როგორ იწრთობოდა კანონი! - კვირის პალიტრა

როგორ იწრთობოდა კანონი!

ძალიან კარგი სამსახური მაქვს. კარგი ხელფასით, კარგი კოლეგებით, ლამაზი მდივნით... მერიაში ვმუშაობ და ჩემი მოვალეობაა ისეთი კანონების მოფიქრება, რომლებიც მოსახლეობისგან ფულის ამოღებას უზრუნველყოფს თავიდან ადვილი იყო, დიდი ფანტაზია არ სჭირდებოდა - თითქმის ერთ თვეში მოვიფიქრე გადასახადების, ტრანსპორტის, პროდუქტების თუ სხვათა გაძვირება, მაგრამ ჩემი უფროსი ყოველდღე მაინც გამგმირავი მზერით მეკითხებოდა: "რა ქენი, მოიფიქრე რამე ახალი?" მე კი უიმედოდ ჩავღუნავდი თავს.

ერთ დღესაც უფროსი განრისხებული შემოვარდა და მითხრა:

- იცოდე, თუ ახალ გადასახადს არ მოიგონებ, მოგხსნი! დენის გადასახადს როგორმე უშენოდაც მოვიფიქრებდით, მე ახალი მინდა, უცნაური და გენიალური, გაიგე?!

გავიგე, როგორ არ გავიგე, მაგრამ უფროსს მაინც შევეკამათე:

- ასეთ გადასახადს შთაგონება, მუზა სჭირდება, ისე როგორ მოვიფიქრო?

უფროსმა კიდევ უფრო ბრაზიანი და მრისხანე სახე მიიღო:

- მოკლედ, ამ დღეებში არ მოგივა მუზა და შენს თავს დაბრალე!

შინ რემონტი მქონდა, ახლა ჩემი სამსახურიდან წასვლა რემონტის დაუმთავრებლობას ნიშნავდა, რაც, თავის მხრივ, ჩემი სიდედრის (რომლისაც ჩემს უფროსზე მეტად მეშინოდა) ეგვიპტელ ფარაონებზე უარეს წყევლას გამოიწვევდა, რომელსაც ჩემი ცოლის - წაეთრიე სახლიდან! - მოჰყვებოდა.

მოკლედ, შინ ასეთი ფიქრებით დამძიმებული მივედი. ცოლი გამომეგება და მითხრა:

- მუშა ბევრ ფულს ითხოვს ნაგვის ჩატანაში, დასუფთავების სამსახურიდან მოიყვანე მუშა, მერიაში მუშაობ, ბოლოს და ბოლოს!

ასეც მოვიქეცი. სწორედ ამ დროს მოხდა მოულოდნელი რამ: ელექტრიკოსს დენმა დაარტყა და ააძიგძიგა. დასუფთავების სამსახურის მუშამ დახმარება სცადა და შედეგად, ელექტრიკოსს ისიც მიეკრა. ამის დანახვაზე ჩემი ცოლი აკივლდა, სიდედრმა, აქაოდა, ჩემი შვილი კივისო, და ისიც აჰყვა: - უშველეთ! უშველეთ! - კიოდნენ ყურისწამღებად.

უცებ თავში ბრწყინვალე იდეამ გამიელვა, ბედნიერებისგან გათანგულს მხოლოდ შორეულ ზმანებასავით ჩამესმოდა ცოლისა და სიდედრის კივილი. ჩემდა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, ელექტრიკოსიც და მენაგვეც უვნებლად გადარჩნენ, მე კი სასწრაფოდ გავიქეცი სამსახურში და უფროსს ახალი კანონი ვამცნე. - დენი და ნაგავი-მეთქი, შევყვირე. - შენი ჭირიმე, შენიო! - აღმოხდა უფროსს, ნაგვის გადასახადის ამოღებაზე ფაქტობრივად ჩაქნეული ხელი აღმართა და პრემია ამასო, შესძახა.

მერე გადამეხვია, აბა, შენ იციო, მითხრა და სამსახურში დაწინაურების იმედით გამომიშვა.

ფორტუნა კი ჩემთვის  ბედნიერებას არ იშურებდა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში სიდედრი გარდამეცვალა. რა თქმა უნდა, მწუხარე სახე მივიღე, სასაფლაოზე საუკეთესო ადგილას მიწაც ვიშოვე, კარგი კუბოც გავაკეთე და საქელეხოდ პურმარილი შევუკვეთე, მაგრამ "დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?" სიდედრის გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს, როცა პანაშვიდზე ჩემი უფროსი მოვიდა, მოულოდნელად სიდედრმა კუბოდან თავი წამოყო და თქვა:

- შვილო, უფროსი თუ გყავდა სტუმრად, ვერ თქვი? ხაჭაპურს დავაცხობდი.

ატყდა ერთი ალიაქოთი: ქალებს გული შეუღონდათ, კაცებმა მოკურცხლეს, ჩემს უფროსს კი თმა გაუთეთრდა, მხოლოდ მე შევინარჩუნე სიმშვიდე და ექიმთან დავრეკე:

- კლინიკური სიკვდილი ჰქონია, - მითხრა ექიმმა, - ახლა ჯანზეა და კიდევ კარგა ხანს იცოცხლებს.

ამ სამწუხარო ინფორმაციის მოსმენა იყო და, თავში შესანიშნავი აზრი მომივიდა: ჩემი სიდედრი ხომ მეოთხე დღეს გაცოცხლდა, კანონით მიცვალებულის სახლში გაჩერება სამი დღეზე მეტი რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, ხომ მეშველებოდა?

ეს იდეა სასწრაფოდ უფროსს ვამცნე, რომელსაც თეთრი თმა უკვე შეეღება.

- მაგარი იდეაა, მალადეც! გაპატიებ, რაც შენი სიდედრის გაცოცხლებისას გადავიტანე, ის კი არა, პრემიასაც მოგცემ, - მერე ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ეტყობა, თავისი სიდედრი გაახსენდა და დასძინა: - კარგია, მაგრამ სამი დღის შემდეგ დასაფლავება კი არა, დაწვა შემოვიღოთ, ვინც არ დაგვემორჩილება, დავაჯარიმოთ!

შვებით ამოვისუნთქე. პრემიების წყალობით სახლში რემონტი უკვე დავამთავრე, სიდედრიც დამიტკბა, მაგრამ სწორედ რემონტის დამთავრებიდან მესამე დღეს მეზობელმა წყალი ჩამოუშვა. ჩემმა სიდედრმა კივილით შეძრა სახლი, მას ცოლმაც ხმა მისცა. მოკლედ, ოჯახში დაახლოებით ისეთი ვითარება შეიქმნა, როგორც 1914 წელს მსოფლიოში პრინც ფრანც-ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ და იძულებული გავხდი, მეზობელთან ავვარდნილიყავი:

- სად მაქ ახლა მაგის ფული, ბოშო! - მითხრა მეზობელმა, - ძლივს რაცხა ორ კაპიკს ვშონილობ, ბაღნები შიმშილით რო არ მომიკვდენ...

რა უნდა მექნა, წამოვედი თავჩაღუნული, თავში კი ბრწყინვალე იდეა მომივიდა: ჩამოსულებისთვის დაგვეწესებინა გადასახადი. სასწრაფოდ გავიქეცი უფროსთან, ახალი იდეა ვამცნე და პრემიის მოლოდინში გავინაბე, მაგრამ უფროსი რატომღაც გაბრაზდა, ერთი დამიბღვირა და მითხრა:

- გადეირიე შენ?! რაფერ შეიძლება ამფერი კანონის მიღება, მაგალითად!..