ბიზნესბებო - კვირის პალიტრა

ბიზნესბებო

დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ რადგან "ამ მთავრობის" კაცი ვარ, ერთი პატარა ტენდერი მეც მოვიგე და ჩემთვის პატიოსან, თუმცა არამ ლუკმას ვჭამ.როგორც ბრძენი ეკონომისტები იტყოდნენ: ერთ ადგილზე გაჩერებული ბიზნესი კვდება! და მეც ჩემი შეგნებული და თვითმყოფადი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს მის გაფართოებაზე ფიქრს ვანდომებდი. ჯერ მაღაზიის გახსნა ვიფიქრე, მაგრამ ჩემს უბანში უკვე ყველა შენობაში გახსნილი დამხვდა; მერე ვიფიქრე, ბანკიდან ფულს გამოვიტან და ლომბარდს გავხსნი-მეთქი, მაგრამ ცოლმა მითხრა, ბანკი არა, კვახიო და ესეც გადავიფიქრე; მოკლედ, ხეირს ვერ ვეწიე და ის-ის იყო, ბიზნესზე ფიქრს უნდა შევშვებოდი, რომ მოულოდნელმა შემთხვევამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა...

ერთ ჩვეულებრივ დღეს სახლში მე და ბებიაჩემი ტელევიზორს ვუყურებდით. პრეზიდენტი მოსახლეობას ხვდებოდა; მოხუცები პრეზიდენტთან მიდიოდნენ, კოცნიდნენ და ცრემლმორეულნი მადლობას უხდიდნენ. ბებიას გავხედე; ის პრეზიდენტს აღტაცებული შესცქეროდა და ტელევიზორის ბებიებივით ცრემლად იღვრებოდა. სწორედ მაშინ გამიელვა იდეათა შორის უიდეესმა იდეამ - შემექმნა სამსახური ბებიებისა, რომლებიც პრეზიდენტს შეხვედრებზე გაჰყვებოდნენ  და როცა გადაღება დაიწყებოდა, ტირილნარევი ხმით კოცნას და მადლობის გადახდას დაუწყებდნენ.

- ბებო! - მივვარდი მოხუცს. - შენ შეიძლება მილიონერი გახდე!

ბებომ მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა. რაც მამაა, ის შვილიაო, თქვა და მეორე ოთახში გასვლა დააპირა, მაგრამ მე ელვის უსწრაფესად ხელი ჩავავლე და საქმის არსი ავუხსენი. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერს ძალიან კარგად ჩასწვდა, მერე შარფი მოიხსნა, გათხოვებისდროინდელი კაბა ჩაიცვა და ოჯახს გამოუცხადა: დღეიდან ბებო კი არა, "ბიზნესბებო" დამიძახეთო.

გულმოდგინედ შევუდექით საქმეს. ბებიამ თავის დაქალებს დაურეკა; ერთი პიარმენეჯერად დანიშნა, მეორე -  ფინანსურ მენეჯერად; მე პროდიუსერი ვიყავი. პირველ რიგში, გამოვაცხადეთ შემდეგი შინაარსის კასტინგი:

ფირმა "ბიზნესბებო და მეგობრები" აცხადებს კონკურსს მკოცნელი ბებიების ვაკანტურ თანამდებობებზე. მიიღებიან 60-დან უფროსი ასაკის სანდომიანი ქალბატონები. ხელფასი - გამომუშავებით."

განცხადებამ უამრავი ადამიანი მოიზიდა. ბებო ამაყად დააბიჯებდა ვაკანსიის მსურველებს შორის და პირობებს აცნობდა; შემდეგ კასტინგიც დაიწყო, შემდეგი კითხვებით:

1) როგორ გავარღვიოთ დაცვა და ვაკოცოთ კლიენტს?

ა) მოულოდნელად; ბ) კლიენტის სახელის ძახილით.

2) როგორ ვაკოცოთ კლიენტს?

ა) დიდხანს და ცრემლით; ბ) ცოტა ხანს და მადლობების ძახილით.

უმრავლესობამ ტესტირება წარმატებით გაიარა და ბიზნესიც გახურდა. უამრავ ადამიანს ვჭირდებოდი. დღეს რომ რომელიღაც გუბერნატორი დარეკავდა, ხვალ ქალაქის მერი გვეხმიანებოდა. შემდეგ დღეებში - პრეზიდენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმდენი კლიენტი იყო, ხანდახან ვაჭრობაც კი იმართებოდა. ერთხელ გუბერნატორმა დარეკა და რვა ბებო მთხოვა:

- იცით, ყველა გასულია, მხოლოდ ორი ბებო მყავს, ისინიც მარტო საუბრობენ, ცრემლი არ მოსდით, გამოუცდელები არიან, - ვუპასუხე მე.

- შვიდი  ბებო როდის იქნება?

- ზეგამდე დაკავებული არიან, ხვალ დარეკეთ.

ამ ამბებმა ჩემი ოჯახის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზარდა; ბებიას საკუთარი მძღოლი ჰყავდა. ერთ დღესაც ვიღაც ბიჭი მოიყვანა და განაცხადა, ჩემი დაცვააო.

- რად გინდა, ბებო, დაცვა? - გამიკვირდა მე.

- აბა, ბაბუაშენი დამიცავს? - დამცინავად მიპასუხა, დაცვას ხელკავი გამოსდო და მისი ასაკისთვის შეუფერებელი ტანის რხევით დამტოვა.

საქმე კი წინ მიდიოდა!.. ბებია მთავრობისგან მადლობას მადლობაზე იღებდა; გონია, პრემიერ-მინისტრადაც მნიშნავენო, თქვა ერთხელ, მერე კუთხეში მობუზულ ბაბუას გახედა და დაამატა:

- ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ სულ სახლში უნდა ისხდნენ და არაფერი აკეთონ. ნურას უკაცრავად! წავიდა ის დრო.

მოკლედ, ყველანი ბედნიერები ვიყავით; მხოლოდ ბაბუა ჩანდა უბედური - ლოგინშიც აღარ მიწვება, ისეა გაამაყებულიო, შემომჩივლა ერთხელ, მერე ნაჯახი აიღო და მითხრა:

- ახლა ფირმა "ბიზნესბაბუ" ჩამომიყალიბე, თორემ ჯერ შენ მოგკლავ, მერე - ბებიაშენს და მერე თავს მოვიკლავო. რა უნდა მექნა, დავამშვიდე ბაბუა და ვუთხარი, მგონი, მალე პრემიერ-მინისტრად ქალს ნიშნავენ და გეშველება-მეთქი.

ბაბუა დამშვიდდა.

მალე არჩევნები იქნება და ღრმად ვარ დარწმუნებული, პრემიერ-მინისტრად ქალი რომც არ დანიშნონ, ბაბუაჩემის ფირმა ბებიაჩემის ფირმაზე ნაკლებად არ იმუშავებს.