"სულ იყო რვა მოთხოვნა და მეტ-ნაკლებად ყველა დაკმაყოფილდა" - კვირის პალიტრა

"სულ იყო რვა მოთხოვნა და მეტ-ნაკლებად ყველა დაკმაყოფილდა"

სახელისუფლებო მონაცემებით, საქართველოში ყოველი 10 ადამიანში ერთი ჯაშუშია. მათი დაჭერა და გამოვლენა ისეთი ტემპით ხდება, რომ მალე 10 ადამიანს შორის 3 ჯაშუში გვეყოლება, თანაც მრავალნაირი ჯაშუშები გვყავს - პოლიტიკოსები, ექსპერტები, ფოტოგრაფები...

საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე ეს წრე უფრო მრავალფეროვანი გახდება. ჯაშუშების რიგებში შეიძლება აღმოჩნდნენ პიანისტები, მარკშეიდერები, მთამსვლელები... მალე ჯაშუშების რაოდენობა გადააჭარბებს არაჯაშუშების რაოდენობას.

მათი დაჭერის პარალელურად მთავრობამ უფრო მეტად გაგვახარა და დენის გადასახადს დასუფთავების გადასახადი მიაბა (ჩვენ ვიცოდით, რომ ერთ დღესაც ჩვენი, იუმორისტების, დრო დადგებოდა) და ეს აღფრთოვანება დაგემოვნებული არც კი გვქონდა, რომ მთავრობამ მემარჯვენეები "დაკერა". ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია და ერთ-ერთ "დაკერილს", ფიქრია ჩიხრაძეს მივადექით ინტერვიუსთვის.

- ქალბატონო ფიქრია, ფოტოგრაფებს რა უნდა გაეკეთებინათ ჯაშუშური?

- არ ვიცი, თუ 26 მაისს ან შერონ სტოუნის ჩამოსვლის დროს გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება...

შესაძლოა, შინაგანაწესი დაარღვიეს, მაგრამ ეს სხვა რამეა და არა - ჯაშუშობა.

- მე მგონი, ესენი პროფესიების მიხედვით აშინებენ ხალხს, მაგალითად, ორშაბათი - ფოტოგრაფები, სამშაბათი -  ველოსიპედისტები და ასე შემდეგ... 2013 წლამდე ყველა პროფესიის ადამიანები შეშინებული იქნებიან.

- დაშინება რომ მიდის, ეს ფაქტია. ნახეთ, როგორია შალვა რამიშვილის გადაცემები. დემეტრაძის ამბავს შეგახსენებთ. ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, ვინც გაბედავდა იმის თქმას, რომ დემეტრაძე უყვარდა. პარლამენტარებს რომ ეშინიათ, მესმის, მაგრამ სტადიონზე რისი ეშინიათ?

- თქვენ ისეთ დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, მგონი, თქვენც შეგაშინეს უკვე, თუ ყვავს კაკალი გააგდებინეთ?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუჩის აქციებმა ძალიან დიდი ხნით ამოწურა თავი საქართველოში და ცრუ ილუზია აღარ უნდა გაგვეჩინა საზოგადოებისთვის. მით უმეტეს, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. საარჩევნო კანონმდებლობა,  შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრისა დ ექსპერტთა წრისთვის, მაგრამ...

- ორასი ათასი კაცი რომ გამოსულიყო?

- არ გამოვიდოდა, ეს წარმოუდგენელი იყო.

- რას ამბობთ, ქალბატონო ფიქრია,  ორასი ათასი მხარდამჭერი აღარ გყავთ?

- როგორ არა, ორასი ათასი კაცი, შესაძლოა, არჩევნებში ხმას გაძლევდეს, მაგრამ ქუჩაში არ გამოვა.

- ისე, რა მაინტერესებს... ყველა პარტია ამბობს, ასიათასობით კაცი გვაძლევს ხმასო და ნაციონალებს, რომ შეკრიბო, საერთოდ არ ხვდება ხმა?

- ნაციონალები რომ ხმას აყალბებენ, არ იცი?

- ეეჰ, მე კი ვიცი, ქალბატონო ფიქრია, მაგრამ ისეთ დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, მგონი, თქვენ არ იცით. ისე, სულ რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა?

- სულ იყო რვა მოთხოვნა და ყველა დაკმაყოფილდა მეტ-ნაკლებად.

- რვავე?

- რვავე.

- და ექვსმა პარტიამ ვერ გაიგო ამ უდიდესი მიღწევის შესახებ?

- ირაკლი ალასანიამ თქვა, ეს შემოთავაზება კარგია, მაგრამ ჩვენთვის ულტიმატუმის ენა მიუღებელიაო. ულტიმატუმის ენა არც ჩვენ მოგვეწონა, მაგრამ ეს იყო ერთადერთ რამეზე გათვლილი - თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მერე ჩვენ ამ წინადადებებს დავკეცავთ, ჯიბეში ჩავიდებთ და ვიტყვით, რომ ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ...

- ვინც მოაწერს ხელს, მილიონს მიიღებსო. ეს რას ნიშნავდა?

- ეს ხელისუფლების შემოგდებული იყო.

- არ ჩაგირიცხეს?

- პარტია მონაწილეობს არჩევნებში. ჩვენი აქილევსის ქუსლი არის  ფინანსური არათანაბრობა. ბოლო არჩევნებში ხელისუფლებას ოფიციალურად დახარჯული ჰქონდა 14 მილიონი და ალიანსს, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება - 130 ათასი.

-  რვავეს რომ მოეწერა ხელი, ხომ მიიღებდით 8 მილიონს? რა ეკონომიურად გამოვიდა ხელისუფლება?

- არა, ასე არ არის. საარჩევნო ხარჯები გვქონდა დათვლილი. ვამბობდით, რომ ნორმალური კამპანიის საწარმოებლად, მინიმუმ 2 მილიონი ლარი გვინდა და უკეთეს შემთხვევაში - 2 მილიონი დოლარი. ხელისუფლებამ გვითხრა, ეგ ბევრიაო.

- მართლა კარგი ბიზნესი ყოფილა პოლიტიკა, ვაჭრობაც მოსულა, არა?

- კი, ასე ხდება. თანხა პარტიას მაშინ ეძლევა, თუ 5%-იან ბარიერს გადალახავს.

- ესე იგი ხელისუფლების წისქვილზე წყალი არ დაასხით?

- რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ხელისუფლებას არ მივეცით საბაბი, რომ ეთქვათ, შევთავაზეთ, მაგრამ უარი თქვესო. ყველამ იცის, რომ ეს წინადადებები ძალიან მნიშვნელოვანია და მოდი, გაილანძღონ მემარჯვენეები, ჩვენ ხომ მაინც ვისარგებლებთო.