაზე იყო ლაპარაკი, ხმა ვეღარ ამოაღებინეს.

ი.კ.

KvirisPalitra.Geმოხერხებული "დედა"

კომუნისტების დროს მატარებელი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება იყო. მეც ხშირად დავდიოდი ამ ტრანსპორტით როგორც რუსეთში, ისე საქართველოს ქალაქებში. რადგან ხალხი მასობრივად დაჰყვებოდა მატარებელს, ქურდები და აფერისტებიც, რა თქმა უნდა, აქ იყვნენ მოძალებული. ბევრი ასეთი შემხვედრია, მაგრამ ის, რაც ერთმა აფერისტმა გააკეთა, დღემდე ღიმილით მახსენდება, თუმცა მსხვერპლისთვის ამბავი მთლად სასაცილო არ იყო.

ერთხელ ბათუმიდან თბილისში მოვდიოდი ე.წ. "პლაცკარტით". ჩემ წინ ერთ ახალგაზრდას ღრმა ძილით ეძინა, მე და კიდევ რამდენიმე მგზავრი კი ვისხედით და "დინამოს" წინადღის თამაშს ვარჩევდით. ამ დროს ერთი შუახნის ქალი დაგვადგა თავზე, მოგვესალმა, მერე მძინარე ახალგაზრდას დახედა, ისევ ჩაეძინა, ენაცვალოს დედაო, - თქვა, - ეს ტუფლები მაინც გაეხადაო, - და თითი სულ ახალ ,,სალამანდრას" მიაშვირა;

მერე თავად გახადა ფეხსაცმელი, ჩანთაში ჩააწყო, ცოტა ხნით ჩამოჯდა და წავიდა. გავიდა ორიოდე საათი. ახალგაზრდამ გაიღვიძა და ფეხსაცმელი მოიკითხა. დედაშენმა გაგხადა და წაიღოო, - ვუთხარით. გაგიჟდა ბიჭი: - დედაჩემს აქ რა უნდა, სოფელშიაო. ერთი სიტყვით, "დედა" ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა.

დათო კაცაძე, თბილისი