"ხუთოსანი - კვირის პალიტრა

"ხუთოსანი

სახლში რემონტის დამთავრებას აღარაფერი მიკლდა, როცა გავიგე, მობილურების ინდექსის წინა ციფრი ხუთიანით იცვლებაო. თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მალე ისეთი ამბები დატრიალდა, კინაღამ ფსიქიატრიულში აღმოვჩნდი.

ინდექსის შეცვლიდან მეორე დღეს ხელოსანმა მითხრა, რომ 15 კილო ცემენტი აკლდებოდა. მეც ფული ჯიბეში ჩავიდე და ცემენტის მოსატანად წავედი. უცნაურობები სწორედ აქედან დაიწყო.

ავტობუსში ჩავჯექი თუ არა, სიხარულის ყიჟინა შემომესმა.

- რა ხდება, ხალხო? - ვიკითხე გაკვირვებულმა.

- ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 5 თეთრი გახდა! - მითხრა ერთმა გახარებულმა და ბედნიერებისგან სიმღერა წამოიწყო:

- "ხუთად ხუთი მეგობარი, ხუთი ჯუჯა ვართ..."

მეც გამიხარდა, ცოტა დავიბენი კიდეც... მოულოდნელად ჩემი ნაცნობის ომახიანი ხმა შემომესმა:

- ხუთი გამარჯობა შენ!

- გაგიმარჯოს! - მივუგე გაოცებულმა.

- რა გამიმარჯოს, კაცო?! - გაბრაზდა მეზობელი, - შენ ახლა უნდა გეთქვა: 5 გაგიმარჯოს!

- რატომ? - ვკითხე მე.

- როგორ თუ რატომ? ასე სჭირდება ქვეყანას, სხვა ვარიანტში ან მოღალატე ხარ, ან რუსეთის აგენტი!

ბრალდებით შეშინებული ავტობუსიდან ჩამოვედი და ქვაფენილს გავუყევი. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რატომ ვიყავი მოღალატე. ფიქრებში ჩაძირულმა თავისუფლების მოედანზე მდგარ საათს შევხედე - ხუთს ხუთი წუთი აკლდა, თანაც საინტერესო ის  იყო, რომ საათის ისრები ჩვეულებრივ ტრიალებდა. Aამან გამაოგნა, შევშინდი კიდეც, მაგრამ მთავარი თურმე წინ იყო... ანერვიულებულმა სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.

- ბოდიში, 5 ღერი სიგარეტი ხომ არ გექნებათ? - აგდებულად მკითხა გამვლელმა.

სამწუხაროდ, კოლოფში ერთი ღერი მქონდა.

- წადი, შენი 5 დედაც! - შემაგინა და გზა განაგრძო.

უკვე სერიოზულად შემეშინდა, ნერვიულად დავარტყი ბოლო ნაფაზი და ნამწვი ქუჩაში მოვისროლე.

- პატრული ხუთიშვილი! - ამესვეტა მოულოდნელად პოლიციელი, - თქვენ დაჯარიმებული ხართ ქუჩის დანაგვიანებისთვის!

- ხუთი ლარით, ხომ? - გამიხარდა მე.

- არა, ბატონო, 555 ლარით, - გამიღიმა პატრულმა და ჯარიმა გამომიწერა.

უცნაურობები კი გრძელდებოდა, მაგალითად: ბიჭები გოგონებს ხუთჯერ უხსნიდნენ სიყვარულს; ცეკვა "სამაიას" "ხუთაია" დაარქვეს;  ცოლები ქმრებს ასე წყევლიდნენ: შენ დალიე ხუთი ლიტრა ნავთი და 5 ლიტრა მდუღარეო; გამომცემლობებმა დაბეჭდეს წიგნი - "ხუთი მუშკეტერი"; ლატარიის კომპანიაში ყველა იგებდა ფულს, იმიტომ, რომ სულ ამოდიოდა ციფრები 5 5 5 5 5 5. ყველაზე მაგარ მეფედ ვახტანგ V აღიარეს; ყველა ჩინოვნიკს ჰყავდა მანქანა "X5" (აქ,  ჩვენში დარჩეს და, ბევრი არაფერი შეცვლილა); დედაენა ასე იწყებოდა: "აი ხუთი"... ძველმა ბიჭებმაც კი ჟარგონი გადააკეთეს და ახლა ამბობდნენ: "იდი ნა ხუთი!" მოკლედ, ქვეყანაში ყველაფერი ხუთი იყო.

მივდიოდი გზაში და ყველაფერს ვაკვირდებოდი. თითქმის გადამავიწყდა, რომ ცემენტი მქონდა საყიდელი და ასე, ინსტინქტურად მივუახლოვდი მაღაზიას, სადაც სამშენებლო მასალა იყიდებოდა.

- მომეცით 15 კილო ცემენტი, - ვუთხარი გამყიდველს.

- რამდენი? - გაუკვირდა და პატრულის გამოძახებით დამემუქრა.

- გეხუმრეთ, - სწრაფად გავერკვიე სიტუაციაში და ხუთი კილო ცემენტი ვიყიდე. მერე ისევ დავბრუნდი და ისევ 5 კილო ვიყიდე; კიდევ ერთხელ დავბრუნდი და კიდევ ვიყიდე 5 კილო.

- ე, მასე, შე კაცო, - გაუხარდა გამყიდველს,  - რუსეთის აგენტი მეგონე.

სახლში დავბრუნდი - მაინტერესებდა ამ ყველაფერზე ჩვენი პრეზიდენტი რას იტყოდა. სასწრაფოდ ჩავრთე ტელევიზორი და "რუსთავი 5"-ზე გადავრთე... ისმოდა საქართველოს მეთაურის ომახიანი ხმა:

- 5-ჯერ მოგესალმებით, ჩემო ტკბილო "ხუთოსნებო"! თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ, რა მოხდება 2013 წელს და გავხდები თუ არა პრემიერ-მინისტრი, ნურას უკაცრავად, 5-ჯერ მოიხადეთ ბოდიში, მე დემოკრატი ვარ და ამას არასდროს ვიზამ, ქვეყნის მეთაური იქნება ამათგან ერთ-ერთი!

პრეზიდენტმა სიტყვა დაამთავრა თუ არა, კადრი გაიშალა და ჰოი, საკვირველებავ - მის გვერდით 4 ზუსტად მისნაირი იდგა!..