ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

გაიცანით თქვენი დეკეული

ვალოდია არაბული დედოფლისწყაროში ცხოვრობს. ერთი მშრომელი კაცია. ორი ვაჟი ჰყავს. თვითონ მუყაითს შვილები მაინცდამაინც გამრჯე ვერ გამოადგნენ.

ერთ საღამოს, ვალოდიას საჯიშე დეკეული არ მოუვიდა შინ და შეწუხებულმა შვილებს უხმო საშველად.

- ბიჭებო, სხვა არაფერში მეხმარებით, დეკეული მაინც მომაძებნინეთ!

"ბოევიკის" ცქერით გართულმა, სავარძლებში მონებივრე ბიჭებმა ცერად გადმოხედეს შეშფოთებულ მამას და გასამართლებელი არგუმენტი მოიშველიეს:

- აბა, მამი,  ჩვენ დეკეულს ვერა ვცნობთ და ტყუილად სად ვიხეტიალოთ, სხვის საქონელს ხომ არ მოვიყვანთ!

გამთენიისას ძმები მამის ყვირილმა გამოაღვიძა. ვალოდიას მთელი ღამე უძებნია დეკეული, როგორც იქნა, უპოვია და მოუყვანია, ახლა კი შვილებს უხმობდა:

- ჩამოდით, თქვენი დედა!.. მოდით აქა და გაიცანით თქვენი დეკეული, ამის მერე სადმე რომ შეგხვდეთ, იცნობდეთ მაინცა!..

ნუგზარ ვალახაშვილი, თბილისი

***

ოღონდ შენს ბიჭს ნუ გამატან

KvirisPalitra.Geჩემს მეგობარს სიმამრი გარდაეცვალა. სამზადისში ფეხებში გვედებოდა მისი ბიჭი - ათი კაცი რომ ვერ დააკავებს, ისეთი გიჟი და გადარეული გოგიტა; ხან სად ამოყოფდა თავს, ხან სად, ხან ვის ააყვირებდა და აახარხარებდა და ხან - ვის.

მეორე დღეს პანაშვიდები იწყებოდა და ჩემმა მეგობარმა თავის მეჯვარეს, გოგიტას ნათლიას სთხოვა:

- ვაჟა, ეს ბიჭი თავს მომჭრის ამდენ ხალხში, შენ და ნანამ (ვაჟას ცოლია) ამ დღეებში თქვენთან წაიყვანეთ, რა...

ვაჟას სახე ჰქონდა, შემეცოდა:

- ხომ იცი, შენც და შენი ცოლიც როგორ მიყვარხართ, მაგრამ თუ გინდა, სიმამრი გამატანე სახლში და გოგიტას ვერ წავიყვან...

ჭირისუფალი არ დარჩენილა, ხარხარი არ დაეწყო.

თორნიკე გვალია, თბილისი