ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

სტუმარი - მასპინძელი

აწ განსვენებული ქუთაისის კოლორიტი მერაბ გუგუმბერიძე ძალზე განათლებული, უაღრესად პატრიოტი და გულუბრყვილო კაცი იყო, დღედაღამ სამშობლოზე ფიქრობდა, მის გაერთიანებაზე ოცნებობდა, განსაკუთრებულ სიამოვნებას ტაო-კლარჯეთში სიარული ანიჭებდა.

ერთხელ ქუთაისში მერაბმა ახალგაცნობილი ლაზი ჩამოიყვანა. ნამდვილი ქართველია და პატივი უნდა ვცეთო, აგვიხსნა. ჩვენც ერთმანეთს ვენაცვლებოდით სტუმრის პატივისცემაში. ვაჩვენებდით ღირსშესანიშნაობებს, ვაქეიფებდით ბუნებაში, ქრისტიანობისა და ქართველობის არსს ვუხსნიდით. ლაზიც ყურადღებით გვისმენდა და სვამდა  საქართველოს სადღეგრძელოს. "დღე-დღეზე გაქრისტიანდება და წინაპართა სარწმუნოებას დაუბრუნდებაო", - უხაროდა მერაბს. ერთი შეხედვით ცუდი კაცი არ ჩანდა სტუმარი, ოღონდ ეს იყო, რომ ქალებისკენ გაურბოდა თვალი, "ნამდვილი ქართველი რომაა, ამაშიც ეტყობაო", - ესეც უხაროდა მასპინძელს. მისმა წასვლამაც გული დასწყვიტა, თუმცა მალე ჩამოვალო, დაჰპირდა სტუმარი.

ერთ დღეს მერაბს პოლიციიდან უწყება მოუვიდა. დაკითხვაზე იბარებდნენ. გავგიჟდით მისი მეგობრები, რა საქმე უნდა ჰქონოდა პოლიციას მერაბისთანა პატიოსან კაცთან? რა თქმა უნდა, გავყევით. შეფიქრიანებული გამოვიდა შენობიდან. არაფერი უთქვამს, ისე წავიდა სახლში. …

მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გვითხრა სიმართლე: ის ლაზი დაუკავებიათ საზღვარზე. თურმე სუტენიორი ყოფილა და საქართველოში ქალებს ეძებდა თურქეთში წასაყვანად.

იაზონ დანელია, ქუთაისი

KvirisPalitra.Geის მოვა ჩემთან?

ამას წინათ ასეთ საუბარს შევესწარი: ერთი კაცი გულმოსული ეუბნებოდა მეორეს:

- სირცხვილი შენი, კი იყავით წაკამათებული, მაგრამ ნოდარიას გასვენებაში რავა არ იყავი?

- რატო უნდა ვყოფილიყავი, ის რა, მოვა ჩემს გასვენებაში? - სრული სერიოზულობით ჰკითხა მეორემ.

მანანა კაკაბაძე, ვანი