ნაგვის გადასახადი - კვირის პალიტრა

ნაგვის გადასახადი

მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ ნაგვის გადასახადის ახალი სისტემა შემოგვთავაზა, რომლის მიხედვით ყოველ გახარჯულ 100 კვტ ელექტროენერგიაზე ნაგვის 5 ლარი უნდა გადავიხადოთ. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობამ შეცვალა სასაუბრო ლექსიკა და ყველა სათანადო გამონათქვამში სიტყვა "ნაგავი" "ელექტროენერგიით" ჩაანაცვლა, მაგალითად, ცნობილი გამონათქვამი:

"კაცი კი არა, ნაგავი ხარ შენ!” ახლა ასე ჟღერს: "კაცი კი არა, ელექტროენერგია ხარ შენ!" ან კიდევ, ქალების საყვარელი ფრაზა: "ყველა კაცი ნაგავია!" შეიცვალა და ახლა გვესმის: "ყველა კაცი ელექტროენერგიაა!" ასევე იცვლება ცოლის ბუზღუნი: "რა ზარმაცი ხარ, ელექტროენერგია მაინც გადაყარე!"

გავიხსენოთ ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებთ ხალხმრავალ ადგილებში:

- ესაა ქვეყანა? დაამშიეს ხალხი, აგერ, პროფესორი კაცი ელექტროენერგიის ურნაში იჩიჩქნება!

დიალოგი:

- ვის უჭერ მხარს, პოზიციას თუ ოპოზიციას?

- ვის უნდა ვუჭერდე, ორივე ელექტროენერგიაა.

ძალიან საინტერესოა მოწოდება, რომელსაც შენობების კედლებზე შენიშნავთ:

"ნუ დააელექტროენერგიავებთ!"

ასევე შეგონებები:

- ისწავლე, შვილო, თუ არა - გამოხვალ  ელექტროენერგიის მანქანის მძღოლი!

ანდაზებიც შეიცვლება:

"ბედი მომეცი და საელექტროენერგიოზე გადამაგდეო!"

შეიცვლება ბავშვებში პოპულარული ლექსიც:

"დედამ მცემა, მცემა,  მცემა,მამამ კარში გამაგდო,ბიძაჩემმა ამიყვანა,ელექტროენერგიის ყუთში ჩამაგდო!"

დასასრულ, ანეკდოტი ამ თემაზე:

მიხო აივანზე დგას. გამოიარა ელექტროენერგიის მანქანამ:

- ელექტროენერგია გაქვთ?

მიხო შებრუნდა და ცოლს ჰკითხა:

- დედაკაცო, ელექტროენერგია გვაქვს?

- კი, კი, გვაქვს, - გამოსძახა ცოლმა.

- გვქონია, არ გვინდა, - უთხრა მიხომ მეელექტროენერგიეს.