ფეხბურთის "მცოდნე" - კვირის პალიტრა

ფეხბურთის "მცოდნე"

ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. განსაკუთრებით მიყვარს იტალიის ნაკრები. სახლში ნაკრების ყველა დროის ფეხბურთელების სურათები მაქვს.

მეგობრებმა ჩემი გატაცების შესახებ იციან და თუკი ხელში ჩაუვარდებათ "სკუადრა აძურას" რომელიმე ფეხბურთელის სურათი, მაშინვე ჩემთან მოაქვთ. გახსოვთ, ალბათ, 1998 წლის შესარჩევ ტურში საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფში იტალიასთან მოხვდა და იტალიელები თბილისში ჩამოვიდნენ. მე, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მიხაროდა, რომ შესაძლებლობა მქონდა, სტადიონზე მეხილა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები.

მოკლედ, ეს, ჩემთვის სასარგებლო კურიოზიც მაშინ მოხდა. მეგობარი მყავს ერთი, რომელსაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს. ისიც კი არ იცის, რამდენი კაცი თამაშობს მინდორზე, თუმცა ჩემი გატაცების შესახებ სმენია და ყოველთვის დამცინოდა, ფეხბურთმა ასე როგორ გადაგრიაო. იტალიასთან მატჩის წინადღეს მოვიდა: - დათო, უნდა გაგახარო, დღეს რუსთაველზე ვსეირნობდი, გზაზე იტალიის გულშემატკივრებს შევხვდი და მათთან სურათი გადავიღე, არ გინდა გაჩუქო? - მითხრა და სურათი მომაწოდა. დავხედე და ელდა მეცა - შუაში ჩემი მეგობარია, ირგვლივ კი ბუფონი, მალდინი, ვიერი, დი ლივიო დგანან. კინაღამ გავგიჟდი სიხარულისაგან, მან კი ჩაილაპარაკა: - ვერა ხარ, შენ, ძმაო, ამ ვიღაც იტალიელებმა ასე როგორ გაგაგიჟესო!..

დათო ჭანტურია, თბილისი