კალიფორნია - ახალი საქართველო - კვირის პალიტრა

კალიფორნია - ახალი საქართველო

როგორც ჩვენს ერთგულ მკითხველს მოეხსენება, პერიოდულად ვაკეთებთ რუბრიკას "იდეების გენერატორი"  და ჩვენს "იდეებს" ვაწვდით როგორც ხელისუფლებას, ისე - ოპოზიციას. საგულისხმოა, რომ რამდენიმე იდეა მართლაც გაითვალისწინა როგორც ხელისუფლებამ, ასევე - ოპოზიციამ, რისთვისაც მადლობას ვუხდით, ვამაყობთ კიდეც, რომ ორიგინალურ იდეებში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ტოლს არ ვუდებთ, თუმცა ვაღიარებთ, რომ ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა ყველას გვაჯობა და ისეთი იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ხელისუფლებასაც ეშველება, ოპოზიციასაც და ხალხსაც. ბატონი დავით ზურაბიშვილის იდეა ასეთია: თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა შესაძლებელია ბათუმში ან პარლამენტის - ქუთაისში, რატომ არ შეიძლება მთლიანად ქვეყნის გადატანა უკეთეს ადგილას? - მაგალითად, კალიფორნიაში.

- რატომ მაინცდამაინც კალიფორნიაში და არა სხვა შტატში, დავით ბატონო? მაგალითად, ჯორჯიაში, სახელმოზიარეა ჩვენი.

- ჯორჯიაში ცუდი კლიმატია, ნამყოფი ვარ იქ, აი, კალიფორნია ზედგამოჭრილია ჩვენთვის, იქ მთებიცაა, ვაზიც ხარობს... ზღვა არ არის, მაგრამ ოკეანეა, ჰაერიც სუფთაა, მთავარია, ამერიკის პრეზიდენტს მოველაპარაკოთ და გამოგვიყოს ზუსტად 69 700 კვ/კმ. იმხელაა კალიფორნია, ვერც გაიგებს, რაიმე თუ დააკლდა.

- ანუ, გაცვლას სთავაზობთ, როგორც მივხვდი.

- კი, ეგრეა, ჩვენ დავუთმობთ ამ ტერიტორიას, სადაც მოეწყობა უდიდესი ამერიკული სამხედრო ბაზა.

- მერე რუსეთი ხომ აიკლებს ყველაფერს?

- რას იზამს მერე? თუ ომს დაიწყებს, დაიწყოს, ჩვენ შორს ვიქნებით და სხვას კისერი უტეხია.

- შესანიშნავი იდეაა, ბატონო დავით, მაგრამ დავუშვათ, მოეწონა ჩვენს ხელისუფლებას ეს იდეა...

- მაგაზეც ვიფიქრე, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ სანამ ობამა პრეზიდენტია, არა მგონია, დათანხმდეს.

- კარგი, იდეას დავუბრუნდეთ, კიდევ რა დადებითი მხარე აქვს ჩვენს იქ გადასახლებას?

- ძალიან ბევრი, მაგალითად, კალიფორნიაში ბევრი სომეხი ცხოვრობს, ასე რომ, მეზობლებითაც ვერ ვიგრძნობთ თავს უცხოდ.

- ჰო, მაგრამ მოგეხსენებათ, აქ ცხოვრობს ხალხი, რომელთაც რუსეთი ახლაც ენატრებათ, იმათ რა ვუყოთ?

- დარჩნენ აქ, რა პრობლემაა...

- და ხელისუფლებას ვტოვებთ თუ გზადაგზა ვცვლით?

- ვტოვებთ. კალიფორნიაში გზები დაგებულია, დენი, წყალი და გაზი არის, ერთი-ორი ქალაქის აშენება იქნება საჭირო, ეს კი ძალიან უყვარს ჩვენს პრეზიდენტს. აქ თუ სიძველეთა დამცველები უშლიან ხანდახან ხელს, იქ სრულად გაშლის თავის არქიტექტურულ ფანტაზიებს.

- დავუშვათ, განხორციელდა იდეა, პირველი ვინ მიდის?

- პირველ რეისზე მერაბიშვილს გავუშვებთ, თავის პოლიციანად, მიიხედ-მოიხედავს, მოწესრიგებულს დაგვახვედრებს იქაურობას. მერე მიდიან "რუსთავი 2" და "იმედი".

- მეორე რეისზე "რუსთავი 2" და "იმედი" რატომ?

- აბა, მიშა რომ ჩავა, პირდაპირი ჩართვა ხომ უნდა გააკეთონ? წარმოიდგინეთ, რამხელა მოგებას ვნახავთ, რუსეთს ვცილდებით, ტერიტორიულ მთლიანობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, და ამერიკის გარდა, არავისთან გვექნება საზღვარი.

- გასაგებია, მაგრამ ამერიკა დემოკრატიის ეტალონია და ჩვენი მთავრობა მთლად ვერ დემოკრატიულობს... სხვა ქვეყანა ხომ არ აჯობებს, მაგალითად, ავსტრალია.

- არა, რა ავსტრალია, ჩვენ თუ ავიღებთ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას, ამერიკა ჯობია, სააკაშვილი და მისი გუნდი ამ ქვეყანას არ უყურებს, როგორც სამშობლოს, ეს მათთვის არის მიწის ნაკვეთი, რომელიც მოუზომეს და უთხრეს, აჰა, მიდით და რაც გინდათ, აკეთეთო, ჰოდა, მოვიდა "სასტავი" და აკეთებს იმას, რაც უნდა. საკუთარი ჰგონიათ ეს ქვეყანა და ამიტომაც მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად მოუზომავენ მიწის ნაკვეთს. მთავარია, პატრონს დაემორჩილოს.

- გასაგებია, მაგრამ ამერიკა ხომ დემოკრატიის სამშობლოა...

- ჩვენ მათთვის ვართ საცდელი ქვეყანა, ჩვენზე ცდებს ატარებენ. მათთან კი არის დემოკრატია, მაგრამ სხვაგან მათთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესები, ამიტომ სიტყვით კი გეუბნება, იყავი დემოკრატიულიო, მაგრამ თუ არ იქნები, მთავარია მათი პარტნიორი იყო და რაც გინდა, იყავი. მეგობარი მყავს ერთი, ლიტველი პოლიტოლოგი, ძალიან კარგად იცნობს ამერიკას. მან მითხრა, როცა მეკითხებიან ამერიკაზე, როგორი ქვეყანააო, ვუპასუხებ, რაც კი გაგიგიათ ამერიკაზე, ყველაფერი მართალია, ანუ კარგიც მართალია და ცუდიც-მეთქი.

- თუმცა ამ ბოლო დროს, მგონი, შემოსწყრა ობამას ხელისუფლება მიშას.

- ხანდახან ასეც ხდება, რადგან სააკაშვილი ამ ბოლო დროს ძალიან არაადეკვატური და სასაცილო გახდა. თუნდაც ბოლო მისი ვოიაჟი ავიღოთ. ჯერ სვანეთში ისრიალა, მერე ზღვაში ჩაყვინთა, რამაც მის ჯანმრთელობასაც კი სერიოზული ზიანი მიაყენა, ძლივს გადაარჩინეს... ასეთი ცვლილება - ჯერ მთა და მერე ზღვის ფსკერი - ორგანიზმისთვის ძალიან მავნეა.