ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

კიდევ გავიწიო?

გივი დ. ჩაქვის კოლორიტი იყო, ოღონდ ერთი "ნაკლი" ჰქონდა, ქეიფი ძალიან უყვარდა. დღისით არ სვამდა, საჭესთან ვზივარო. სამაგიეროდ, ყოველ საღამოს მთვრალი ბრუნდებოდა შინ. ერთხელაც გვიან დაბრუნდა გვარიანად გამობრუჟებული და ცოლს რომ მიუწვა, ნათელამ ვიშვიში ატეხა: - გაიწი იქით, ღვინის სუნით ხარ გაჟღენთილიო. გივიმ ცოტა გაიწია, მაგრამ ნათელამ ისევ გააგრძელა: - გაიწიე, გაიწიეო! ისიც, რაც შეეძლო, იჩოჩებდა საწოლიდან.

დილაუთენია კი ქალბატონი ნათელა ტელეფონის ხმამ გააღვიძა: - გივი ვარ, გივი, სამტრედიაში ვარ უკვე, გავჩერდე თუ კიდევ გავიწიო?..

თურმე, გაბრაზებული ბათუმი-თბილისის მატარებელში ჩამჯდარა და სამტრედიამდე გაწეულა.

თეიმურაზ ზაქარეიშვილი, ჩაქვი

KvirisPalitra.Geვაჟა-ფშაველას "მარშრუტკა"

მოგეხსენებათ, სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეები ექსკურსიებზე მიდიან. ბიძაჩემს სამარშრუტო ტაქსი ჰყავს და ხშირად დაჰყავს ბავშვები ექსკურსიაზე. ამას წინათ თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასელები ჰყავდა ჩარგალში წაყვანილი. ვაჟას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად უამრავი ხალხი ყოფილა ასული, იმდენი მანქანა იდგა, თურმე, გასაჩერებელი ადგილი ძლივს იპოვეს. ბავშვები და მასწავლებლები მუზეუმში შესულან, ბიძაჩემი კი ,,მარშრუტკაში" დარჩენილა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანას ერთი შუახნის ქალი მიადგა და ბიძაჩემს სერიოზული სახით ეკითხება: - უკაცრავად, ეს ვაჟა-ფშაველას "მარშრუტკაა"? ბიძაჩემს იგი შეუთვალიერებია და უფიქრია: "არადა, გიჟს არ ჰგავს, ალბათ, მაშაყირებსო" და უპასუხია: "კი, ქალბატონო, ვაჟასია და ველოდები, ბევრი სტუმარი ჰყავს, გაისტუმრებს და გამოვაო". ქალი გაბრაზებულა და ბურდღუნით შებრუნებულა. როგორც შემდეგ გაირკვა, იგი ეძებდა "მარშრუტკას", რომელსაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სკოლის ბავშვები ჰყავდა წამოყვანილი.

ხატია ზურაშვილი, ამერიკა, ნიუ-ჯერსი.