ახალი "დედაენა" - კვირის პალიტრა

ახალი "დედაენა"

- რატომ იყო რევოლუციამდელი (ამ შემთხვევაში, 2003 წლამდელი) ბავშვი გონებაჩლუნგი? - იკითხა ამას წინათ პრეზიდენტმა, და პასუხიც თავად გასცა: იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერი. და საკუთარი ტელევიზიების კამერების წინ პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცა. დემოკრატიის მსურველი დაკვირვებული თვალი ამ ვითომდა სახუმარო განცხადებაში კარგად შენიშნავდა, რომ ბატონი პრეზიდენტი 2013 წელს არსადაც არ აპირებს წასვლას. ეგ კი არა, მომავალ ამომრჩევლებთან (პირველკლასელებთან) პიარი უკვე დაწყებული აქვს. პირველკლასელზე ხომ ყველაზე ადვილად შეიძლება გავლენის მოხდენა, ჰოდა, ახდენენ კიდეც. ბოროტმა ენებმა გაავრცელეს ამბავი, რომლის გამოც ამ სტატიას ვწერთ. გოგებაშვილის "დედაენაში" მოძველებული სიტყვები ახლით უნდა შეიცვალოსო; მაგალითად, სამინისტროს მოძველებულ სიტყვებად მიაჩნია თოხი, ნამგალი, ცელი და ა.შ. ახალ სახელმძღვანელოებში კი მრავლად არის სიტყვები - შადრევანი, ბაღი, აეროპორტი და ა.შ.

ნამდვილად "მისასალმებელია" ეს ყველაფერი. ჩვენი აზრით, მთლიანად შესაცვლელია "დედაენა"; იგი უნდა მოერგოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ აღმშენებლობის გზაზე დაყენებულ საქართველოს. გთავაზობთ "დედაენის" ჩვენებური ვარიანტიდან რამდენიმე ასო-ბგერის განმარტებას.

***

დედაენიდან უნდა ამოვიღოთ "საათი" და მის ნაცვლად ჩავწეროთ "სოდი":

სოდი. სო-დი. ასო-ბგერა "ს".

"ეს სოსოს საათია" - შეიძლება დავტოვოთ, ოღონდ ჩავამატოთ ერთი სიტყვა: "ეს სოსო თოფურიძის საათია".

***

"გემი" ამოვიღოთ და მის ნაცვლად ჩავწეროთ:

გიგი. გი-გი. ასო-ბგერა "გ".

გიგი მერია. გიგიმ მეგობარს ტენდერი მოაგებინა.

***

ასო-ბგერა "ტ". ტურისტი. ტენდერი. დემოკრატია. პრეზიდენტი დემოკრატიის შუქურაა. პრეზიდენტმა სამი მილიონი ტურისტი ჩამოიყვანა.

***

ასო-ბგერა "ნ". ნატო. ნა-ტო. ნატოს კარი ღიაა. ეს "ნაციონალური მოძრაობაა". "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის პარტიაა.

***

ასო-ბგერა "წ". წარმატება. წილი. ბიზნესიდან ნაციონალებისთვის წილის მიცემა წესია. საქართველო 2003 წლიდან იწყება.

***

ასო-ბგერა "ვ". ვაზი - რუსეთის ჯიბრზე შეიძლება დავტოვოთ, დანარჩენი სიტყვები შევცვალოთ:

ვა-ნო. ვე-რა. "რუსთავი-2".

ვანო ყველას გვისმენს. ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, მთავრობა ჩამოიშლება. ნუ-რას უ-კაც-რა-ვად.

***

ასო-ბგერა "ო". ოპოზიცია.

თორთლაძე ოპოზიციაა. დავითაიაც ოპოზიციაა. გიორგი კონსტრუქციულია.