ჟამიდან ჟამამდე - კვირის პალიტრა

ჟამიდან ჟამამდე

გალების შეთქმულება "რომელუსის ზღაპარში"

მოგეხსენებათ, ჩვენი პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ რომში ბრძანდებოდა. იყო დრო, ყველა გზა რომში მიდიოდა... ჩვენ თვალი გადავავლეთ რომის ისტორიას და მაშინდელი ერთ-ერთი კეისრისა და ხელქვეითის დიალოგი ამოვიკითხეთ. ძალიან დიდი მსგავსებაა ჩვენს დროსა და მაშინდელს შორის. მაშ, ასე, ძველი რომი, კეისრის სასახლე:

- უსათნოესო კეისარო, ფაქტობრივად, ღმერთო, რომისა და სამყაროს გამგებელო!

- ბატონო!

- ჯერ არ დამიმთავრებია, უსათნოესო კეისარო, ფაქტობრივად, ღმერთო, რომისა და სამყაროს გამგებელო, "წილი ნაყარიას" დამძახებელო, ღმერთ მარსის შვილო...

- დაამთავრე?

- დიახ, კეისარო, რამე ხომ არ გამომრჩა?

- "გალების დამმარცხებელო" გამოგრჩა, მაგრამ მიპატიებია...

- მაპატიეთ, კეისარო, ყოველდღე ვვარჯიშობ, მაგრამ მაინც ვერ დავიზეპირე.

- არა უშავს... რა მოხდა ქვეყანაში ჩემს არყოფნაში?

- ხალხი იყო გამოსული, კეისარო...

- ეგ ვიცი, მერე?

- მერე, არაფერი - ლეგიონერებმა მიფანტ-მოფანტეს.

- ბევრნი იყვნენ?

- არა, და ვინც იყვნენ, იმათშიც ნახევარი ჩვენი ხალხი იყო.

- ყოჩაღ! შენა და, რაიმე შეთქმულება ხომ არ გამოგიმჟღავნებია?

- დიახ, კეისარო, მათ საუბარს იდუმალ იწერდა ჩვენი ჟამთააღმწერელი დუქან "რომულუსის ზღაპარში". დღესვე შევკრებთ ხალხს კოლიზეუმში და შევატყობინებთ.

- აბა, თქვენ იცით, ჩვეულებრივ, ერთი ასად გაბუქეთ, როგორმე გალებთან კავშირში დაადანაშაულეთ და რაც შეიძლება ხშირად უბურღეთ ტვინი ხალხს ამ ინფორმაციით.

- გასაგებია, კეისარო, ეგრე არ ვაკეთებთ სულ? მაგრამ ამ ბოლო დროს გალების შემოსევით დაშინება მაინცდამაინც აღარ ჭრის.

- სანამ გაჭრის, მანამდე გამოვიყენოთ, მერე სხვა რამეს მოვიფიქრებ.

- რა თქმა უნდა, მბრძანებელო, თქვენ ხომ გენიოსი ბრძანდებით!

- ძალიან კარგი. ბუნტის ხელმძღვანელები დააკავეთ?

- არა, რას ამბობთ, კეისარო, ესენი რომ დავაკავოთ, მერე სხვა ხელმძღვანელმა იქნებ უფრო მეტი ხალხი გამოიყვანოს...

- ჭკვიანი კაცი ხარ შენ, ახლა ისიც მითხარი, ხალხი რას ამბობს.

- ხალხს ვინ ჰკითხავს, კეისარო, მიეცი ხალხს პური და სანახაობა და ეგაა.

- ვაა, რა მაგარი სიტყვა თქვი! "პური და სანახაობა!" პური ხომ გვაქვს?

- გვაქვს, მაგრამ გაძვირდა ძალიან...

- მერე რა, სამაგიეროდ, ხაზინა შეივსება და სანახაობებს დავაფინანსებთ. ხიდი აშენდა? ხომ იცი, ერთი თვეა, არაფერი გამიხსნია.

