თბილისის მერი facebook-ზე - კვირის პალიტრა

თბილისის მერი facebook-ზე

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.

რა თქმა უნდა, უამრავი შეკითხვა დაისვა ბატონი მერის კედელზე და მანაც ყველაფერზე იმედიანად უპასუხა, მაგალითად, დასაქმებაზე გვითხრა, ყოველ ღონეს ვხმარობთო. ტენდერების გამჭვირვალობაზე საერთოდ არაფერი თქვა, წყალმომარაგებაზე თქვა, მიმდინარეობს სამუშაოებიო, ასევე თქვა იმ პროექტებზე, რომლებიც უნდა  აშენებულიყო და ჯერ არ აშენებულა, მოკლედ, ყველაფერს დეტალურად და დაწვრილებით უპასუხა, თუმცა იყო კითხვები და პასუხები, რომლებმაც დღის სინათლე ვერ იხილეს... ჩვენ ჩვენი "ჰაკერული" ნიჭი გამოვიყენეთ და შევძელით "წაშლილი კითხვები" და პასუხები აღგვედგინა, რომელსაც სიამოვნებით ვთავაზობთ ერთგულ მკითხველებს:

- ბატონო გიგი, მე ვარ თბილისის მცხოვრები, მაქვს მომგებიანი და საუკეთესო ტექნიკური საშუალებები, როგორ მოვიგო მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი?

- ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერები ყოველთვის გამჭვირვალეა, თუმცა მცირე პირობები უნდა დააკმაყოფილოთ, მაგალითად, უნდა მოიტანოთ შემდეგი ცნობები: ცნობა იმის შესახებ, რომ ფირმის ხელმძღვანელს დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, საჭიროა აგრეთვე 20 მსხვილი ინვესტორის დახასიათება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სარეკომენდაციო წერილი და ფორმა #6.

ან არის მეორე ვარიანტი - მოიტანეთ ცნობა, რომ ხართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

- ვარ თბილისის მცხოვრები, თქვენ არჩევნების წინ თქვით, რომ წყალი გრაფიკით აღარ იქნებოდა, მაგრამ წყალი ისევ გრაფიკით მაქვს, რატომ თქვით?

- საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ ვაშენებთ ნამდვილ დემოკრატიას, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია რაც უნდა ის თქვას და მათ შორის, მეც.

- ბატონო გიგი, მე უმუშევარი თბილისელი ვარ, ვუყურებ ტელევიზორს, სადაც თქვენ ხშირად გვაჩვენებთ თბილისში ასაშენებელი შენობების მაკეტებს, ძალიან მომწონს მაკეტების ყურება, კიდევ როდის აპირებთ ახალი მაკეტის ჩვენებას?

- სულ მალე, მერიაში შეიქმნება ლამაზი მაკეტების შექმნისა და წარდგენის სამსახური და დაინტერესებულ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება იხილოს უამრავი ლამაზი შენობის მაკეტი.

- გწერთ ქუთაისიდან. მალე ჩვენთან გადმოდის პარლამენტი, ხომ არ იგეგმება თბილისის მერიის გადმოტანაც?

- ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტისა და მთავრობის გადასაწყვეტია.

- ბატონო მერო, რამდენ პროცენტს აიღებს ოპოზიცია მომავალ არჩევნებში?

- არ ვიცი, ჯერ ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ დაგვიწყია.

- ვარ ახალგაზრდა ნაციონალი, ვმუშაობ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უბნების კვლევისა და მოწესრიგების განყოფილების უფროსის თანაშემწედ, მაინტერესებს, როდის მივიღებ სამსახურებრივ ჯიპს?

- რა ზარმაცი ხალხი ხართ, ცოტა თქვენც გაინძერით, მიდექით, მოდექით, გამოიწერეთ პრემიები, შეაწუხეთ ჩვენი ფინანსური სამსახური...

- ვარ უმუშევარი, ყოველი არჩევნების წინ მპირდებით, რომ სამუშაო მექნება, მაგრამ არ მაქვს, როგორ მოვიქცე?

- დაელოდეთ მომავალ არჩევნებს, კიდევ შეგპირდებით.