მკვდრეთით აღმდგარი - კვირის პალიტრა

მკვდრეთით აღმდგარი

ლევანი ათი წლის წინ წავიდა საქართველოდან. ბავშვობიდან ამერიკა მისი ოცნების ქვეყანა იყო და ერთი სული ჰქონდა, თავისი "დაქცეული" გურიიდან როდის გააღწევდა, მაგრამ ფეხი დადგა თუ არა უცხო მიწაზე, პირველმა აღტაცებამ მალე გადაუარა და ისეთმა ნოსტალგიამ დარია ხელი, კინაღამ გაგიჟდა.

პირველი სამი წელი ყველაზე მძიმე გამოდგა. ბავშვობაში ნანახი სიმწარე ახლა შაქარივით ტკბილი გამხდარიყო. ბოლო წლებში სულ იმას ოცნებობდა, როდის ეღირსებოდა საქართველოში, მონატრებულ გურიაში ჩამოსვლა და როგორც იქნა, ეღირსა სამშობლოს მონახულება. ნათესავები და ბავშვობის მეგობრები დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. ლევანს თვალზე ცრემლი მოადგა, დამხვდურებს შორის რომ არ იყო მისი ტკბილი ბებია. ლუბა ბებო ლევანას წასვლიდან მეორე წელს გარდაცვლილა.

ორი მშფოთვარე და ხმაურიანი დღის შემდეგ ლევანმა გადაწყვიტა ბებიის  საფლავზე წასულიყო. ორი საათი მაინც იჯდა ხის სკამზე. აგონდებოდა ბებია, ლაღი და უდარდელი ბავშვობა...

თურმე, რამდენი წასულა ამ ქვეყნიდან. აგერ სამსონი, მათი კლუბის უცვლელი გამგე. რამდენს აწვალებდნენ  ბიჭები. უბილეთოდ არავის უშვებდა ფილმის სანახავად, ისინი კი ფანჯრებიდან ძვრებოდნენ და საწყალი სამსონი ერთი საათი მაინც უნდებოდა უბილეთოების კლუბიდან გამოძევებას. აგერ, სკოლის დარაჯი თორნიკე ბიძია,  13-14 წლის ბიჭებს სულ იმას ეუბნებოდა, შიში ოხერია, ნამეტანი დიდი თვალები აქვს, მარა  თქვენ იმფერი ბაღნები ჩანხართ, ცხოვრებაში ვერავინ შეგაშინებთო, აგერ ბადრიე ღლონტი, ნეტავ რით გარდაიცვალა. ახლა ხომ 55-ის იქნებოდა, მეტის არა, - ხმამაღლა გაიფიქრა ლევანმა და მართლა გული დასწყდა. ბადრი მისი პირველი და დაუვიწყარი სიყვარულის, ეკას მამა იყო, რომელიც შვილის თაყვანისმცემლებს (მათ შორის, ლევანსაც) თოფით იგერიებდა. მეათე კლასში ეკა ოზურგეთელმა ბიჭმა მოიტაცა და ლევანის ოცნებასაც  შეეკვეცა ფრთები.

ბიჭმა კიდევ დიდხანს იარა თანასოფლელთა საფლავებს შორის  და უკან გამობრუნებულს წინ მაღალი კაცი აესვეტა:

- ბიჭო, ლევანა, ჩამოხვედი? რავა ხარ, შე ფირალო, გავარდი ამერიკაში და დეივიწყე ხომ, გურია? - იდგა და იკრიჭებოდა ბადრიე ღლონტი. ლევანს გაახსენდა თორნიკეს ნათქვამი - შიში ოხერია, ნამეტანი დიდი თვალები აქვსო და მიხვდა, რომ თვალები საცრისოდენა გაუხდა. უნდა, რომ მიესალმოს კაცს, მაგრამ მკვდარს როგორ დაელაპარაკოს, ეგ არ იცის. ცივმა ოფლმა დაასხა. ნაბიჯი ვეღარ გადადგა წინ. სამაგიეროდ, ბადრიე გაიწია მისკენ და ხელი გაუწოდა, - რაფერ ხარ-თქვა? - გაუმეორა "მიცვალებულმა" და მიაჩერდა ყოფილ სასიძოს. "რა დარტყმულიც სიცოცხლეში იყო, ისეთივეა მკვდარიც. აბა, რა გამოცვლიდა ამ შექანებულს", - გაუელვა თავში და უკან დაიხია. "მკვდარმა" კი კვლავ მისკენ გაიწია და ხელის ჩამორთმევა რომ აღარ აღირსა ამერიკელმა გურულმა, გადაკოცნა გადაწყვიტა. ლევანს შიშით ზმუილი აღმოხდა, მერე შეჰყვირა - არ მომეკაროო და უკანმოუხედავად გაიქცა...

სახეზე ფერი არ ედო შინ რომ შევარდა. დამალვას აზრი არ ჰქონდა და გამოუტყდა თავისიანებს, - მკვდარი ბადრიე გამომიდგა, იმ დალოცვილს არ ეყო, მთელი ბავშვობა რაც თოფით მდია, მკვდარია და ახლაც არ მასვენებსო. ამის თქმა იყო და იფეთქა სიცილმა. თურმე, ამ მართლა შეჩვენებულ კაცს წინდაწინ გაუკეთებია საკუთარი საფლავი, აქაოდა, შვილებს ჩემთვის არ ეცლებათ, მე კი გემოვნებით გავაკეთებ ყოლიფერს და მეცოდინება, რაფერი მუდმივი ადგილსამყოფელი მექნებაო.

საღამოს, ძღვენით ხელდამშვენებული "მკვდრეთით აღმდგარი" ბადრიე ღიმილით მიადგა ჭანუყვაძეების ჭიშკარს.

ლევანის სახლიდან გამოსული კრიმანჭული მთელ სოფელს ეფინებოდა. გაამერიკელებული გურული კი მიხვდა, რომ ამქვეყნიური სამოთხე სწორედ გურიაში იყო.