ფელეტონი - კვირის პალიტრა

ფელეტონი

"გამპრავებლები"

- ისევ უმუშევარი ხარ ხო, შე საწყალო? - დამინახა თუ არა, შესძახა ჩემმა მეგობარმა, მერე ჩემს ტოტალიზატორის წაგებულ ბილეთს დააცქერდა და მკითხა, - არ გინდა სამუშაო?

სამუშაო როგორ არ მინდოდა, მაგრამ დიდი ხელფასი რომ მომეთხოვა, ძალიან დაფასებული სახე მივიღე (ძმაკაცმა მასწავლა, ასე ქენიო) და ვთქვი:

- გააჩნია სამუშაოს.

მეგობარი ეშმაკობას მიმიხვდა (საუბედუროდ, ის ძმაკაცი საერთო გვყავდა). ხელმკლავი გამომდო და მანქანაში ჩამსვა.

მეც მივხვდი, რომ მეგობარი მიმიხვდა და ვიკითხე:

- კარგი, რა სამუშაოა ასეთი?

- ხელფასი მაღალი გექნება, მაგრამ..…

- რა, მაგრამ? - შემეშინდა მე.

- მაგრამ ნამუსი უნდა გადადო დროებით გვერდზე.

შევყოყმანდი, თუმცა გამახსენდა, რომ მხოლოდ ერთი ლარი მედო ჯიბეში და დავთანხმდი.სამუშაო კი ასეთი იყო: ერთ-ერთ ოფისში, უცნაური სახელით "არლამენტი", კლიენტებისთვის უნდა გაგვეწია დახმარება. ჩემი მეგობრის გარდა ოფისში კიდევ ერთი თანამშრომელი მუშაობდა.

მალე გამოჩნდა პირველი კლიენტიც, რომელიც ცოლს სახლიდან გამოეგდო.

- რატომ გამოგაგდო? - ვკითხე მე.

- საყვარელი მყავდა სახლში... ცოლი წასული იყო, მაგრამ მოულოდნელად დაბრუნდა და ლოგინში წაგვადგა თავს, მიშველეთ რამე.

- ნუ გეშინია, - გაამხნევა ჩემმა მეგობარმა, - მოვიფიქრებთ რამეს.

კლიენტი წავიდა, ჩვენ კი კრეატიული თათბირი გავმართეთ.

- მოდი, ვთქვათ, რომ ქალი ძალიან მახინჯი იყო, - თქვა ჩვენი ოფისის მეორე თანამშრომელმა.

- მერე? - დავინტერესდი მე.

- მერე, ვითომ აყაჩაღებდა და ეუბნებოდა, ჩქარა, მითხარი, ფული სად გაქვსო?

- მერე? - ახლა ჩემი მეგობარი დაინტერესდა.

- მერე ვითომ ამან არ თქვა, მახინჯმა ქალმა კი გაუპატიურება დაუწყო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა ცოლიც.

იდეა ბრწყინვალე იყო, სასწრაფოდ დავურეკეთ კლიენტს და ავუხსენით, რა უნდა ეთქვა ცოლისთვის. მოვლენები ძალიან კარგად განვითარდა - ცოლი შეურიგდა ქმარს, ხოლო საყვარელი ციხეში ჩასვეს გაუპატიურების მუხლით.ოფისის საქმეები ნელ-ნელა ეწყობოდა, კლიენტი უამრავი გვყავდა. ერთ დღესაც მერიის თანამშრომელი მოგვადგა და გვთხოვა:

- ბიჭებო, დენის გადასახადს ნაგავი უნდა მივაბათ და აბა, თქვენ იცით, ისეთი რამე მოიფიქრეთ, რომ ეს გავაპრავოთ. ხომ იცით, ფულზე გულს არ დაგწყვეტთ.

ურთულესი საქმე იყო, მაგრამ სიძნელეს არ შევუშინდით და ფიქრი დავიწყეთ:

- "მტერი ორმოც კილომეტრშია" - არ გამოგვადგება? - ვიკითხე მე.

- არა, არ გამოგვადგება, - იუარა ჩემმა მეგობარმა.

- "თუ არ გადავიხდით, რუსეთის წისქვილზე დავასხამთ წყალს"? - აზრი გამოთქვა მეორე თანამშრომელმა.

- არც ეს, - ფიქრიანად უპასუხა ჩემმა მეგობარმა, - რაღაც ახალი გვინდა.

- მომაფიქრდა, - დავიყვირე მე, - ვთქვათ, ვითომ ეს ისეთი კანონია, ღარიბებს გადასახადი ცოტა მოუწევს და მდიდრებს - ბევრი, რაც სოციალურ თანასწორობას დაამყარებს. როგორია?

- ცუდი არაა, - გაუხარდა მეგობარს, - თანაც დავამატოთ, რომ სამაგიეროდ ქალაქი სუფთა იქნება და მოქალაქეების სიხარულს საზღვარი არ ექნება.

- კი მაგრამ, - ეჭვიანად იკითხა მეორე თანამშრომელმა, - ხუთ- ექვსჯერ მეტი გადასახადი რომ მიუვა მოსახლეობას?

- ეგ არაფერი, - ვთქვი მე, - ასეთ ხალხს ავუხსნით, რომ რადგან ბევრი გადასახადი მოუვიდათ, ესე იგი მდიდრები ყოფილან და საწუწუნოდ კი არა, სასიხარულოდ ჰქონიათ საქმე.

- გადაწყვეტილია, ბრწყინვალე იდეაა! - შესძახა გახარებულმა ჩემმა მეგობარმა და მერიაში დარეკა.

მერიაში ჩვენი პროექტი მოიწონეს და დანაპირებზე მეტი ფული მოგვცეს, თან დაგვპირდნენ, თქვენთან კიდევ უამრავი საქმე გვექნება და აბა, თქვენ იცითო. ნელ-ნელა პოპულარულები ვხდებოდით. უკვე საოჯახო წვრილმან საქმეებს არ ვიღებდით, მერიიდან უამრავი საქმე შემოდიოდა. ჩვენდა სასიხარულოდ, პარლამენტმაც ისეთი კანონების მიღება დაიწყო, რომ პარლამენტარები ჩვენს ოფისში უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე პარლამენტში. მოკლედ, ფული თავზე საყრელად გვქონდა და რეგიონებში ფილიალებიც კი გავხსენით.

ერთ დღეს ნიღბიანი კაცი მოგვადგა და უფროსი იკითხა:

- მე ვარ, - მიუგო, ცოტა არ იყოს, შეშინებულმა ჩემმა მეგობარმა.

- თუ შეიძლება, გვერდზე გავიდეთ, - უთხრა ჩვენმა უცნაურმა სტუმარმა. მე ყურები დავცქვიტე და რამდენიმე წინადადება გავარჩიე კიდეც.

- დიახ, მესმის, - თავს უკანტურებდა ჩემი მეგობარი.

- პარლამენტარად გახვალ, ყველაფერი გექნება, რაც გინდა, ოფისსაც ლობირებას გაუწევ, - ეუბნებოდა ნიღბოსანი.

მერე ხმა უფრო დაიდაბლა და აღარაფერი მესმოდა. თუმცა საუბრის დასასრულს მხოლოდ ერთი წინადადება გავარჩიე:

- ხომ გესმის, მისი პირველ პირად დარჩენა ძალიან დემოკრატიული უნდა ჩანდეს არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებრიობისთვისაც. აბა, შენ იცი.