ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

"ჭკვიანი" კატა

ეს ამბავი ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე წლის წინ მოხდა. სამუშაოდან შინ დაბრუნებულ ვალიკოს გაანჩხლებული ცოლი კართან დახვდა:

- ან ეგ კატა იქნება ამ სახლში, ან მე! - განუცხადა ქსენიამ.

- რას ერჩი, ქალო, მაგ კატას, თაგვებს ქე იჭერს და გენოციდს ვერ მოაწყობს.

- მარტო თაგვებს? ხალამს ხდის თავსახურს და სულგუნებსაც შესანიშნავად იჭერს. რაი გაჭამო ახლა შენ? - ცრემლი მოადგა თვალზე მეუღლეს.

მართალია, ვალიკო კატის დასჯის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი მშიერი დარჩენა 100%-ით ფისუნიას დაბრალდა, ამიტომ იძულებული გახდა, მსუნაგი ცხოველი თავიდან მოეშორებინა. ასეც მოიქცა. მეორე დღეს კატა ტომარაში ჩასვა და ტყისკენ გასწია. გეზი მარჯვნივ აიღო. ორი საათი იარა და გაუშვა, მაგრამ რად გინდა - სახლში დაბრუნდა და კატა შინ დახვდა. ისევ ჩასვა ტომარაში, ისევ გასწია ტყისკენ, ამჯერად მარცხნივ იარა მთელი საათი... ამჯერადაც იგივე განმეორდა - ფისუნია შინ დახვდა. ახლა უკვე სერიოზულად გაბრაზდა ვალიკო, მეორე დღეს  დილაადრიან ადგა, ტომარა ზურგზე მოიგდო და ტყეში შევიდა. ჯერ მარცხნივ იარა კარგა ხანს, მერე პირდაპირ, მერე - მარჯვნივ, მერე - ისევ პირდაპირ, მერე - ისევ მარცხნივ და გაუშვა. გავიდა რამდენიმე საათი და ვალიკო ცოლს ურეკავს:

- ქსენია, კატა მევიდა სახლში, ხო?

- კი, მევიდა, რავა, რა იყო?

- ჰკითხე ერთი, რა გზით მევიდა, მაგ მოსასპობი, ვეღარ ვაგნებ სახლს!..

გივი ბ-ძე. ჩოხატაური

KvirisPalitra.Geგემრიელი თევზი

გამარჯობა, "პალიტრა"! შორეული ამერიკიდან გწერთ. მინდა ერთი კურიოზი მოგიყვეთ. 27 აგვისტოს მე, ჩემი მეგობარი ეთო და მისი მეუღლე პაატა წავედით სუპერმარკეტში სანოვაგის საყიდლად. ხორცი, ყველი და კიდევ ბევრი რამ შევიძინეთ, რადგან მარიამობას პაატა თავის ძმაკაცებს ელოდა. უკვე გამოსვლას ვაპირებდით, რომ პაატა თევზეულის უზარმაზარ სექციას მიადგა. ათასი ჯიშის თევზი იყიდებოდა, მაგრამ პაატამ რატომღაც უცნაურ თევზს დაადგა თვალი - გველივით გრძელი იყო და რაც მთავარია, ცოცხალი. გამყიდველს აკვარიუმიდან ამოაყვანინა, იქვე თავიც წააგდებინა და მცირე ნაჭრებადაც დააჭრევინა. სახლში მოვედით და თევზი მაცივარში შევინახეთ. მეორე დღეს, დილიდანვე შევუდექით სადილის მომზადებას. მე და ეთო სამზარეულოში ვსაქმიანობდით, პაატა კი თავის ოთახში ტელევიზორს უყურებდა. ეთომ მაცივრიდან თევზი გამოიღო, გაალხო და ცხელ ტაფაზე დააგდო.

ნაჭერი შეირხა და მოულოდნელად მაღლა ახტა. ორივემ შევკივლეთ. პაატა შეშინებული შემოვარდა სამზარეულოში. როცა ვუთხარით კივილის მიზეზი, გულიანად გაიცინა, ვერა ხართ თქვენო, გვითხრა და თვითონ დაიწყო შეწვა. სამი ნაჭერი დადო ტაფაზე, მაგრამ ჯიბრზე არც ერთს ფხა არ შეუტოკებია. პაატა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ გავგიჟდით, როცა მეოთხე ნაჭერმა ტაფაზე დადებისთანავე ისეთი სალტო გააკეთა, პირდაპირ პაატას თავზე აღმოჩნდა. ახლა უკვე მასაც შეეშინდა. რაღას ვიზამდით? შეწვა შევწყვიტეთ და დარჩენილ თევზის ნაჭრებს ნაგავში გადავუძახეთ. თუმცა შემწვრის გადაყრა დაგვენანა და საღამოს სუფრასთან მაინც გავიტანეთ. სტუმრები გემრიელად შეექცეოდნენ მაიონეზში ჩაწყობილ თევზს და გაკვირვებული გვეკითხებოდნენ, ასეთ გემრიელ წყლის ბინადარს რატომ არ ჭამთო?!

ხატია ზურაშვილი, ნიუ-იორკი