გულახდილი წერილები და ფსიქოლოგის რჩევები - კვირის პალიტრა

გულახდილი წერილები და ფსიქოლოგის რჩევები

ნეიტრალის გასაჭირი

გამარჯობა, მე ქართველი ვარ და შესაბამისად, ჩართული ვარ პოლიტიკაში. მინდა მშვიდი ცხოვრება, ვაღიარებ, რომ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ოპოზიციაც სუსტი გვყავს, აქედან გამომდინარე, არც მიშისტი ვარ და არც ოპოზიციონერი, მირჩიეთ, რა ვქნა?

რჩევა: შედით ინტერნეტში და გუგლში ჩაწერეთ შემდეგი სიტყვები: ,,უცხოეთის ქვეყნების საელჩოების მისამართები". ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს.

ღამე მესიზმრება

ძალიან მიყვარს ჩვენი პრეზიდენტი, იმდენად მიყვარს, რომ ღამეც კი მესიზმრება. არ მინდა, წავიდეს, მინდა, რომ დიდხანს იყოს პრეზიდენტი, იცხოვროს განცხრომით, იფრინოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იყიდოს ძვირად ღირებული თვითმფრინავები და ააშენოს სასახლეები (რა თქმა უნდა, თავისთვის). მაინტერესებს, ვარ თუ არა პატრიოტი?

რჩევა: თუ თანამდებობაზე არ ხართ, მაშინ არც პატრიოტი ხართ და საერთოდ, ასეთი შემთხვევა ჯერ ფსიქოლოგიაში განხილული არ არის.

მეტი მინდა

ვარ მაღალი თანამდებობის პირი, მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება, ჩემია უამრავი ფირმა, რომლებიც ტენდერს ტენდერზე იგებს, მაგრამ რატომღაც უფრო მაღალი თანამდებობა მინდა. როგორ მოვიქცე?

რჩევა: ფრთხილად, ბატონო გიგი...

აღიარება

ვარ მოსამართლე, უსიტყვოდ ვასრულებ პროკურატურის ბრძანებებს, მაგრამ ამ ბოლო დროს შიშმა შემიპყრო - მართლა რომ შეიცვალოს მთავრობა, რა მეშველება? მირჩიეთ, რა ვქნა...

რჩევა: იხ. პირველი წერილის რჩევა.