ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

შოტლანდიელი სვანი

ედინბურგში ტურისტად მყოფი ახალგაზრდა ქართველი არაჩვეულებრივი ქალაქით თავიდანვე მოიხიბლა. ეს ხომ შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და გამორჩეული ქალაქია, სადაც თანამედროვეობა და ისტორია უკვე დიდი ხანია, ძალიან ახლო მეგობრები არიან.

შაკო დილიდანვე ქალაქის დათვალიერებით ტკბებოდა და ვერც კი ამჩნევდა, რა სწრაფად და სასიამოვნოდ გადიოდა დრო. უკვე მოსაღამოებულზე, როდესაც ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მისეირნობდა, უცებ ძალიან მოუნდა, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე, შესვლა იქ, სადაც მეფეებიც კი თავისი ფეხით დადიან. გარშემო მხოლოდ ტურისტები ირეოდნენ და არ იცოდა, საჭირო ინფორმაცია ვისგან მიეღო. ამ დროს იქვე ახლოს ჯიხური შეამჩნია და ძალიან გაუხარდა. წამის მეხუთედი ეყო, რომ გაზეთების გამყიდველთან მისულიყო და იქაური თავაზიანობით საუბარი დაეწყო:

- გამარჯობა, სერ, იქნებ მითხრათ, აქვე ახლოს სადმე არის სახალხო საპირფარეშო?

- რაო?

- იქნებ დამეხმაროთ, აქ სადმე არის ტუალეტი - თოილეტ? - გაამარტივა კითხვა გასაჭირში მყოფმა შაკომ.

- კი, აქ ბევრია ასეთი.

- იქნებ მიმასწავლოთ რომელიმე... - ითხოვა გადარჩენის იმედით გახარებულმა.

- რომელი (აი, შოტლანდიურ-სვანური პასუხის კლასიკური ნიმუში)?

- რომელიც ყველაზე ახლოსაა!

რამდენიმე წამის შემდეგ ჩაფიქრებულმა შოტლანდიელმა მიუგო:

- სერ, უკაცრავად, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცი, რომელია ყველაზე ახლოს...

- ან რომელიმე მიმასწავლეთ, ან თქვენი ჯიხური დამითმეთ!!! - გაისმა განრისხებული ქართველის შეძახილი...

შალვა ახრახაძე

KvirisPalitra.Geლექციაზე დაგვიანება

მინდა ჩემი სტუდენტობის დროინდელი კურიოზი მოგიყვეთ, ერთი ჯგუფელი მყავდა, სახელად ომარი, ძალიან ზარმაცი ბიჭი, სულ აგვიანებდა ლექციებზე, იმდენად ხშირად, რომ ჩვევაშიც გადაეზარდა. აგვიანების მიზეზად ხან რას მოიფიქრებდა და ხან რას.

ერთი ლექტორი გვყავდა, ბატონი შოთა, ძალიან კარგი კაცი, რომლის ლექციაზე მუდმივად აგვიანებდა, ყველანაირი მიზეზი რომ ამოწურა, ერთხელ ეუბნება:

- რატომ დავაგვიანე პატივცემულო და... რატომ და... აი, კიბიდან დავგორდი.

- მით უმეტეს, ყმაწვილო, კიბეზე თუ დაგორდი, უფრო ადრე უნდა მოსულიყავი. - ისე მოსწრებულად უთხრა ლექტორმა, თავად ომარასაც გაეცინა.

მ. სოხაძე, თბილისი