"500 ათას დოლარზე უარი ვთქვი" - კვირის პალიტრა

"500 ათას დოლარზე უარი ვთქვი"

"ძლიერი ოპოზიცია ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს" - ამ ფრაზას ხშირად იმეორებენ ექსპერტი-პოლიტოლოგები. საქართველო ამ მხრივაც უნიკალური ქვეყანაა. ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მძლავრი ოპოზიციური ფრთა, რომელიც ცივილიზებულად და გონივრულად წარმართავს საქმიანობას, ბოლოს კი არჩევნებში დაამარცხებს

ხელისუფლებას, იმ დაპირებით, რომ ხალხს უკეთეს მომავალს შეუქმნის. მერე ამ დაპირების 80%-ს შეასრულებს, რის გამოც მომდევნო არჩევნებში უკვე სხვა ოპოზიცია პასუხს მოსთხოვს დარჩენილი 20%-ის გამო და ასევე არჩევნებით შეცვლის არსებულ მთავრობას. მერე ის ახალი მთავრობა უფრო მეტს გააკეთებს, მაგრამ კიდევ დარჩება რაღაც-რაღაცები, რის გამოც, მომდევნო არჩევნებს სხვა პოლიტიკური გუნდი მოიგებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს მოსახლეობის პრობლემები - 8 სთ-იანი სამუშაო დღის ერთი საათით შემცირებამდე არ დავა. ეჰ, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო... რა კარგია, არა, ასეთი ქვეყანა, ძვირფასო მკითხველო... ბედი უნდა ყველაფერს, ბედი. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი ოპოზიციონერი დეპუტატი გახლავთ. ბატონ გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტში ვეწვიეთ, ინტერვიუ ჩავწერეთ და კაბინეტიდან ერთად გამოვედით. პირველ სართულზე მცირე ინციდენტის მოწმე გავხდით, დეპუტატს ფეის-კონტროლმა საშვი ჩაუყლაპა და გარეთ აღარ უშვებდა.

- ჯერ შიგნით არ მიშვებდნენ, ახლა გარეთ აღარ მიშვებენო, - იხუმრა.

- ბატონო გია, ჩვენი რუბრიკის სტუმრად პირველად ბრძანდებით, მზად ხართ?

- მზად ვარ. ამ მთავრობას სატირულად თუ დაელაპარაკები, თორემ სერიოზული ლაპარაკი ამათთან არ გამოდის.

- მთლად სახუმაროდ არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციას საქმე... ბაიდენმა ხომ ნახეთ, რა უთხრა ქალბატონ გიულის, - გაუფრთხილდით თქვენს შვილსო...

- ეგ ფრაზა ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა. ბაიდენმა კი სხვა რამ იგულისხმა, პირდაპირი მნიშვნელობით უთხრა. ეს როგორაა, იცით? ეზოში დიდი ბიჭები ფეხბურთს რომ თამაშობენ და მეზობლის ჭირვეული ბავშვი რომ შევარდება სტადიონზე, მერე ის დიდი ბიჭები ბავშვის დედას რომ დაუძახებენ, გაუფრთხილდით თქვენს შვილსო. ჩვენ ასე გავიგეთ.

- შესრულდა ომის წლისთავი. პრეზიდენტმა ტელეეთერით განაცხადა, რომ რუსეთმა საწადელს ვერ მიაღწია; რომ პუტინი მართალია, დამემუქრა, ერთი ადგილით დაგკიდებო, მაგრამ ნურას უკაცრავადო; რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს საქართველოს მთავრობის ჩამოგდებას და ასე შემდეგ..

- ქართველებს გვაქვს ერთი კარგი გამოთქმა, - არ ასვენებს მაგას გამჩენიო. სააკაშვილის ურაპატრიოტიზმმა დაღუპა ქვეყანა. რა უნდა ელაპარაკო ასეთ ხელისუფლებას... მთელი 4 წელი ქვეყნის ძირითადი რესურსი მოხმარდა შეიარაღებული ძალების განვითარებას, თუმცა რა განვითარებულიც გვყავს, კარგად დავინახეთ... რა გამოვიდა? რისთვის დაიხარჯა ამდენი ფული? ვის აშინებ განახლებული ჯარით? გამოდის, მხოლოდ საკუთარ ხალხს.

- რა უნდა მექნაო. ამბობს, შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და აბა, არ უნდა გაგვეწია წინააღმდეგობაო?

- ჩვენი წინაპრები, სადაც მხოლოდ მოლაპარაკება იყო საჭირო, საუბრობდნენ; სადაც ომი იყო საჭირო, ომობდნენ. ამათ არც საუბარი იციან და არც ომი!

