ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

იქსი უნდა აქ

ერთი მეგობარი მყავს. ძალიან ნიჭიერი კაცია, კარგი იუმორის პატრონი, მაგრამ როგორც ყველა ნიჭიერ კაცს, უცნაური თვისებები აქვს. ერთხელ ჩემთან დაღვრემილი მოვიდა და მითხრა, ძალზე სერიოზული ჩხუბი მაქვს და  წამომყევიო. რა თქმა უნდა, წავყევი. გზაში ვეკითხები, ვის ეჩხუბე, რატომ ეჩხუბე, როდის ეჩხუბე-მეთქი, მაგრამ მეგობარი დუმს და არაფერს მეუბნება. ცოტა შევფიქრიანდი, ვიფიქრე, ისინი ბევრნი რომ იყვნენ და გვცემონ, რა გვეშველება-მეთქი, მაგრამ შიში არ შევიმჩნიე და მორჩილად გავაგრძელე გზა.

10 წუთის შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტს მივადექით. ვიფიქრე, ალბათ, შენობის უკან, მოფარებულ ადგილას უნდა ვიჩხუბოთ-მეთქი, მაგრამ მეგობარი შენობაში შევიდა, მეორე სართულზე ავიდა და ერთ-ერთი პროფესორის კაბინეტთან გაჩერდა. კაბინეტიდან მდივანი ქალი გამოვიდა. რომ გაიგო, პროფესორთან მივდიოდით, ცოტა ხანს დაელოდეთო, გვითხრა და ყავაც დაგვალევინა. როგორც იქნა, შევედით. პროფესორმა ჩემი მეგობარი რომ დაინახა, წარბები შეიჭმუხნა და უთხრა:

- აბა, გააკეთე, რაც დაგავალე? ფულს რაში გიხდი?

- მე ისევ ჩემი გზით წავედი, აქ იქსი უნდა იყოს! - არ შეეპუა ჩემი მეგობარი და ფურცელზე დაწერილი ამოცანა დაანახვა.

- რა უნდა აქ იქსს, ამ გზით შენ დასახულ ამოცანას ვერ გადაჭრი! - აყვირდა პროფესორი.

- გადავჭრი!!!

მოკლედ, იქ ისეთი  ჩხუბი გაიმართა იქსებზე, იგრეკებსა და პითაგორაზე, პარლამენტი მიმიქარავს! მეც, რა თქმა უნდა, მეგობარს დავუჭირე მხარი, როგორც შემეძლო, მათემატიკოსის სახე მივიღე და დავიყვირე:

- ბატონო პროფესორო, იქსი უნდა აქ, იქსი!

ნოდარ ბ-ძე, თბილისი

KvirisPalitra.Geპენსია საიქიოში

მოგეხსენებათ, პენსიების თემა ყოველთვის მტკივნეული იყო ჩვენს ქვეყანაში. მართალია, დღეს აღარ იყინება და აღარ აგვიანებს, მაგრამ ახლა სხვა, ,,ცივილიზებული" პრობლემები გაჩნდა, მაგალითად, პენსიის ადრესატამდე მიტანა. ადრე ფოსტალიონები არიგებდნენ, მერე თვითონ პენსიონერები დადიოდნენ სოფლის საკრებულოებში, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და გაჩნდა ბარათები და ბანკომატები. სამწუხაროდ, პენსიონერთა უმრავლესობამ ბანკომატები ვერ "დაამუღამა, ამიტომ ბანკის მანქანა თავად დადის სოფელში, ბანკომატს კი ლამაზი გოგო-ბიჭები დაჰყვებიან და ბებიებს და ბაბუებს ბანკომატიდან ფულს დაუზარებლად აძლევენ.

ასე ხდება ჩემს სოფელშიც. ამას წინათ მანქანამ ცოტა დააგვიანა. სოფლის ცენტრში ბევრმა პენსიონერმა მოიყარა თავი. როგორც იქნა, მანქანა გამოჩნდა და ცენტრს წრე დაარტყა. ხალხი წამოიშალა და მანქანისკენ დაიძრა. რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა, პირველს აეღო ფული. ბანკის თანამშრომლებმა "საფრთხე" იგრძნეს და არ გაჩერდნენ. ხალხი მანქანას დაედევნა. ცენტრს რომ გასცდნენ და სოფლის ეკლესიის (რომელიც სასაფლაოს ეზოში იდგა) შესახვევში შეუხვიეს, მაშინ იყვირა ვიღაცამ:

- არ აჩერებენ? სად მიჰყავთ ეს მანქანა, ნეტავი?!

იქვე სოფლის კოლორიტი მურმანა ბ-ძე იდგა და პასუხმაც არ დააყოვნა:

- სად მიდის და იციან მაგათ, მაინც მაქეთ რომ ხართ წასასვლელი და მიყავხართ თქვენი ფეხით...

გურამი ბ-ძე. ბაღდათი