წერილი ბარაქ ობამას - კვირის პალიტრა

წერილი ბარაქ ობამას

გამარჯობა, ბატონო ბარაქ! კარგა ხანია, წერილი არ მოგვიწერია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. უბრალოდ, აღმშენებლობით ისე ვართ დაკავებული, ამისთვის არ გვეცალა. გაიგებდი, ალბათ, ჩვენთან სამი მილიონი ტურისტი რომ შემოვიდა. მართალია, ეს ჯერ "ფეისბუქის" გვერდზე მოხდა, მაგრამ იმედია, ისინი მალე მართლა ჩამოვლენ. "ფეისბუქზე" გამახსენდა, ბარაქ. დღეს ამერიკულ საიტებს ვათვალიერებდი ეკონომიკაზე და ძალიან გავოცდი - ნახევარზე მეტი ტენდერი რესპუბლიკური პარტიის წევრებს აქვთ მოგებული. რას ჰგავს ეს! მიშა ხომ იყო მანდ ცოტა ხნის წინ ჩამოსული, იმედი მაქვს, აგიხსნიდა, როგორ უნდა მოიქცე. თუ დაუჯერებ, კარგი, თუ არა და, შენი წუწუნი არ გავიგონო მერე, არჩევნები რატომ წავაგეო. კიდევ ერთი, დაგიჩემებია - მთელ ამერიკაში უმუშევრობა უნდა გავაქრო და ამაში მილიარდები ჩავდოო!

მაოცებ, რა, ბარაქ! არ გამქრალა ჩვენთან უმუშევრობა, მაგრამ ისე მშვენივრად აძლევენ მთავრობას ხმას, როგორც დაგიბარებია. ახლა ერთი რჩევა მინდა მოგცე. ვიცი, რომ ვენესუელა და მისი პრეზიდენტი უგო ჩავესი ამერიკას ემტერება. ჰოდა, ბარაქ ბატონო, დაიჭირე შენი ფოტოგრაფი, ვენესუელის აგენტობა დააბრალე, მერე ერთი-ორი რესპუბლიკელიც მიაყოლე ზედ იმავე ბრალდებით, მერე რომელიმე მიტინგი დაშალე, მერე ტელევიზიებსა და გაზეთებში, რომლებიც შენი კრიტიკით გამოირჩევიან, საგადასახადო შეუშვი და შედეგს დაელოდე. თუ ამერიკაში შენს საწინააღმდეგოდ ვინმეს ბუსუნი გაიგონე, რაც გინდა, ის მიქენი. რაც შეეხება ბიზნესს, ბილ გეითსი რომ გყავს მანდ, სრულიად გაუაზრებლად უპატრონო ბავშვებს და მსგავს სისულელეებს რომ ურიცხავს ფულს, შეაშინე და დააფინანსებინე არჩევნები; სხვა ბიზნესმენებსაც იგივე უქენი და ფასებიც შენ დააწესე. რომ მისჩერებიხართ მთელი ამერიკის ბიზნესი, რა ღირს ბარელი ნავთობი მსოფლიო ბირჟაზე, ბოდიში და, ფეხებზე არ გკიდია? დაადე 20 დოლარი ლიტრას და მოგებული ფულით ხან კონცერტი ჩაატარე, ხან არჩევნებზე დახარჯე და ხან სადაც საჭირო იქნეს, იქ გამოიყენე.

ეს რაც შეეხება არჩევნებს. ახლა ჩვენს ოპოზიციაზე უნდა მოგიყვე და გაცინო. გუბაზი რომაა, სანიკიძე, მაგან ჩაატარა ცოტა ხნის წინ ქართველთა მარში, მაგრამ მენდელსონის საქორწინო მარში უფრო იყო - გუბაზის ახლო მეგობრები და ნათესავები იყვნენ მარტო დაპატიჟებული. სხვა ოპოზიციურ პარტიებს რაც შეეხება, ერთი ჩვენებური სიმღერის მისამღერი რომ გავიხსენოთ: "ახლა მოდაშია ჩურჩულებიო", ზუსტად ასე არიან - თავისთვის დადიან, ხან ერთ არხზე ჩურჩულებენ, ხან - მეორეზე. იმ ამბავს გაიგებდი, ალბათ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პუტინი რომ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად. მაგათზე ნაკლები რითი ვართ, ჩვენც მასე ვიზამთ, ოღონდ, პირიქით. ისე, ჩვენში დარჩეს და მეორე ვადაც რომ გაგივა, შენც იგივე ქენი - გახდი სახელმწიფო მდივანი და ვინმე შენი მარიონეტი გაუშვი დროებით პრეზიდენტად.

მართლა, ბარაქ, სულ დამავიწყდა: დენზე მიაბი ნაგავი, ფანჯრების გამოცვლაზე თანხა დააწესე, მიცვალებული ორ დღეზე მეტხანს არ გააჩერებინო ოჯახში ხალხს და "მარშრუტკების" ბიზნესი ნიუ-იორკის მერს მიეცი. რატომო, შემეკითხები გაოცებული. გეტყვი - ამ საქმეებში რომ მაყუთი იჭრება, იშვიათად, ბიზნესში ამდენი ფული იშოვებოდეს (ჰო, წიგნების აფთიაქში გაყიდვა არ დაგავიწყდეს კიდევ)! სხვა რა მოგწერო? დემოკრატია რომ არის ჩვენთან და ხალხი ბედნიერი რომაა, ეგ გეცოდინება, "რუსთავი 2"-ს შენც უყურებ, იმედია. ვიცი, დაგაინტერესებს, ის დაბალი, ულვაშიანი კაცი ვინ იყო, პარლამენტში რომ წაუთაქესო. ეგ პეტრეა, მამრაძე, ხოლო ვინც წაუთაქა, ის კაკოა, ბობოხიძე. შენ გგონია, გულით იჩხუბეს მაგათ? არა, ბარაქ, ასე გულუბრყვილო ნუ იქნები - არჩევნები მოდის და კაკოს უნდა შეეხსენებინა პრეზიდენტისთვის, როგორი მებრძოლია და ერთგული; რაც შეეხება პეტრეს, ის და ნოღაიდელი ცოტა მივიწყებული ჰყავდა ხალხს და ერთი წათაქება, შენც დამეთანხმები, ღირს გახსენებად.

ისე, საყვედურიც უნდა გითხრათ, - ამ ბოლო დროს გზების დაგებას ზოგიერთ მონაკვეთზე თქვენ თვითონ თავობთ, მერე და, რა გამოდის? გზა კია კარგი, მაგრამ ფული? შე მამაცხონებულო, სიტყვაზე, 15 მილიონი თუ უნდა გზის რაღაც მონაკვეთის დაგებას, ბიუჯეტს ზუსტად 15 მილიონზე რატომ წერ? დაწერე ბიუჯეტში 20 მილიონი, შენი რა მიდის? გაითვალისწინე ეს და რომ ჩამოვლენ ის ამერიკელები, საყვედური უთხარი.

აბა, უნდა დაგემშვიდობო ახლა, ბატონო ბარაქ. დაგიკავშირდებიან ჩვენები ამ დღეებში არჩევნებთან დაკავშირებით და სააკაშვილის მესამე ვადით ქვეყნის სათავეში მოსვლა საქართველოს დემოკრატიზაციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი რომაა, ეს როგორ უნდა თქვა დამაჯერებლად, იმას გასწავლიან. აბა, შენ იცი! ბუში მომიკითხე. გვენატრება შენნაირი პრეზიდენტი-თქო, უთხარი. კარგად!