"შერონ სტოუნს სამი დღე ახსოვდა, რომელ ქვეყანაში იყო" - კვირის პალიტრა

"შერონ სტოუნს სამი დღე ახსოვდა, რომელ ქვეყანაში იყო"

ზაფხულის სიცხეებმა იმძლავრა, დადგა ეგრეთ წოდებული მკვდარი სეზონი. პოლიტიკაშიც საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ოპოზიცია დასასვენებლად ემზადება, სამაგიეროდ, ხელისუფლება არ ისვენებს და გრანდიოზული სანახაობებით გვაწონებს თავს - შერონ სტოუნის, სტინგის და კრის ბოტის შემდეგ ენრიკე იგლესიასის ჯერი დადგა და რამდენიმე დღის წინ ბათუმში შთამბეჭდავი კონცერტი გაიმართა. ჰო, კიდევ ერთი, რაც წინა კვირას საინტერესო მოხდა, ის იყო, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისეთ ქვეჯგუფში მოხვდა, აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის გასვლა უფრო შესაძლებელია, ვიდრე ჩვენი გუნდისა - შემდეგ ეტაპზე. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ცნობილ იუმორისტს, სპორტისა და ფეხბურთის დიდ ქომაგ გოჩა თანდარაშვილს.

- გოჩა, ფეხბურთით დავიწყოთ... როგორ მოგწონს კენჭისყრის შედეგი?

- არაფერია, მართალია, ახლა ძლიერი გუნდები შეგვხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, ფინალურ ეტაპზე  შეგვხვდება სუსტები.

- ეგ როგორ?

- კაცო, ესპანეთსა და საფრანგეთს თუ მოვუგეთ, იქ ვინღა დარჩება? ეს ხუმრობით, ისე კი, მართლა ძლიერი ჯგუფია... თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს. ახლა გულშემატკივართა კლუბს ვქმნით და ვწვალობთ, რომ როგორმე ქართველ გულშემატკივარს შევაგნებინოთ, როცა ესპანეთის ნაკრები ჩამოვა, მაინცდამაინც "რეალის" ან "ბარსას" მაისურით არ მოვიდეს სტადიონზე...

- ისე, ერთით ნული რომ წაგვაგებინა ესპანეთთან, რუსებს ხომ ვაჯობებთ, იმათ სამით ნული წააგეს...

- რუსეთს, აგერ, ახლაც ვაჯობეთ - ენრიკე იგლესიასმა კურნიკოვას არ აკოცა, ტუჩზე რაღაც გაქვსო, ქართველ გოგოს კი აკოცა...

- მაგ კონცერტზეც გკითხავ... როგორ მოგეწონა?

- რა თქმა უნდა, კარგი იყო, მაგრამ აქ როგორ არის, იცით? არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც გაიძახიან, ეს რა სასწაული მოხდა, ენრიკე ჩამოდის, ვენაცვალე მაგასო!  არის მეორე კატეგორია, რომლებიც ამბობენ, რა დროს ენრიკეა, ხალხი მშიერია, აგერ, "მარშრუტკა" 80 თეთრი გახდაო. არის მესამე კატეგორია, რომელსაც არ აინტერესებს ეს თემა და ამბობს: ნუ, თუ ჩამოვა, კარგია, თუ არა და, არც მაგით დაიქცევა ქვეყანაო... მე მესამეს ვეკუთვნი.

- იმაზე რას იტყვი, ტელევიზიები ამა თუ იმ ჩამოსულ ვარსკვლავზე რომ სიუჟეტებს აკეთებენ...

- აუ, ეგ მარაზმია. შერონ სტოუნმა ალუბალი გარეცხა... სტინგმა აქ ისადილა... კიდევ რას დავაკვირდი, იცით? რომელიმე უცხოელი რომ დაიძახებს სცენიდან: "გაუმარჟოს საკარტველოს!" რა ამბავია, თუ ხედავთ! ახლა წარმოიდგინეთ, ამ "გაუმარჟოს საკარტველოს!" რომ დაუმატონ "ბაკაკი წკალში კიკინებს!" - რა მოხდება... ძეგლს თუ არ დაუდგამენ, საკრებულოს საპატიო წევრად მაინც აირჩევენ.

- ტელევიზიებზეც უნდა გკითხო. როგორც გამოცდილი "ტელევიზიონშჩიკი", როგორ შეაფასებ გასულ სატელევიზიო სეზონს?

- ჩემი აზრით, კარგად აგრძელებენ მუშაობას, ძალიან მომწონს ყველაფერი...

- "მზეც" და 1 არხიც?

- უი, ქართულ არხებზე მეკითხებით? ქართულ არხებს რაც შეეხება, რა ვიცი, აბა, რა გითხრათ. ზოგიერთ გადაცემას რომ ვუყურე, პრინციპს ვერ მივხვდი, პრინციპს რომ ვერ მივხვდი, ვეღარ ვუყურე და ასეა რა, ქათმის და კვერცხის ამბავს ჰგავს...

- გოჩა, ყველამ იცის, რომ შენ სპორტი ძალიან გიყვარს, ისიც იციან, რომ პოლიტიკა ძალიან არ გიყვარს, ამიტომ სპორტულად გკითხავ: ჩვენს პრეზიდენტს როგორი სპორტული მონაცემები აქვს?

- იმ დღეს ვნახე, მთაში რომ ისრიალა და მერე ზღვაში ჩაყვინთა. ძალიან სპორტული ადამიანია და ეტყობა, უყვარს სათხილამურო სპორტი. ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისთვის კარგია სპორტის განვითარება. ხორვატია, ფეხბურთში მესამე ადგილზე რომ გავიდა და გორან ივანიჩოვიჩმა ჩოგბურთში უიმბლდონი მოიგო, მაშინ გაიცნო მსოფლიომ.

- ჩვენ რით გაგვიცნო?

- ჩვენ, სამწუხაროდ, პოლიტიკით.

- რატომ მხოლოდ პოლიტიკით? ეს ვარსკვლავები რომ ჩამოგვყავს, არ გაიტანენ მსოფლიოში ჩვენს ამბავს?

- კი, როგორ არა, შერონ სტოუნს, მაგალითად, მესამე დღემდე ახსოვდა, რომელ ქვეყანაში იყო. ენრიკე უფრო ახალგაზრდაა და შეიძლება ათი დღეც დაამახსოვრდეს.