"უმალ კიბო დაუსტვენს მთაზე, ვიდრე სააკაშვილი საარჩევნო სისტემას გამოასწორებს" - კვირის პალიტრა

"უმალ კიბო დაუსტვენს მთაზე, ვიდრე სააკაშვილი საარჩევნო სისტემას გამოასწორებს"

კარგა ხანია, ინტერვუი არ ჩაგვიწერია მარტივი მიზეზის გამო - სადაც უნდა მივიდეთ, წინასწარ ვიცით, რას გვეტყვიან: ოპოზიცია იტყვის, მიშა ცუდიაო, "პოზიცია" იტყვის, ბაზალეთის ტბის ძირას რომ ყრმაა, იმ ყრმაში მიშა იგულისხმებაო, არადა ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ ხალხს არაფერი აინტერესებს - ხორცი გაძვირდა და იმის მაგივრად, რომ გააპროტესტონ, ხელს ჩაიქნევენ და იცინიან, ბენზინს აძვირებენ - იცინიან...

ხელისუფლებამაც დაამუღამა ხალხის რეაქცია და აძვირებს და აძვირებს ყველაფერს. არადა ჩვენ, იუმორისტებს, ყველაზე კარგად  მოგვეხსენება, რომ სწორედ ასეთი სიცილია ყველაზე საშიში. ამიტომ ჩვენ ამჯერად  რესპონდენტად სიცილის, სატირისა და იუმორის ოსტატი ავირჩიეთ, ინტერვუისთვის შალვა რამიშვილს მივადექით და ლამის მიკროფონის ჩართვამდე დავუსვით უმთავრესი შეკითხვა:

- შალვა, მიშას რა დადებითი თვისებები აქვს?

- ოოო... მიშა ძალიან კარგი კაცია - გულადი, თვითმფრინავების არმოშიში, მოკლედ, კარგი კაცია!..

- თქვენ ძალიან დეტალურად აღწერეთ მიშას დადებითი თვისებები, მაგრამ ნაკლიც ექნება რაღაც...

- გაგიკვირდება და, ნაკლიც აქვს, - ეს კაცი ისეთი გულადი და თამამია და იმდენად  არ ეშინია თვითმფრინავების, რომ ხანდახან წინდაუხედავ ნაბიჯებს დგამს.

- ასეთი გულადი კაცი საარჩევნო გარემოს გამოასწორებს?

- უმალ კიბო დაუსტვენს მთაზე, ვიდრე სააკაშვილი საარჩევნო სისტემას გამოასწორებს.

- დავუშვათ, დაუსტვინა კიბომ...

- ესეც არ უშველის, მგონი. ერთადერთი შანსია, რომ ასე, 30 წლის შემდეგ, სააკაშვილს სააკაშვილი მოჰბეზრდეს.

- ანუ, თუ კიბოს სტვენასა და სააკაშვილის თვითგვემაზე ვართ დამოკიდებული, გამოდის, რომ რვიანი ტყუილად წვალობს?

- კარგი, რა, რა დროს რვიანია, როცა ისეთი ეგზისტენციალური პრობლემა დგას, რომ სააკაშვილს სააკაშვილი უნდა მოჰბეზრდეს.

- ისე, კიბოსა და სააკაშვილის ეგზისტენციალურ პრობლემებზე გამახსენდა, ოპოზიციას რა დადებითი თვისება აქვს?

- ოპოზიციას აქვს თუ აქვს - ისინი არიან მშვიდობისმოყვარენი, არავის შემწუხებელნი, ანუ სააკაშვილივით ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვთ.

- შალვა ბატონო, დაუქვემდებარეთ ეს ყველაფერი რაღაც ლოგიკას, თორემ ვერ გაიგებს ხალხი.

- ანუ, მიშას მხარს უჭერს მთელი ერი, კიდევ - მიშა გამოხატავს ხალხის აზრს. რადგან ოპოზიცია მიშასთვის კარგია, ლოგიკით გამოდის, რომ ისიც ერის აზრს გამოხატავს.

- ეგრე, შე კაცო, რა გული გაგვიხეთქე, კაცს ოპოზიცია უუნარო ეგონებოდა და ასეთი ოპოზიციის პატრონი 2013 წელს წავა?

- შანსი არაა, პრემიერი გახდება და იქნება და იქნება!..

- რატომ, კაცო, იქნებ დაუსტვინოს კიბომ და წავიდეს  ან უცებ სარკეში ჩაიხედოს და თქვას, მომბეზრდა სააკაშვილიო, ნეტავ მაშინ რა მოხდება?

- მაშინ დედამიწა კიდევ უფრო გადაიხრება, ქალებს გაყიდიან თურქეთში, რუსეთი სრულიად დაგვიპყრობს და რა ვიცი, კიდევ რამდენი უბედურებაა მოსალოდნელი.

-  მაშინ, იყოს მიშა, ამდენ უბედურებას გვაცილებს თავიდან... აგერ, შერონ სტოუნი ჩამოიყვანა..

- ჰო, რომელმაც გაიტანა უცხოეთში ჩვენი დიდება და მთელ მსოფლიოში მიმოაბნია.

- კარგი, შალვა, გადავიდეთ სხვა პრობლემებზე, მაგალითად, ტელევიზიებზე, მანდ როგორაა საქმე,?

- მანდ, მე მგონი, მიშა რომ წავიდეს, მაინც მიშაზე, "ნაციონალებსა" და აღმშენებლობაზე ისაუბრებენ, მაგათ ისეთი ჯადო აქვთ, ასე ადვილად არ აეხსნებათ.

- "ნაციონალები" ახსენე და მაგათ ოფისში რატომ აღარ დადიხარ?

- სამაგიეროდ, თორთლაძის ოფისებს მივეძალე.

- ეს ერთი და იგივეა?

- ოფისური სიტუაციით - კი, არც მაგათთან და არც ნაციონალებთან არასდროს არავინ არის...

- შალვა, პოლიტიკოსი როგორ უნდა გახდეს კაცი?

- უნდა იყოს ქაჯი და გოიმი.

- დავუშვათ, ვარ, საკმარისია?

- არა, არაა საკმარისი, კიდევ უნდა გქონდეს ძალაუფლების სურვილი.

- ესეც მაქვს...

- მაშ, პოლიტიკოსი ყოფილხარ და ვერ გაგიგია!..