ნამდვილი იმერული ესკიზები - კვირის პალიტრა

ნამდვილი იმერული ესკიზები

ეს ამბავი იმერეთის ერთ-ერთ რაიონში მოხდა რამდენიმე წლის წინ. ბაბუა პორფირი ასაკოვანი კაცი იყო, ხშირად ავადმყოფობდა და არავის გაჰკვირვებია, როცა ერთ დილას მისი გარდაცვალების ამბავი გაიგეს. არ ვიცი, კურიოზია თუ არა - მაშინ ამაზე ვინ ფიქრობდა!..

მოკლედ, როცა ცუდად გახდა, ბუნებრივია, ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ექიმებმაც პორფირის საავადმყოფოში გადაყვანა განიზრახეს, თუმცა გზაში ავადმყოფმა სუნთქვა შეწყვიტა და უკანვე დააბრუნეს, "ზალა" გაათავისუფლეს და ის-ის იყო, "ლედნიკში" უნდა ჩაესვათ, რომ მოულოდნელად წამოდგა, ვითომ  აქ არაფერიაო, ეზოში ჩავიდა და ხის ქვეშ დაჯდა.

გადაირივნენ ოჯახის წევრები სიხარულით! ახლა უკვე მისი გაცოცხლების ამბავი მოედო ქვეყანას და სანახავად უამრავი ადამიანი მოდიოდა... გავიდა თვეები. ბაბუა პორფირი ჩვეულებრივ საქმიანობდა. ერთ დღეს ისევ ცუდად გახდა. ამჯერად შვილიშვილებმა ქუთაისის საავადმყოფოში წაიყვანეს. რამდენიმე წუთში რეანიმაციიდან ექიმი გამოვიდა და - ვერაფერი ვუშველეთო, ამცნო ოჯახს. მიცვალებული მორგში გადაიყვანეს.

მეორე დილით მორგის დარაჯის ყვირილმა შეძრა საავადმყოფო - ბაბუა პორფირი წამომდგარიყო და მორგს ათვალიერებდა. ამჯერად მთავარმა ექიმმა საკუთარი მანქანით მიიყვანა სახლში "მკვდარი". გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და ერთ დილითაც რძალს პორფირი საწოლში გარდაცვლილი დახვდა. რა მოხდებოდა, თქვენი აზრით? დიდი სჯა-ბაასის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, 3 დღე ეცლიათ პორფირისთვის. მესამე დღეს გაამხილეს, თუმცა ხალხის დარწმუნება მაინც ძნელი აღმოჩნდა.

ზაიგულ ჩაკვეტაძე, ქუთაისი