წინასწარმეტყველებები - კვირის პალიტრა

წინასწარმეტყველებები

დიდი დრო არ გასულა, რაც ალბათობის თეორიითაც კი შეუძლებლად, საგადასახადოს კომპიუტერში "მედიაპალიტრის" ექვსი ფირმა ერთდროულად ამოვარდა და შემოწმება დაიწყო.

მერე იყო და  თბილისის მერიამ გვითხრა, კონდიციონერიანი სამარშრუტო ტაქსები გეყოლებათ და არც მგზავრობა გაძვირდებაო, მაგრამ მგზავრობაც გაძვირდა, სამარშრუტო ტაქსებშიც ისევ ფეხზე ვდგავართ. სულ ახლახან კი - ანძა იყიდებაო! მოკლედ,  საქართველოში ყველაფერი ნელ-ნელა, რუდუნებით, მაგრამ მაინც მიდის ერთმმართველობისკენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეანალიზებინა ყველაფერი და ჩვენი მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა მოხდება უახლოეს მომავალში. მაშ ასე, გთავაზობთ ჩვენს რამდენიმე წინასწარმეტყველებას:

1. ლაპარაკის დროს აუცილებელი გახდება ნაციონალური მოძრაობის ან პრეზიდენტის რომელიმე სლოგანის თქმა, რასაც ასეთი დიალოგები მოჰყვება:

ა) - მიშა მაგარია და გამარჯობა.

- გასაკეთებელი კიდევ ბევრია და გაგიმარჯოს.

ბ) ჩვენ რეიტინგებში პირველები ვართ და რა ქნა გუშინ "ბარსელონამ", ხომ არ იცი?

გ) გზები დავაგეთ, 24-საათიანი ელექტროენერგიაა და კუჭის წყლული გამიჩნდა, მგონი.

დ) ქვეყანაში კორუფცია აღარ არის და ამ საღამოს რას აკეთებთ?

2. აიკრძალება სიტყვა "თავისუფლება", რის შედეგად:

ა)  ფეხბურთში აიკრძალება თავისუფალი დარტყმა.

ბ) შეიცვლება მამუკა ჩარკვიანის სიმღერა და ის ასეთ ფორმას მიიღებს: "ლა, ლა, ლა ლა ლა ისე არ მოდის,  ლა ლა ლა ლა ლა ლომთა ხვედრია."

გ) ტაქსის მძღოლს შეეკითხებით ასე: - უკაცრავად, ... ხართ? ისიც გიპასუხებთ: - კი ... ვარ.

დ) ჯარში კაპრალი ასე მიმართავს რიგითებს: "სწორდით, სმენა!" "სწორდით, სმენა!" და ასე დაუსრულებლად.

ე) ვერასდროს გაგათავისუფლებთ სამსახურიდან შეფი და ვერ გეტყვით, თავისუფალი ხარო.

ვ) მეტროს გამომცხადებელი ქალი სადგურ "რუთაველის" შემდეგ გამოაცხადებს: "შემდეგი სადგური ... მოედანი."

3. აიკრძალება ყოველგვარი მიტინგები, მანიფესტაციები და შეკრებები, თუ ხალხის ლოზუნგი არ იქნება შემდეგი სახის:

ა) გაიზარდოს სამარშრუტო ტაქსის ღირებულება, რამდენითაც გაგისწორდებათ, იმდენით!

ბ) ჩინოვნიკებო, ყოველ წელს გამოიცვალეთ ჯიპები!

გ) მოვითხოვთ, გუბერნატორებს და მინისტრებს მიეცეთ უფლება, თვეში ორჯერ დაინიშნონ პრემია!

დ) თუ სამშობლოს სჭირდება, მზად ვარ, ვიყო, რომელი ქვეყნისაც გინდათ, იმ ქვეყნის ჯაშუში!

4. სამშობლოს კეთილდღეობის მიზნით გადაკეთდება ლექსი "მოდი, ვნახოთ ვენახი" და ის ასეთ სახეს მიიღებს:

"მოდი, ვნახოთ დენის გადასახადი, რა მიაბეს დენის გადასახადს? მიველ, ვნახე დენის გადასახადი, ნაგვის გადასახადი მიაბეს დენის გადასახადს; მოდი, ვნახოთ ნაგვის გადასახადი, რა მიაბეს ნაგვის გადასახადს? მიველ, ვნახე ნაგვის გადასახადი, ტელეფონის გადასახადი მიაბეს ნაგვის გადასახადს!.."

პ.ს. თავს არ შეგაწყენთ ამ ლექსის სრული ვერსიით, უბრალოდ, გეტყვით, რომ ასე მთავრდება: "მოდი, ვნახოთ ძროხა, რას მიაბეს ძროხა? მიველ, ვნახე ძროხა, დღგ-ს მიაბეს ძროხა!"

5. გაჩნდება ფსიქოლოგიის ახალი დარგი, რომელიც დეპრესიულ ადამიანებს დაუნიშნავს წამალს - მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ყურება დღეში სამჯერ, ბათუმის  ხედების ფონზე.

6. მეცნიერები გამოიგონებენ ღილაკზე ხელის დასაჭერ ხელსაწყოს, რაც დეპუტატებს შრომას გაუადვილებს და მექანიკურად დააჭერინებს ხელს ღილაკზე - "დიახ".

7. ოპოზიციაზე ან კარგს ვიტყვით, ან - არაფერს.

8. შეიცვლება მუჰამედის ცნობილი გამონათქვამი და ის შემდეგ სახეს მიიღებს: "თუ ტენდერი არ მივა ნაციონალთან, ნაციონალი მივა ტენდერთან."

9. შოთა მალაშხია კვლავ დარწმუნებული იტყვის, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში დაშლა ემუქრება.