ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ჯაჭვში

ერთი მეგობარი მყავს, ზურა. რომ იტყვიან, პირწავარდნილი აფერისტი. მის გადაგდებულ ხალხს ვერავინ დათვლის. უამრავი მევალე ჰყავს. სოფელი მიჩვეულია ზურას სახლთან აყალმაყალს, თუმცა მას ეს არ აწუხებს და ახალ-ახალ გეგმებს ადგენს "გოიმებისთვის". ამას წინათ თბილისში შევხვდი შარვალ-პიჯაკში გამოწკეპილს. აქ რას აკეთებ, შე აფერისტო-მეთქი და: - ჩუმად, თუ ძმა ხარ, ერთი ავტობუსი მოცეკვავე ბავშვები მყავს ჩამოყვანილი რაიონიდან მხატვრულ ფილმში მონაწილეობისთვისო, - მითხრა და თან კურიოზიც მოაყოლა:

"2008 წლის ომის დროს კახეთში ვიყავი ნათესავთან, ამჯერად კარგი მიზნით. სექტემბერში, როცა საერთო საპროტესტო ჯაჭვი გაკეთდა, გარეთ გამოვედი და მეც ჩავდექი სრულიად უცხო ხალხში. როცა აქცია დამთავრდა, მარჯვნივ მყოფმა ხელი გამიშვა, მარცხენა მეზობელი კი არ მიშვებს. მეც თავაზიანად მივმართე, დამთავრდა, ძმაო, აქცია, გამიშვი ხელი-მეთქი, მეგონა, განცდებში იყო ადამიანი. რა გაგიშვა, შე ოჯახდაქცეულო, სამი წელია, გეძებ, ჩემი ვალი გაქვს და ძლივს დაგიჭირე, ახლა სადღა გაგიშვებო. რაღას ვიზამდი, იძულებული გავხდი, კიდევ ერთხელ დამედო პირობა, რომ უახლოეს დროში ვალს დავუბრუნებდი".

ზ. ბურკაძე

KvirisPalitra.Geანდერძი

ეს ამბავი ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სამი დედმამიშვილი ვართ - ორი და და ერთი ძმა. ოჯახში ერთადერთ მემკვიდრეს, ჩემს ძმას, ყველა თავს ევლებოდა. ორი ბებია გვყავდა, რომლებიც თავიანთ ქონებასაც ჩემს ძმას უტოვებდნენ. მამის დედა, ქსენია, მშრომელი ქალი იყო, მაგრამ ძალიან ძუნწი, რომ იტყვიან, რასაც შოულობდა, მუთაქაში ინახავდა. ერთხელაც წნევამ დაარტყა და სანუკვარი შვილიშვილი მოიკითხა. რა თქმა უნდა, მაშინვე მოიყვანეს.

მომაკვდავს ბიჭის დანახვაზე თვალზე ცრემლი მოადგა და საცოდავად ამოილუღლუღა: - შვილო... სარდაფში... ტახტის ქვეშ (შვილიშვილს თვალები გაუფართოვდა)... ქილაში... ძვირფასი ჯიშისაა...

ამის გაგონებაზე მემკვიდრე ისე გალურჯდა, მოსაბრუნებელი გახდა, ბებიამ კი მას შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა და ლობიოც ბევრი დათესა.

ც. რ. თბილისი