მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა

ფანტასტიკა

ერთხელ ბატონმა პრეზიდენტმა ინტერვიუში თქვა, მე რომ ვიყო ოპოზიციაში, სამ თვეში ჩამოვაგდებდი ამ მთავრობასო. არ გაინტერესებთ, რას იტყოდა მიხეილ სააკაშვილი დღეს, ოპოზიციის ლიდერი რომ იყოს?

მაშ ასე, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში:

- ჩემო ტკბილო და საყვარელო ხალხო! იძულებული ვარ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით მოგმართოთ სრულიად საქართველოს, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა, რადგან სხვა ტელევიზიები, ამ სიტყვის სრული  მნიშვნელობით, დამონებული ჰყავს ამ მტარვალ მთავრობას.

მხოლოდ აქ და ერის სადარაჯოზე მუდამ ფხიზლად მყოფი დავით აქუბარდიას ტელევიზიით მაქვს თქვენთან საუბრის საშუალება. როგორ ვითმენთ, ხალხო, ამდენს?! როგორ შეიძლება დენის გადასახადს მიაბან ნაგვის გადასახადი?! უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასეთი სისულელე არსად გამიგია.

ეს ღიპიანი ჩინოვნიკები კი მოკალათებულან მერიაში და ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება! რაც შეეხება ბენზინის ფასს... ამათ და მათ დაქირავებულ მსოფლიო ბანკს რომ ჰკითხო, საქართველოს ეკონომიკური სასწაული მოუხდენია. ნამდვილად მოახდინეს! მთელ მსოფლიოში დაბლა იწევს ფასები და ჩვენთან იმატებს, სასწაულია ეს, აბა, რა არის?! ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს დიდხანს შერჩებათ. ეს არის მონოპოლია და ჩვენ ვერ ავიტანთ მონოპოლიებს. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, მონოპოლიების დრო წა-ვი-და!

გაიძახიან, კორუფცია მოვსპეთო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩინოვნიკის სამიათასლარიანი ხელფასი და პლუს სამი ათასი ლარი პრემია იგივე კორუფცია არ არი, ძალიან ცდება!

მაგრამ ხალხი ბრძენია და ყველაფერი კარგად იცის. ხალხის მოტყუება გნებავთ, ბატონებო? ნურას უკაცრავად!

მათი ყველაზე დიდი მიღწევა პატრულის შექმნა ყოფილა. ვერ მივართვით... ეს პატრული თქვენ შექმენით, ხალხო, იქ თქვენი შვილები, ქმრები, მამები მუშაობენ და რაღაც სასაცილო ხელფასისთვის იცავენ ამ თავგასიებულებს.

ახლა ზაფხულია და გაიხსნა ეგრეთ წოდებული პატრიოტთა ბანაკები. ეს არის კომუნისტური აზროვნების მქონე ხალხის შექმნილი ბანაკები. მე მახსოვს, როცა სკოლაში ვსწავლობდი, "არტეკში" ვისვენებდი. დღეს "არტეკად" უნდათ ანაკლია აქციონ! არ გამოვა, მეგობრებო, ტყუილად ცდილობთ! ისტორიას უკან ვერ დააბრუნებთ, გიჯობთ, დაემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს.

გუშინ მოვდიოდი იმერეთიდან. გზად ბევრი სოფელი გამოვიარე. საშინელ დღეშია სოფლის მეურნეობა. ამდენი დაუხნავი მიწა უდაბნოშიც არაა! რას აკეთებს სოფლის მეურნეობის მინისტრი? ბავშვი რომ დანიშნეს, მე ბავშვების წინააღმდეგი როდი ვარ, მაგრამ ბავშვი უნდა დადიოდეს ბაღში, ჰი, ჰი, ჰი, ჰი...

რუსეთი ჩვენი მტერიაო, გაიძახიან და ყველაფერი რუსეთს და იმ ლილიპუტებს მიჰყიდეს! როგორ უნდა მიჰყიდო შენი სიმდიდრე იმ ქვეყანას, რომელიც გეუბნება, უნდა დაგიმონოო!

გამოდის "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ამბობს, რომ აღმაშენებლის გამზირი მალე პარიზად იქცევა, ხოლო მესტია - შვეიცარიადო. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება გაეცეს: ვაი, შენს პატრონს!

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ეს მთავრობა უნდა წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ! ზოგ-ზოგიერთებს ჰგონიათ,  რომ კონსტიტუციას შეცვლიან, მერე არჩევნებს გააყალბებენ და ისევ დარჩებიან. ნურას უკაცრავად! ცხვირში ამოვადენთ გაყალბებულ არჩევნებს და ერთხელ და სამუდამოდ ამ მტარვალ ხელისუფლებას მივაბრძანებთ იქ, სადაც საჭიროა.