ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

თითს დავკარგავ?

რამდენიმე წლის წინ ჩემს მეგობარს ხელზე მანქანამ გადაუარა. ალბათ, იკითხავთ, ხელზე როგორ უნდა გადაუაროს მანქანამო, მაგრამ შემთხვევა მეტად კურიოზული იყო.

საერთო მეგობრის მანქანით (ჯიპით) სანადიროდ ვიყავით, მანქანის გაჩერება აღმართში მოგვიხდა. გოგას მძღოლმა სთხოვა, საბურავთან ქვა დაედო, რომ არ დაგორებულიყო, მანაც დაუდო და ამ დროს დაიძრა მანქანა. რა თქმა უნდა, მივატოვეთ ნადირობა და საავადმყოფოში ასევე საერთო ძმაკაცთან, ქირურგ ავთო ბ.-ძესთან გავაქანეთ, რომელიც ენაკვიმატობით გამოირჩეოდა სამეგობროში. ექიმმა პაციენტს ჭრილობა დაუმუშავა, თითები გაუსინჯა და თავი გადააქნია, ნეკის გარდა, სხვა თითები საღი აქვსო, თქვა.

გოგა შეშინდა, ხომ არ დავკარგავ ნეკსო. ავთომ რომ არაფერი უპასუხა, კიდევ ჰკითხა, მითხარი, ძმურად, თითს ხომ არ დავკარგავო; ისევ რომ არ უპასუხა, მესამედაც გაუმეორა, კაცო, თითს დავკარგავ თუ არაო, და ავთომ სრული სერიოზულობით უთხრა: გააჩნია, სად დადებო. როგორ უნდა გაგეცინა, მაგრამ თვით პაციენტმაც ვერ შეიკავა თავი და ქირურგის ოთახი ხარხარმა შეძრა. გოგას თითი კი გადარჩა.

ჯაბა დ-ძე, თბილისი