ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

დაისაჯოს ჟიპიტაური

საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთ მთიან სოფელში კოლმეურნეობის კრებაზე დასასწრებად რაიკომის ახლად დანიშნული მდივანი ავიდა. ის დასავლეთ საქართველოდან იყო და ფშავლების ცხოვრებით დაინტერესდა. თავის დასკვნით სიტყვაში მდივანმა ჩამორჩენის გამო მწვავედ გააკრიტიკა კოლმეურნეობა და ბოლოს იკითხა, ვინ ან რა უშლიდათ ხელს წინსვლაში?

ამის კითხვა იყო და უკანა რიგიდან ვიღაცამ დაიძახა:

- დამნაშავე ჟიპიტაურია!

მდივანი წამოენთო:

- ვინ არის და სად გდია ეგ არამზადა?! ხლავე აქ მოათრიეთ!

მოგეხსენებათ, ”ჟიპიტაური" ფშავლების საფირმო სასმელია. სიტუაციის გარკვევის შემდეგ მდივანმაც გულიანად იცინა.

KvirisPalitra.Geპარტიაში მიღება

რაიკომის ბიუროს სხდომაზე ერთ ენაკვიმატ ახალგაზრდა კახელს პარტიაში იღებენ და ბიუროს წევრები კითხვებს უსვამენ:

- ეწევით, ახალგაზრდავ?

- კი, ვეწევი.

- არ ვარგა, კომუნისტი არ უნდა ეწეოდეს, თავი უნდა დაანებო! სასმელს სვამთ?

- ხანდახან, უფროსო...

- არ ვარგა, ახალგაზრდავ, კომუნისტი საერთოდ არ უნდა სვამდეს! ქალებში ერთობით?

- თუ ამის შესაძლებლობა მაქვს, რატომაც არა? - გულწრფელად უპასუხა კახელმა.

- ახალგაზრდავ, ჩვენ მიგიღებთ პარტიაში, ოღონდ უნდა დაივიწყოთ ეს მავნე ჩვევები. ახლა კი გვიპასუხეთ - მზად ხართ, პარტიისთვის სიცოცხლე გაიღოთ?

- მზად ვარ, მაშ, დაუყოვნებლივ გავიღებ, აბა, რა ჯანდაბად მინდა სიცოცხლე, თუ არც მოვწევ, არც დავლევ და არც ქალებში ვივლი.

კურიოზები მოგვაწოდა ალექსანდრე ნეკრესელმა