ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ასეთი არაფერი მინახავს

ეს ამბავი 90-იან წლებში მოხდა. ალბათ, გემახსოვრებათ დრო, როცა ქვეყანაში სიგარეტი არ იშოვებოდა. "პრიმა" და "ასტრა" თუ გედო ჯიბეში, მაგარი ბიჭი იყავი. სწორედ ამ პერიოდში კახეთის ერთ-ერთ სოფელში ღრმად მოხუცებული ნათესავის დაკრძალვაზე მოგვიხდა ჩასვლა. რა თქმა უნდა, სიგარეტი მომარაგებული გვქონდა. უკან რომ ვბრუნდებოდით ("რაფის" სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდით), ერთ-ერთ ორღობეში ათიოდე კახელის ხელჩართულ ჩხუბს შევესწარით. როგორც კი მანქანა დაინახეს, ჩხუბს თავი ანებეს და ჩვენკენ წამოვიდნენ. ძალიან შეგვეშინდა - ცუდი დრო იყო და ვიფიქრეთ, ალბათ, მანქანას წაგვართმევენო, მაგრამ მოვიდნენ და სიგარეტი გვთხოვეს. რა თქმა უნდა, მივაწოდეთ. ათივემ მოუკიდა, იქვე ჩამოსხდნენ და გამოგვკითხეს, საიდან ვიყავით, რატომ ჩამოვედით... მოწევა რომ დაამთავრეს, ერთმა დაიძახა:

- აბა, გეყოფათ "პერეკური", ადექით!

ადგნენ და ისევ გააგრძელეს ჩხუბი.

გურამ ბ-ძე. ქუთაისი

KvirisPalitra.Geცხენი და კაჭკა

სოფელში ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი - დემური და ლილი მარტო ცხოვრობს, შვილები ქალაქში ჰყავთ. ზამთრის ერთ საღამოს ბუხართან ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.

ლილიმ დემურს შესთავაზა:

- მოდი, ამ გაზაფხულზე ცხენი და კაჭკა ვიყიდოთ, სამუშაოზე გამოგვადგება.

- კარგია, - დაეთანხმა ქმარი, - ყანაში წავალთ, სიმინდს და ჩალას მოვიტანთ, მერე ტყეში წავალ და შეშას ჩამოვიტან...

- ჩემს სახლშიც ხომ წამიყვან? - გაუღიმა ლილიმ.

ამის თქმა იყო და დემურის გინება მეზობლებმა გავიგეთ:

- რა შენს სახლში, ქალო! დაღლილი და გაოფლილი ცხენი სადღა წავა?!

ზვიად ცაგარეიშვილი, თბილისი