ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ტვინი და ენა

პოეზიისა და იუმორის დიდად მოყვარული კაცი, ჯუმათელი ლერი დარჩია დილით ქალაქში წასასვლელად გაემზადა (ლერი ცოტა ენას უკიდებს).

- ბიჭო, ლერია! - გასძახა ცოლმა.

- რა იყო, მმედიკო?

- ბაღნებს კატლეტი მოენატრათ და სამი კილო ხორცი მოიტანე!

- აარის, ქალბატონო მედიკო!

ბაზარში ლერიამ ყასაბი გააფრთხილა, სამი კილო საქონლის ხორცი შემინახეო. თვითონ კი მეგობრებთან ერთად სასადილოში შევიდა საქეიფოდ.

დღის ბოლოს ნაქეიფარი ლერია ყასაბს მიადგა და ხორცი მოსთხოვა, იმან კი თავში შემოირტყა ხელი:

- უიმე, ლერია, სულ დამავიწყდა...

- დდევიღუპეე, მმომკლავს მედიკოო! - ახლა ლერიამ შემოირტყა თავში ხელი.

- ბიჯო, ენა და ტვინი დამრჩა მხოლოდ. ჭკვიანი ქალი მოიფიქრებს და რაღაცას გააკეთებს ამისგან, - შესთავაზა ნირწამხდარმა გამყიდველმა.

- მომეცი, - უხალისოდ ჩაიქნია ხელი ლერიამ, ხორცი შინ წაიღო და მაგიდაზე დააგდო, იფიქრა, გავიპარებიო, მაგრამ იმ წუთას ცოლის ყვირილი დაედევნა:

- რა ჯანდაბად მინდა, ბიჯო, აი ენა და ტვინი?!

- მმედიკო, გამოგგვადგება, ტვინი შენ არ გაქ და ენა - მე, - ცოლიც დააწყნარა და გულიც დაიმშვიდა ლერიამ.

ალეკო მითიაშვილი ოზურგეთის რაიონი, სოფელი ჯუმათი

KvirisPalitra.Geთვალებზე დააკვირდი

მეუღლემ თევზის საყიდლად ბაზარში გამგზავნა, თან დამაბარა, გამყიდველმა არ მოგატყუოს, თვალებზე დააკვირდიო. შევედი ბაზარში, ამოვარჩიე თევზი და გამყიდველს (ახალგაზრდა ქალი იყო) ვუთხარი, ორი კილოგრამი ამიწონე-მეთქი, თან თვალებში ვუყურებ. შეიშმუშნა ახალგაზრდა ქალი, ცდილობს, თვალი ამარიდოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს დარცხვენილმა მკითხა:

- ბიძია, რაშია საქმე, ასე რატომ მიყურებთ?

ვერ მოვითმინე და - მეუღლის დანაბარებს ვასრულებ ზედმიწევნით-მეთქი, ავუხსენი. სადღა იყო სიმორცხვე! გადაიკისკისა და მითხრა:

- მე კი არა, თევზს უნდა დააკვირდეთ თვალებზე, ამით მიხვდებით, ახალია თუ ძველი...

რევაზ პეტრიაშვილი, თბილისი