- ეს გასაგებია, ისიც გასაგებია, რომ დემოკრატიის მხრივაც არ გვაქვს კარგად საქმე, კიდევ რას უწუნებთ ხელისუფლებას?

- საკადრო პოლიტიკას. ნახეთ, რა ხალხს ნიშნავენ თანამდებობაზე...

- ჰო, მართლა, თუ იცით კულტურის სამინისტროს კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის უფროსი ვინ არის?

- არა, არ ვიცი...

- ქალბატონი ნინა წკრიალაშვილი.

- მართლა? რა მაგარია! ვუახლოვდებით ევროკავშირს ნელ-ნელა...

- ევროკავშირი რა შუაშია?

- იტალიის პარლამენტის დეპუტატი ხომ გახსოვთ, ვინ გახდა?

- აღარ ჩაგეძიებით. სხვა თემაზე გადავიდეთ, თქვენზე ამბობენ...

- ვიცი, რასაც ამბობენ და ვერ ვხვდები, რა უნდა მექნა. პარლამენტში შემოსვლა არ ნიშნავს ვანოსთან შეკვრას. შეიძლება არ იყო დეპუტატი და ისე იყო შეკრული მერაბიშვილთან. ვერ გამიგია იმ ხალხის, ვინც მანდატები დახია. შე კაი ადამიანო, თუ არჩევნებში მონაწილეობ, კომისიებს ადგენ, ფულს ხარჯავ, ოქმებზე ხელს აწერ და არჩევნებს "აპრავებ", მერე რა აზრი აქვს მანდატზე უარის თქმას? მე თუ პარლამენტში შემოვედი, რა, აღარ ვარ ოპოზიცია?

- გასაგებია, რომ არ ხართ ვანოსთან შეკრული, მაგრამ მოდი, გულახდილად გვითხარით, მცდელობაც არ ყოფილა თქვენი მოსყიდვის?

- მცდელობა როგორ არ იყო, თანაც საკმაოდ დიდ თანხას მთავაზობდნენ...

- მაინც რამდენს?

- ძალიან დიდ თანხას...

- 50 ათასს?

- 50 ათასი რა თანხაა, მაგას ვერც გამიბედავდნენ... 500 ათას დოლარს მთავაზობდნენ.

- ნახევარ მილიონს? და უარი თქვით?

- რა თქმა უნდა!

- ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან.

- ბრძანეთ.

- მეორედ რომ შემოგთავაზებენ და უარს იტყვით, ჩვენთან გამოუშვით, მაგდენს არც მოვთხოვთ...

- კარგი, გადმოვამისამართებ თქვენთან, მაგრამ არ გირჩევთ აღებას... მოსყიდული დეპუტატი, კიდევ არაფერი, მოსყიდული ჟურნალისტი საშინელებაა...

- მაგ შემთხვევაში ჩვენ მოსყიდული ჟურნალისტები აღარ ვიქნებით, გია ბატონო!

- აბა, ვინ იქნებით?

- დამწყები ბიზნესმენები.

- მესმის თქვენი, მაგრამ ამათგან ფულის აღებას მაინც არ გირჩევთ.

- ახლა ასეთ კითხვას დაგისვამთ: - ერთხელ მიტინგზე გამოხვედით და ხალხს უთხარით, პარლამენტში იმიტომ ვარ, რომ რასაც ხელისუფლება იქ შავ-ბნელ საქმეებს აკეთებს, გარეთ გამოვიტანო და თქვენ გითხრათო.

- კი, მასე ვთქვი.

- მერე, ქუთაისში ვერ გაგიგებენ... ეგ საქციელი იქ "არაკაიბიჭურია".

- არა, მე გამიგებენ, იმიტომ, რომ ქუთაისი და იმერეთი ჩემი მშობლიური კუთხეა...

- ანუ მხარს უჭერთ პარლამენტის ქუთაისში გადატანას?

- მხარს ვუჭერ, რა... მაინტერესებს ერთი, როგორ ივლიან აქედან ქუთაისში... მაგათ იკითხონ, თორემ მე რა მენაღვლება, წავალ ჩემს მშობლიურ ბაღდათში... წამოვწვები მუხის ჩრდილში... ბებიაჩემს წიწილები ბლომად ჰყავს, ინდაურები... ხაჭაპურს შესანიშნავს აკეთებს...

- უმრავლესობის წევრებს არ დაპატიჟებთ?

- გამორიცხულია... ეყოფათ, რაც ჭამეს.