კანონის სადარაჯოზე - კვირის პალიტრა

კანონის სადარაჯოზე

- იცი, საქართველოში ორნაირი ადამიანები არსებობენ, - მითხრა ფინანსების შემმოწმებელმა ჩინოვნიკმა, - ჩვენ და რუსეთის აგენტები. მე მაინტერესებს, თქვენ რომელი ხართ.

- კი მაგრამ, თქვენ ხომ ფინანსები უნდა შემიმოწმოთ? - გამიკვირდა მე.

- შენ მე ნუ მასწავლი, რა უნდა შეგიმოწმო! - გამიბრაზდა ჩინოვნიკი, - პირველ რიგში, უნდა გავიგო, რას წერთ, ფინანსები რა შუაშია... აბა, მომაწოდე გაზეთი და დავიწყოთ შემოწმება.

რა უნდა მექნა, ფინანსების შემმოწმებელს გაზეთი მივაწოდე და დაველოდე, რას იტყოდა. ჩინოვნიკმა კარგა ხანს ატრიალა გაზეთი ხელში, მერე მომიბრუნდა, გაავებული თვალები მომაპყრო და მითხრა:

- ბატონო ჩემო, ასფალტი რომ იგება, რატომ არსად გაქვთ ნახსენები?

შეკითხვაზე არ დავბნეულვარ და მსწრაფლ ვუპასუხე:

- თავად ბატონო, ამას უკვე 6 წელია, ვწერთ, გაიგო ხალხმა...

- იქნებ ვიღაცამ დღეს ისწავლა კითხვა, არ უნდა იცოდეს, რომ ასფალტს ვაგებთ? ინფორმაციულ ვაკუუმში გინდათ, ხომ, ამყოფოთ ქვეყანა? ჯარიმაა მაგაზე!

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ჯარიმას შევეწინააღმდეგე, ჩინოვნიკმა მაინც გამოწერა და ფრთხილად მომაწოდა. შემდეგ კვლავ გაზეთი აიღო და მითხრა:

- მმართველი გუნდი უარყოფით კონტექსტში გყავთ გაზეთში 4-ჯერ მოხსენიებული, ახალი კანონის თანახმად კი მხოლოდ 2-ჯერ შეგიძლიათ მისი ხსენება.

- ეს კანონი როდის მიიღეს? - ავყვირდი მე. - ყოველდღე ვკითხულობ კანონებს და არსად მინახავს...

- ვერც ნახავდი! - აყვირდა ისიც, - იმიტომ, რომ მე და კიდევ ორმა მოვიფიქრეთ გუშინ, შენ კი ვალდებული ხარ, ყოველდღე სამჯერ დამირეკო და მკითხო, რაიმე ახალი კანონი ხომ არ მიგიღიათ-თქო, გაიგე? ამაზეც ჯარიმა უნდა გამოგიწერო.

ჩინოვნიკმა ისევ გამომიწერა ჯარიმა, მერე ისევ აიღო გაზეთი და ახლა უკვე ასეთი ბრალდება წამომიყენა:

- აგერ, წაიკითხე ბრალდება. მესმის, რომ რაღაცას აბრალებთ ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტები?

- ფაქტები წერია მანდ!.. - ისევ გავბრაზდი მე.

- მაგას გეუბნები, რომ წერია. კარგი, ბატონო, ბრალდებას ამბობ, ამბობ, მაგრამ რაღას ასაბუთებ? ამით ხომ იძულებულს მხდი, ასეთი ხალხი თანამდებობიდან გავუშვა, და ვინც მოვა, ის რომ რუსეთის აგენტი იყოს, რას შვრები მერე?

- რა ბრძანეთ? - ვერ მივუხვდი მე ამ რთულ ლოგიკას.

- არცაა საჭირო, - დამცინა ფინანსების შემმოწმებელმა და ახალი ჯარიმა გამომიწერა. რამდენიმე წუთი ჩუმად იყო. უცებ გაზეთს ხელი გაუშვა და ოთახის დათვალიერება დაიწყო. დიდხანს უყურა კედლებზე დაკიდებულ სურათებს, მერე მომიბრუნდა და მკითხა:

- ეს ვისი სურათია?

- ვაჟა-ფშაველასი, - ვუპასუხე მე.

- ეს?

- ეს აკაკის...

- ეს?

- ეს ილიაა...

- ჰოდა, მაგაშია საქმე, - გაეცინა ჩინოვნიკს, -  რომელია აქედან მმართველი გუნდის წევრი? ერთი მმართველი გუნდის წევრის სურათი არ უნდა გეკიდოთ ოთახში? ალბათ, ხვდები, რომ ამაზეც გამოგიწერ ჯარიმას...

მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასაცილოდ არ მქონდა, მაინც გამეცინა და ფინანსების შემმოწმებელს ვკითხე:

- კიდევ რა დარღვევა მაქვს?

- დარღვევის მეტი რა არის, უბრალო წვრილმანებს აღარ ჩავეძიე. მაგალითად, საწერ კალმებზე არ არის მიკრული - მე, შუაში გული, თბილისი.

სიმწრით ამოვიოხრე. ჩინოვნიკმა კიდევ რაღაც  ჯარიმა გამოწერა და მითხრა:

- ახლა გაქვთ ორი შანსი - ან ჯარიმებს გადაიხდით ყოველთვე, ან მოვა ჩვენი კაცი, რომელიც კარგად იცნობს კანონებს და იმ კაცთან ერთად გააგრძელებთ საქმიანობას, რათა ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, რა დროს რა კანონი გამოდის. თქვენთვის გეუბნებით ამას. მეტი რა ვქნათ?

ჩინოვნიკმა ეს სიტყვები მგზნებარედ წარმოთქვა, მერე ჯარიმების დასტა ჩამაბარა და წასასვლელად მოემზადა.

- ახლა სად მიბრძანდებით, ბატონო? - ზრდილობიანად ვკითხე მე.

- სად და - ერთ-ერთი ქორწილის თამადა უნდა დავაჯარიმო!.. - მიპასუხა პატრიოტული ინტონაციით ფინანსების შემმოწმებელმა, - თურმე, პრეზიდენტის სადღეგრძელო სიძე-დედოფლის სადღეგრძელოს მერე დაულევია.