ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

თქვენს ნაკვალევს ხომ არ წავშლიდი?

ეს ამბავი კომუნისტების დროს მოხდა. ნოდარ ბ-ძე ერთ-ერთი კომბინატის საწყობის გამგედ მუშაობდა. ერთხელ კომბინატის დირექტორი საწყობის შესამოწმებლად მივიდა და ნოდარს ანტისანიტარიის გამო უსაყვედურა. გამოსვლისას კართან დაგდებული ტომარა დაინახა, ფეხი დაადგა და იღრიალა:

- ეს რაღაა?! ამის გადაგდება ძალიან ძნელია, არა?

- ყველაფერს დავასუფთავებთ, ბატონო, - თავი ჩაღუნა ნოდარმა. გავიდა რამდენიმე დღე. დირექტორი ისევ მივიდა საწყობში. რა თქმა უნდა, ყველაფერი უცვლელად დახვდა. გარეთ გამოსულმა კართან ისევ ის ტომარა დაინახა:

- აჰა, ეს მაინც რატომ არ გადააგდე?! - ჰკითხა შეშინებულ ხელქვეითს.

- როგორ გადავაგდებდი, ბატონო, მაგ ტომარაზე თქვენი ნაკვალევი დარჩა... - თავი იმართლა საწყობის გამგემ.

დათო ლომიძე. ქუთაისი.

KvirisPalitra.Geგაგდებული ინვესტორი

ეს კურიოზი ერთ ჩემს მეგობარს, გიას შეემთხვა ამ რამდენიმე თვის წინ. დიდუბეში კომერციული ფართი აქვს და გაქირავება გადაწყვიტა, თუმცა იმდენად ძვირი დააფასა, რომ კლიენტის მოძებნა გაუჭირდა, არადა, ფასს არაფრით უკლებდა. ერთ დღეს ტელეფონზე საოცნებო ზარი გაისმა. კლიენტი ფართის დათვალიერებას ითხოვდა. გიამ სიხარულით აუხსნა ადგილმდებარეობა. თავად ცოტა ადრე წავიდა, რაღაცები მიალაგ-მოალაგა და დათქმულ დროს დაელოდა. სანამ კლიენტი მოვიდოდა, შენობაში სუსტი აღნაგობის, დახეულჯინსიანი ჩინელი შევიდა და ჩინურად რაღაც ჰკითხა. გიამ, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაიგო და თავაზიანად მიაცილა კარამდე. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩინელი ისევ შემოვიდა. ამჯერად ფართის მფლობელმა უხეშად მიუთითა კარისკენ. ამასობაში კლიენტიც მოვიდა, ფართი მოეწონა და ფასზეც დასთანხმდა. ყველაფერზე მოილაპარაკეს და ჩინელიც შემოვიდა. გიამ ვეღარ მოითმინა, ამან ხომ გამიჭირა საქმეო, იყვირა, საწყალ ჩინელს ქეჩოში ხელი ჩაავლო და პანღურის კვრით გარეთ გამოაგდო. ეს ისე სწრაფად გააკეთა, კლიენტმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო, შემობრუნებულ გიას კი გულდაწყვეტილმა უთხრა:

- ეს რა ქენით? მე თარჯიმანი ვარ, ჩინელი კი სწორედ ის იყო, ვისაც ამ ფართის დაქირავება და მაღაზიის გახსნა უნდოდა.

რა თქმა უნდა, გარიგება ჩაიშალა.

ნოდარ ერაძე. თბილისი.