ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

უკაცრიელი სახლი

შემოდგომა იდგა. მე და ჩემი ორი მეგობარი ერთ-ერთ სოფელში ვიყავით სტუმრად. მასპინძელი იმერელი გლეხი გახლდათ და დიდი პატივი გვცა. ღამის 12 საათი იქნებოდა... ყველანი გვარიანად დავთვერით. მასპინძელს ეტყობოდა, რომ ძალიან ეძინებოდა, მაგრამ სტუმარმასპინძლობის წესს არ ღალატობდა და ჩვენს ვაისიმღერას ხმას აყოლებდა. ის-ის იყო, დაძინებას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად ერთმა ჩემმა მეგობარმა აიჩემა, სახლში ამაღამვე უნდა წავიდეო. ბევრი ვეხვეწეთ და ვემუდარეთ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. რა უნდა გვექნა? გავყევით მეგობარს, რომელიც გვარწმუნებდა, მალე  ღამის მატარებელი გამოივლის და იმას გავყვეთო.

ლიანდაგამდე დაახლოებით სამი კილომეტრი იყო.  რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს გზა აებნა. დიდხანს ვიხეტიალეთ მინდორსა და ტყეში, ძალიან დავიღალეთ და გვეძინებოდა. ჩვენს ჯიუტ მეგობარსაც ეტყობოდა, რომ აღარ ჰქონდა სახლში დაბრუნების ხალისი... ბოლოს ერთ ძველ სახლს მივადექით, რომელშიც, აშკარა იყო, არავინ ცხოვრობდა. სიბნელეში ხელის ცეცებით მივაგენით კარს და თქვენ წარმოიდგინეთ, ლოგინსაც კი. ძალიან ციოდა. თითოეულ ჩვენგანს უნდოდა, ლოგინში შუაში ჩაწოლილიყო. დიდი ჩხუბის შემდეგ მე გავიმარჯვე. სიცივეში, როგორც იქნა, ჩაგვეძინა. დილით მზის შუქმა გამაღვიძა. ძლივს გავახილე თვალი და ჰოი, საკვირველებავ, - სახლს მხოლოდ წინა კედელი ჰქონდა, დანარჩენი სამი მხრიდან კი სრული სიცარიელე იყო...

მეგობარმა, ოღონდ რამე არ მითხრათო და იმ დღესვე სახინკლეში დაგვპატიჟა.

ზვიად ბაღდავაძე, ქუთაისი

მკითხველი აცინებს მკითხველს

მოულოდნელი დასასრული

ელგუჯა გაიპარაშვილმა და მისმა კარის მეზობელმა მელენტი ბალაძემ შუაღამეს მოპარული საკანალიზაციო ორმოს რკინის სახურავი სისხამ დილით ჯართის მიმღები პუნქტის გამგეს, ელიოტ შოვნაძეს ჩააბარეს. ჩამბარებელმა და მიმღებმა, როგორც ყოველთვის, ახლაც არყითა და ლუდით აღნიშნეს სავაჭრო გარიგება და ალბათ, ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, რომ არა ის საბედისწერო ამბავი, რაც სახლში მიმავალ მთვრალ ელგუჯას შეემთხვა: ბარბაცით მიმავალი კუნაპეტ სიბნელეში სწორედ იმ საკანალიზაციო ორმოში ჩავარდა, რომლის სახურავი რამდენიმე საათის წინ მოიპარა.

ამბობენ, ამ შემთხვევით დალილავებულმა უკანალმა და გაბზარულმა ორმა ნეკნმა ელგუჯას სამუდამოდ დაუკარგა სხვა საკანალიზაციო ორმოების სახურავების აწაპვნის სურვილი.

ვალერიან მამუკელაშვილი, მცხეთა