რჩევები საქართველოს ხელისუფლებას - კვირის პალიტრა

რჩევები საქართველოს ხელისუფლებას

მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ბიუჯეტს ძალიან უჭირს, საგადასახადოს დღე და ღამე აქვს გასწორებული, რომ როგორმე დეფიციტი შეავსოს. არც სხვა სტრუქტურებში არიან უქმად და ყოველდღე რაღაც ახალ-ახალ გადასახადს იგონებენ. ამის თვალსაჩინო ნიმუშად დასუფთავების გადასახადის შუქის გადასახადზე მიბმა გამოგვადგება, თუმცა ამის კვალდაკვალ იწევს სამარშრუტო ტაქსის, ბენზინის, სასურსათო პროდუქტების და სხვა დანარჩენის ფასი, თანაც ეს ძალზე ოსტატურად ხდება - დღეს რომ "მარშრუტკას" გააძვირებენ, პროტესტის გამოხატვას ვერ ვასწრებთ, უკვე ბენზინია გაძვირებული; მივცვივდებით აღშფოთებულები ამა ქვეყნის ძლიერებთან და უცებ გვაგებინებენ, რომ ხორცი გაძვირდა... მოკლედ, ასე პროტესტ-პროტესტ ვცხოვრობთ. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყოველივე ამით არა მხოლოდ ხალხი, არამედ ხელისუფლებაც იტანჯება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ მათ და ვთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯებსაც დაზოგავს და ჩვენი მთავრობის ნერვებსაც.

1. გავაუქმოთ სასამართლო; სასამართლოების შენობებში გავხსნათ სასტუმროები, რითაც სოლიდური თანხა შევა ბიუჯეტში; რაც შეეხება სასამართლოს, იგი შევცვალოთ ფეიბოქსებით. პრინციპი მარტივია - ვიღებთ ფეიბოქსთან დადებულ ბლანკს, ვწერთ სარჩელს. ბლანკის ბოლოს არის შეკითხვა: ხომ მაგარია ეს ხელისუფლება? ამ კითხვას ვცემთ პასუხს და შევაცურებთ ფეიბოქსში. გარწმუნებთ, თქვენს სარჩელზე პასუხს რამდენიმე წამში მიიღებთ.

2. უამრავი ადამიანი მუშაობს საგადასახადო სტრუქტურებში. საჭიროა, დავითხოვოთ ისინი და შსს-ს შევუთავსოთ ეს ფუნქცია. ამით ბიუჯეტში უამრავი თანხა დაიზოგება. რაც შეეხება საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკეთ იციან, რომელი ბიზნესია შესამოწმებელი.

3. რა საჭიროა, სხვადასხვა ტელევიზიას სხვადასხვა საინფორმაციოს წამყვანი ჰყავდეს? იყოს ორი, დანარჩენები კი დავითხოვოთ სამსახურიდან, რითაც ბიუჯეტში თანხაც დაიზოგება და ინფორმაციის მიმწოდებელსაც გაუადვილდება შრომა - მან ხომ ერთი და იგივე ინფორმაცია რამდენიმე ტელევიზიას უნდა მიაწოდოს.

4. პარლამენტის რაოდენობა შემცირდეს სამ კაცამდე. ერთი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე - მოადგილე, მესამე კი - ოპოზიცია. ამით ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეიცვლება, სამაგიეროდ, ბიუჯეტი უამრავ ფულს დაზოგავს.

5. არჩევნები ჩავატაროთ ტელევიზიის საშუალებით ჯეოსტარის პრინციპით - გამოდის წამყვანი და ამბობს: თუ თქვენ გინდათ, მოიგოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", დარეკეთ ან დაამესიჯეთ ნომერზე X, თუ თქვენ გინდათ, მოიგოს ოპოზიციამ, დარეკეთ ან დაამესიჯეთE ნომერზე X, ამით არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხაც დაიზოგება და საარჩევნო კომისიასაც გაუადვილდება მუშაობა - დაჯდება ერთი კომპიუტერთან და მშვიდად დაწერს სასურველ ციფრებს.

6. ჩამოვაყალიბოთ სამსახური, რომელიც გაარკვევს, მსოფლიოში ცნობილი ესა თუ ის მომღერალი სად ატარებს კონცერტს. შემდეგ ნაცელიტას ვუყიდოთ ბილეთები და გავუშვათ მათ მოსასმენად. გარწმუნებთ, ეს უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მსოფლიო დონის ვარსკვლავის საქართველოში ჩამოყვანა, თანაც ამით ორ კურდღელს დავიჭერთ -  ბიუჯეტიც დაიზოგება და ნაცელიტაც ბედნიერი იქნება.

7. უცხოელი ტურისტების აქ ძებნა ტელევიზიებს საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდებათ. შემოგვაქვს წინადადება, რომ უცხოეთში გავუშვათ ოპერატორი, იქ ჩავწეროთ ტურისტებთან საუბარი, შემდეგ კი დავადოთ საქართველოს ფონი. ამით თანხაც დაიზოგება და თითოეული  ჩვენგანის გულიც სიხარულით აივსება.

8. ტენდერები ჩატარდეს ტელევიზიის საშუალებით. ლოტოტრონში ვყრით ნაცმოძრაობის წევრების გვარებს და ტელეფონის ნომრებს. შემდეგ წამყვანი იღებს ერთ ფურცელს და ურეკავს ერთ-ერთ მათგანს, რომელიც გახარებული ყვირის:

- დიდი მადლობა! დიდი მადლობა!

წამყვანი ეკითხება:

- დიდი მადლობა - ვის?

ის პასუხობს:

- "ნაციონალურ მოძრაობას"!!!

ამ მეთოდით თანხაც დაიზოგება და ტელევიზიებს კიდევ ერთი რეიტინგული გადაცემაც მიემატება.