- კი, აშენდა, მაგრამ ის ხიდი უკვე სამჯერ გახსენით, კეისარო, უხერხულია.

- შენ მე ჭკუას ნუ მასწავლი, 5-ჯერ შეიძლება გახსნა, მერეა უხერხული.

- რა სულელი ვარ, რა თქმა უნდა, 5-ჯერ შეიძლება გახსნა.

- სენატი რას შვრება? ეგენი ხომ არ იქნებიან წინააღმდეგი?

- სენატი წინააღმდეგი? შესანიშნავი იუმორი გაქვთ, კეისარო, სენატი მდუმარეა, ვითარცა წყალი და უმოძრაო, ვითარცა ქვა.

- ეგ ვიცი და ლეგიონი ხომ დაასაჩუქრეთ ხალხის დაშლისთვის?

- რა თქმა უნდა, თითო ქისა ოქრო დავურიგეთ, ვინც უფრო სასტიკი იყო, მათ - ორ-ორი ქისა.

- მუდამ მაქვს შენი იმედი, ჩემო ჭკვიანო ხელქვეითო! ბარემ ვაჭრების ამბებიც მითხარი და გამახარე.

- ო, ვაჭრები უკვე რასაც იშოვიან, შეხსენებაც არ სჭირდებათ, ისე შეაქვთ ხაზინაში. ვინც არ იხდის, ქარავანს ვაყოლებთ. გადასახადები ყველაფერზე დავაწესეთ, კეისარო, მათ შორის -  გალიური სიმღერის მღერაზეც.

- ეგ რამ მოგაფიქრათ, სირცხვილია, ხელქვეითო.

- ფულს სუნი არა აქვს, კეისარო.

- ფულს სუნი არა აქვსო? რა კარგ სიტყვებს ამბობ ამ ბოლო დროს შენ! რაიმე ხომ არ გაქვს გულში?

- მხოლოდ თქვენი სიყვარული, კეისარო.

- მაგარი ვარ, რა, აბა, ერთხელ კიდევ შემახსენე, ვინ ვარ?

- უსათნოესო კეისარო, ფაქტობრივად, ღმერთო, რომისა და სამყაროს გამგებელო.

- გეყოფა, ჰო! მოგზაურების ნაკადმა ხომ მოიმატა?

- კი, მაგრამ...

- რა მაგრამ?

- არ გეწყინოთ, კეისარო და ბოლო დროს, იცით, რატომ ჩამოდიან?

- რატომ?

- აინტერესებთ, ხალხი მშიერიაო, ეკონომიკა, ხიდების აშენებას თუ არ ჩავთვლით, უკან მიდისო და მაინც როგორ უჭერს ხალხი მხარს კეისარსო.

- მერე?

- მერე, კეისარო, თქვენ სანახავად ჩამოდიან მოგზაურები, ახლოს გვინდა ვნახოთ ეს სასწაული კაციო. ერთი იდეა მაქვს - ამაზე გადასახადი რომ დავაწესოთ, კეისარო?

-  გადასახადი ჩემს შეხედვაზე? კარგი აზრია, მაგრამ როგორ?

- როგორ და თქვენი ფეხების დანახვა - ერთი დინარი, ტანისა და ხელებისა - ორი, მთლიანად დანახვა - 5 დინარი, როგორია?

- ბრწყინვალე აზრია, 10-პროცენტიან წილში იქნები!

- დიდი მადლობა, ჩემო ღმერთო!

- მხოლოდ ღმერთო?

- უსათნოესო,  რომისა და სამყაროს გამგებელო.

- ჭკვიანი კაცი ხარ შენ, მაგრამ ერთი ეს მითხარი, ამ ხანჯლით რატომ შემოდიხარ ჩემთან, ხომ იცი, იარაღით არ შეიძლება აქ შემოსვლა.

- ეს ისე მაქვს... ლამაზად გამოვიყურები ასე...

- კარგი, წადი, ჩემო ბრუტუს...